ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში შემოსავლებს შორის სხვაობამ რეკორდულ დონეს მიაღწია


აშშ-ში შემოსავლებს შორის სხვაობამ რეკორდულ დონეს მიაღწია
აშშ-ში შემოსავლებს შორის სხვაობამ რეკორდულ დონეს მიაღწია

შეერთებული შტატების მოსახლეობის აღწერის ბიუროს მიერ ახლახანს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად უმდიდრესი და უღარიბესი ამერიკელების შემოსავლებს შორის სხვაობამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი პიტერ ფედინსკი ნიუ იორკიდან იუწყება, ხსენებული მონაცემების გამოქვეყნებამ შეაშფოთა სოციალური დაცვის სფეროში დასაქმებული მუშაკები, რომლებსაც ადარდებთ ის, თუ რა უარყოფით გავლენას მოახდენს შემოსავლებს შორის ესოდენ დიდი სხვაობა ამერიკულ საზოგადოებაზე.

„როგორ გამდიდრდით?“ ასეა დასათაურებული პოპულარული სატელევიზიო პროგრამა, რომლის წამყვანია ამერიკელი კომედიანტი ჯოან რივერსი. რივერსი მაყურებლებს უჩვენებს იმას თუ როგორ შეიძინეს მდიდარმა ამერიკელებმა თავიანთი სიმდიდრე და როგორ ხარჯავენ მას ისინი.

ჯოან რივერსის თქმით, „ყველა ვისაც მე ინტერვიუ ჩამოვართვი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ისინი თავს არ იცოდებენ და ეკონომიკურ რეცესიას ყველაფერს არ აბრალებენ.“

მაგრამ სატელევიზიო პროგრამა სახელწოდებით „როგორ გაღატაკდით?“ ჯერ არ არსებობს. სამაგიეროდ ამ კითხვაზე პასუხს სტატისტიკური მონაცემები იძლევა.

შეერთებული შტატების მოსახლეობის აღწერის ბიუროს მონაცემების თანახმად სიღარიბეში მყოფ ამერიკელთა რიცხვმა 50 წელზე მეტი ხნის პერიოდში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. იმავდროულად აღწერის ბიუროს ცნობით, ბოლო წლების მანძილზე მდიდრებსა და ღარიბებს შორის საშემოსავლო სხვაობა განუხრელად იზრდება. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ამ მაჩვენებელმა რეკორდულ დონეს მიაღწია.

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ღარიბთა რიცხვის ზრდა რეცესიას უკავშირდება. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლისა და ეკონომიკური სამართლიანობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ჰენრი ფრიდმანი აღნიშნავს, რომ რეცესიის კიდევ ერთ სავალალო შედეგს საშუალო კლასის შემცირება წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით ფრიდმანმა აღნიშნა:

„იმ სამუშაო ადგილების შემცირება, რომლებსაც ხალხი ადრე ქარხნებში ეძებდა, ახლა თითქმის არ ხდება რადგან ჩვენ ქარხნებიც აღარ დაგვრჩა. ხოლო ადმინისტრაციული პოზიციები ან განვითარებად ქვეყნებში გადადის, სადაც ხელფასების დონე დაბალია, ან მის ფუნქციას ახალი ტექნიკა ასრულებს, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურია. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ ხალხს სამუშაოსთვის მათზე დაბლა მდგომ პირებთან პაექრობა უხდებათ.“

ნიუ იორკის უნივერსიტეტის სოციალური უზრუნველყოფის ასოცირებული პროფესორი რობერტ ჰოკინსი აღნიშნავს, რომ ღარიბ უბნებში ხალხი იმ ფუნდამენტურ შესაძლებლობებსაც არ ფლობს, რომლითაც მდიდრები თავისუფლად სარგებლობენ.

„სახეზეა სიტუაცია, როცა იქ მცხოვრებ ხალხს შესაძლებლობები არც ადრე გააჩნდა და არც ახლა აქვთ. ამდენად თუ ამ პირებს განათლების მიღება არ ძალუძთ, მაშინ ისინი ვერც სამუშაოს ნახავენ,“ აღნიშნა რობერტ ჰოკინსმა.

მისი თქმით, სიღარიბეში მყოფი პირები ღარიბ მეგობრებთან ან მეზობლებთან ახალ საშუალებებს ვერ მონახავენ რადგან არც მათ გააჩნიათ რაიმე შესაძლებლობები. მაშასადამე სიღარიბე ბოროტ ციკლს ბადებს, რომელშიც გამეფებულია კრიმინალური საქმიანობა, მოზარდდთა ფეხმძიმობა, ქრონიკული დაავადებები და ადრეული სიკვდილიანობა.

ჰენრი ფრიდმანი აღნიშნავს, რომ ამერიკელების შემოსავლებს შორის მზარდი სხვაობის შედეგად ამერიკული საზოგადოება შეიძლება ორ ფენად გაიყოს, რომელიც თავის მხრივ მოქალაქეებს შორის სამოქალაქო ერთობის შეგრძნებას გააქარწყლებს.

„ის ხალხი, ვისაც უჭირს და მხოლოდ გადარჩენაზეა გადასული, ერთის მხრივ, დემაგოგიურ გამოხტომებზე ადვილად წამოეგება, მაგრამ, მეორეს მხრივ, ის პირები, ვისაც დიდძალი რესურსები გააჩნიათ, დანარჩენი საზოგადოებისგან გამოყოფას ცდილობენ და არა მასში მონაწილეობას,“ აღნიშნა ჰოკინსმა.

ჰოკინსს მიაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ღარიბი ხალხის პირობების გასაუმჯობესებლად აუცილებელია განათლებისა და ჯანდაცვის საკითხების მოწესრიგება. ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში მდიდრებმა ისევე როგორც ღარიბებმა უფრო მეტი დანახარჯები უნდა გაიღონ რადგან სამუშაო ადგილების შექმნას მხოლოდ მიმოქცევაში არსებული ფული უწყობს ხელს. მაგრამ აქ კი მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ღარიბებს დასახარჯი არაფერი აქვთ, ხოლო მდიდრებს გლობალური რეცესიით გამოწვეული ეკონომიკური გაურკვევლობა აკავებს.

XS
SM
MD
LG