ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში საკადრო წმენდა გრძელდება


კორუფციის საქმის გამოძიების შემდეგ თურქეთში პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები გამწვავდა

თურქეთში სამსახურებიდან ასობით პოლიციელი დაითხოვეს. პოლიციელთა და პროკურორების რიგებში საკადრო წმენდა ბოლო ნაბიჯია რომელიც კორუფციის საქმის გამოძიებას მოჰყვა, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც არიან გარეული.

თურქეთის დედაქალაქ, ანკარაში პოლიციის 350 თანამშრომელი ან სამსახურიდან დაითხოვეს, ან აიძულეს საკუთარი ნებით წასულიყვნენ თანამდებობებიდან. ბრძანებულება გვიან ღამით ხელისუფლებამ გამოსცა. ანკარას მეზობელი ქალაქებიდან ასობით ოფიცერი დედაქალაქის პოლიციაში გათავისუფლებული პოსტების დასაკავებლად გადაიყვანეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება კორუფციის საქმის გამოძიებას მოჰყვა, სადაც თურქეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სახელებიც ფიგურირებს. საქმე ეხება დიდი სამშენებლო პროექტების ტენდერების ფალსიფიცირებას და მეზობელი ირანიდან თანხების გათეთრების ოპერაციებს. ასევე პოსტი დატოვა თურქეთის მინისტრთა კაბინეტის სამმა წევრმა, რადგან კორუფციის ბრალდებით მათი შვილები დააკავეს.

თუმცა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გამოძიებას ბინძური საქმე და საერთაშორისო შეთქმულება უწოდა, რომლის მიზანი ხელისუფლების დამხობაა. სტამბოლის პოლიტიკურ ფორუმზე მყოფი პოლიტიკური ექსპერტი ჩინგიზ აქტარი მოსალოდნელ ღრმა პოლიტიკურ კრიზისზე მიანიშნებს, რომელიც მისი აზრით, ქვეყნის სტაბილურობას შეუქმნის პრობლემებს.

მისი განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყანაში სასამართლო სისტემა საკვანძო რგოლს წარმოადგენს, თუმცა თურქეთში სასამართლო სერიოზულ ქაოსშია.

პოლიციის ასობით თანამშრომელი და პროკურორი თანამდებობებიდან უკვე გაათავისუფლეს, საკადრო წმენდაში მანამდე სტამბოლის პოლიციის უფროსიც მოყვა. თუმცა ახლა განხორციელებული საკადრო ცვლილებები იმ ოფიცრებს შეეხო, რომლებიც ბრალდებების თანახმად კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდნენ, მათ შორის ფინანსური პოლიციის უფროსიც მოხვდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები კორუფციის საქმესთან მიმართებაში ფატულა გულენის ხელმძღვანელობით მოქმედ ისლამისტური დაჯგუფების მომხრეების კავშირზე საუბრობენ. გულენი , თურქეთის ისლამისტური მთავრობის ყოფილი მხარდამჭერი იყო, თუმცა საკუთარი სურვილით ქვეყანა დატოვა და ახლა შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. ის კორუფციის საქმის გამოძიების პროცესში ჩართული არ არის და ამ საქმესთან ყოველნაირ კავშირს უარყოფს.

თურქული გაზეთის „მილიეთის“ პოლიტიკური ანალიტიკოსი, ალი აუდისტანბასი ამბობს, რომ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რას გულისხმობს ხელისუფლება შეთქმულების შესახებ განცხადების უკან.

ეჭვგარეშეა, რომ ეს არის გულენის მომხრეებსა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის დაპირისპირების ნაწილი. გულენის თანამოაზრეები გარკვეულ გავლენას ფლობენ სასამართლო სისტემაზე და პოლიციაში. რას საქმიანობენ მისი მომხრეები, იღებენ თუ არა დირექტივებს პენსილვანიის შტატში მცხოვრები ფატულა გულენისგან? თუ ეს მხოლოდ ემოციურ დონეზე სულიერი მოკავშირეობაა? - ამბობს აუდისტანბასი.

მოსალოდნელია რომ გულენის მომხრეთა მიმართ მომავალში კიდევ უფრო დიდი საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. მმართველი პარტიის თავჯდომარის მოადგილემ სოციალურ ქსელში „ტვიტერში“ განაცხადა, რომ გულენს 2000-მდე მხარდამჭერი ჰყავს არა მხოლოდ სასამართლო და პოლიციურ სტრუქტურებში, არამედ მასმედიის წარმომადგენლებშიც, ბიზნესმენებში და აკადემიკოსებში. თუმცა შემდგომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასეთი სიის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.

პოლიტოლოგი ჩინგიზ აქტარი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობა ახლა ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშეა.

ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კრიზისია ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში. რადგან არსებული რეჟიმის ყველაზე საკვანძო ინსტიტუციებს ეხება და არავინ იცის თუ რა შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს,აცხადებს აქტარი.

პოლიციისა და პროკურატურის რიგებში მასობრივი საკადრო წმენდა როგორც ჩანს კორუფციის საქმეზე დაწყებული საქმის გამოძიებას დროებით უკანა პლანზე გადაწევს. თუმცა პოლიტიკური მიმომხილველი აუდინტასბასი ამბობს, რომ ხელისუფლება ბრალდებების ჭაობში რჩება და ამის სხვა ინფორმაციით გადაფარვა სჭირდება. ის ამბობს რომ ერდოღანი თავდაცვას მომავალი არჩევნების დროს შეეცდება.

აიდუნტასბასის განცხადებით, ეს ბრალდებები საკმაოდ სერიოზულია და მათი იგნორირება შეუძლებელია და საბოლოოდ მარტში ამომრჩევლები თავიანთ არჩევანს ადგილობრივი არჩევნების დროს გააკეთებენ. ეს იქნება ერთგვარი რეფერენდუმი ერდოღანისთვის და მისი ხელისუფლებისთვის. ეს არჩევნები ადგილობრივი არჩევნების შედეგების გარდა ერდოღანის პოლიტიკურ მომავალსაც განსაზღვრავს.

მიმომხილველები ამბობენ, რომ ერდოღანი შეგნებით ხვდება იმას, თუ რა შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს, რაც თურქეთში არსებული ოპოზიციის ქმედითუუნარობის შედეგიც არის. თუმცა კორუფციის საქმის გამოძიება ეკონომიკურ მდგომარეობას გარკვეულ ზიანს აყენებს. თურქული ვალუტის კურსი ამ კვირას რეკორდულად დაეცა. ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია საზოგადოება საბოლოოდ ვის დაადანაშაულებს შექმნილი კრიზისის და მისი შედეგების გამო.
XS
SM
MD
LG