ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კანონმდებლები ბიუჯეტის შექმნაზე მუშაობენ


us congress
us congress

შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის შესაძლო დახურვამდე ერთ კვირაზე ნაკლები დარჩა. პრეზიდენტი ბარაკ ობამა და დემოკრატი კანონმდებლები გახლეჩილ რესპუბლიკურ პარტიასთან ინტენსიურად მუშაობენ რათა მიღწეულ იქნას გარიგება 2011 წლის ფედერალური ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით. მიმდინარე მწვავე დებატებში ნათლად აისახა მთავრობის როლთან დაკავშირებული იდეოლოგიური ნაპრალი, რაც, როგორც წესი პარტიული კუთვნილებით განისაზღვრება. ამას გარდა მწვავე დებატების საგანი გახდა ის თუ რა ზომების მიღება არის საჭირო ფედერალური ბიუჯეტის მზარდი დეფიციტის დასაძლევად. ახლადარჩეული რესპუბლიკელი კანონმდებლები, კონსერვატიული „ჩაის სმის მოძრაობის“ წევრების ჩათვლით, სახელმწიფო დანახარჯების მნიშვნელოვან შემცირებას ითხოვენ. ამის საპირისპიროდ, დემოკრატები უფრო მოზომილ მიდგომას ემხრობიან. ამერიკის ხმის კორესპონდენტმა ჯეფ სვაიკორდმა ინტერვიუ ჩამოართვა ორ ახლადარჩეულ კონგრესის წევრს - დემოკრატს და რესპუბლიკელს - რომლებიც ამერიკის ერთმანეთისგან განსხვავებულ რეგიონებს წარმოადგენენ და რომლებსაც ეროვნული ბიუჯეტის კრიზისის დაძლევისთვის ერთმანეთის საწინააღმდეგო შეხედულებები გააჩნიათ.

კაპიტოლიუმის მახლობლად „ჩაის სმის მოძრაობის“ ხმაურიანი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა. დემონსტრანტები რესპუბლიკელი კანონმდებლებისგან ითხოვენ, რომ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მიზნით 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დანახარჯების შემცირების შემოთავაზებასთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავიდნენ. ფედერალური მთავრობის ნაწილობრივ დახურვამდე ერთ კვირაზე ნაკლებიღა დარჩა და კანონმდებლები მთავრობის როლსა და გავლენასთან დაკავშირებულ მწვავე იდეოლოგიურ დაპირისპირებაში არიან ჩათულნი. ახალბედა რესპუბლიკელი კანონმდებლები წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ჯონ ბეინერზე ზეწოლას ახდენენ, რათა იგი კომპრომისზე არ წავიდეს.

„როგორც მოგეხსენებათ, მე არასდროს მჯეროდა, რომ მთავრობის დახურვა ჩვენს მიზანს წარმოადგენდა. მთავარი მიზანია დანახარჯების შემცირება რადგან ეს ზომა გაურკვევლობას ამცირებს და ჩვენს ეკონომიკას შველის,“ განაცხადა ბეინერმა.

თვეების მანძილზე გამართული გაუთავებელი მოლაპარაკებების შემდეგ დეფიციტის შემცირებასა და ეკონომიკის გამოცოცხლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გარიგება დღემდე არ შემუშავებულა.

დემოკრატი კონგრესმენი მიჩიგანის შტატიდან ჰანსენ კლარკი ქალაქ დეტროიტის იმ ნაწილის ამომრჩევლებს წარმოადგენს, ვინც ავტომანქანების ინდუსტრიის დაღმავლობისა და ეკონომიკური რეცესიისგან მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.

რესპუბლიკელი კონგრესმენი პოლ გოსარი ინდივიდუალიზმითა და კონსერვატიული ფასეულობებით ცნობილ არიზონას შტატს წარმოადგენს. გოსარს მიაჩნია, რომ ფედერალური მთავრობის როლი შეზღუდული უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით გოსარმა კერძოდ აღნიშნა:

„მთავრობამ უნდა უზრუნველყოს თანაბარი პირობები რათა ეკონომიკური კეთილდღეობის შესაძლებლობა ყველას მიეცეს. მთავრობა გამარჯვებულებსა და წაგებულებს არ უნდა ირჩევდეს.“

დემოკრატ ჰანსენ კლარკის საარჩევნო უბნის მოსახლეობას ეკონომიკურად უჭირს და შესაბამისად იგი ფედერალური მთავრობის მიერ სამუშაოს შოვნასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას ემხრობა.

„ვფიქრობ მთავრობის არსებობის ერთადერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველანი, ამერიკელი გადასახადების გადამხდელები, სახსრებს ვაგროვებთ რათა ისინი შემდგომში ჩვენ თვითონვე მოვიხმაროთ. ამდენად მთავრობა საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს და საზოგადოებისთვის საერთო სარგებელი მოჰქონდეს,“ აღნიშნავს ჰანსენ კლარკი.

კლარკის აზრით, ფედერალური მთავრობის ბიუჯეტის ამჟამინდელი დეფიციტი გასული ათწლეულის მანძილზე ჩატარებულმა არაკეთილგონივრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ, საგადასახადო შეღავათების დაწესების ორმა შემთხვევამ და ერაყსა და ავღანეთში მძვინვარე ომებმა გამოიწვიეს. კლარკს მიაჩნია, რომ რესპუბლიკელების მიერ შემოთავაზებული ფედერალური პროგრამების მნიშვნელოვანი შეკვეცა მდგომარეობას ვერ გამოასწორებს.

რესპუბლიკელთა კონტროლის ქვეშ მყოფმა წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ფედერალური მთავრობის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც წელს დანახარჯების 61 მილიარდი დოლარით შემცირებას ითვალისწინებს, მაგრამ დემოკრატების უმრავლესობამ სენატში წარმომადგენელთა პალატის ბიუჯეტის პროექტი უარყო. ახლა რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები და პრეზიდენტი ობამა ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ კომპრომისის მისაღწევად, რომელიც დანახარჯების 30 მილიარდი დოლარით შემცირებას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG