ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პელოსი: "კაპიტოლიუმზე თავდასხმას სპეციალური კომისია გამოიძიებს"


წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი აცხადებს, რომ კონგრესი დამოუკიდებელ კომისიას შექმნის იმისთვის, რომ კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის საკითხი გამოიძიოს. მისი თქმით, ეს 11 სექტემბრის ტერაქტის საგამოძიებო კომისიის მსგავსი კომისია იქნება.

პელოსი ამბობს, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა "შიდა ტერორიზმის" ფაქტი იყო, რომლის მიზანიც ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის ხელის შეშლა იყო: "ნათელია, რომ უნდა დავადგინოთ სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი". კომისია კი სწორედ ამ თავდასხმასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და მიზეზებს გამოიკვლევს. დემოკრატი კოლეგებისათვის მიწერილ წერილში პელოსიმ განმარტა, რომ პალატა კაპიტოლიუმის დაცვისა და უსაფრთხოების ხარჯების გაზრდაზეც იზრუნებს.

მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის მეორე სასამართლოშიც გაამართლეს, საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. საგამოძიებო პროცესისთვის საჭირო მოსმენები თვის ბოლოსთვის ჩანიშნულია სენატშიც.

ორივე პარტიის წარმომადგენელი კანონმდებლები გასული დღეების განმავლობაში ჟურნალისტებთან ამბობდნენ, რომ მეტი გამოძიებაა მოსალოდნელი. შაბათს, სენატის მიერ გამოტანილი ვერდიქტით, 57 ხმით, 43 ხმის წინააღმდეგ, სენატორებმა ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ამბოხის წაქეზებაში უდანაშაულოდ მიიჩნიეს.

"საჭიროა სრულყოფილი გამოძიება იმისა, რაც მოხდა", - თქვა ლუიზიანის სენატორმა ბილ კასიდიმ, ერთ-ერთმა იმ რესპუბლიკელთაგანმა, ვინც ტრამპის წინააღმდეგ მისცა ხმა. "რა იყო ცნობილი, ვინ იცოდა და ა.შ. რადგან ეს ყველაფერი შექმნის საფუძველს, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს", - ამბობს სენატორი და განმარტავს, რომ ის ცდილობდა, პრეზიდენტის ანგარიშვალდებულებისთვის დაეჭირა მხარი და თუკი მეტი ამერიკელი მეტი ფაქტის შესახებ შეიტყობს, ისინიც მის მსგავსად იფიქრებენ. თუმცა ამჟამად, კასიდის ნაბიჯს მისი პარტია გმობს.

11 სექტემბრის ტერაქტის საგამოძიებო კომისიის მსგავსი კომისიის შექმნას სავარაუდოდ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შექმნა დასჭირდება. ამით გამოძიება უფრო მაღალ საფეხურზე წარიმართება და მისი დასკვნების მიმართ მეტი სამთავრობო რეაგირების მოლოდინი და ვალდებულება გაჩნდება. თუმცა, მეორე მხრივ, ამან შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმავოს მხარეებს შორის არსებული დაპირისპირება მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი "ჭრილობების მოშუშებასა" და ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG