ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში, წილკანის დევნილთა ჩასახლებაში პანაშვიდი გრძელდება. დღეს სამძიმრისთვის იქ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა. წილკანში ოჯახის მოსანახულებლად და სანუგეშებლად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორეც ჩავიდა. „ღმერთმა აცხონოს სული ახალგარდაცვალებულისა, მონისა ღვთისა არჩილისა და დააწესოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას, ეს არის მწუხარება მთელი საქართველოსი. ნათელში იყოს მისი სული“, – ასეთი გახლდათ ილია მეორის სიტყვები.
მიხეილ ჯანელიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა წილკანში დღეს განაცხადა: „ეს არის ჩვენი კიდევ ერთი უდიდესი ტკივილი, რაც არის ოკუპაციის შედეგი. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩოები და მთელი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა დამნაშავეებმა აგონ პასუხი, ასევე დასრულდეს ოკუპაცია და ასეთი ტკივილი აღარ მიადგეს საქართველოს და ჩვენს ხალხს“.
პრეზიდენტმა გიორგი მარგელაშვილმა გუშინ გაავრცელა საინტერესო ინიციატივა, რომლის მიხედვით, ის მოუწოდებს შესაბამის უწყებებს სახელმწიფოთაშორისი სარჩელით მიემართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო.
რას გულისხმობდა პრეზიდენტი ამ წინადადების წარდგენით, ამის თაობაზე ამერიკის ხმასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა: „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს დღეს ახორციელებს რუსეთი. შესაბამისად, უფლებადარღვევის ყველა ფაქტზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, სამართლებრივად, პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ რუსეთს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია იყოს გაზიარებული და აღიარებული ისეთი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ტრიბუნის მიერ, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლო. პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და სხვა მსგავს საქმეებზე, სხვა ტრიბუნებთან ერთად, გამოვიყენოთ სტრასბურგის სასამართლო და საქართველომ, როგორც სახელმწიფომ შეიტანოს საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ.“
სახელმწიფოთაშორისო სარჩელით სტრასბურგისთვის მიმართვის ინიციატივას დღეს გამოხმაურება ხელისუფლებისგან არ მოჰყოლია. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოსგან ფაქტობრივად, სამართლებრივი ყურადღების მიღმა დარჩა დარჩა 19 წლის ახალგაზრდის, საქართველოს მოქალაქის დავით ბაშარულის ახალგორში გარდაცვალების შემთხვევა. ის 6 თვის ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს 2015 წლის იანვარში, ახალგორის მახლობლად. ხელისუფლებას ეს საქმე, ისევე როგორც ოთხოზორიას მკვლელობა სტრასბურგში არ გაუსაჩივრებია. იქ ამ დრომდე მხოლოდ ოთხოზორიას საქმეა მოხვედრილი, საიას შუამავლობით. მისი იურისტი თამარ აბაზაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მათ ღია წინადადებით მიმართეს ხელისუფლებას სტრასბურგისთვის სახელმწიფოთაშორისი სარჩელის წარდგენის შესახებ, მაგრამ მას არავინ გამოხმაურებია.
ამერიკის ხმა დეტალურად მიადევნებს თვალს საერთაშორისო სასამართლოში მსხვერპლთა საქმეების გასაჩივრების საკითხს. საია მზადაა ინდივიდუალური იურიდიული დახმარება გაუწიოს ტატუნაშვილის ოჯახს. „ტატუნაშვილის საქმეზეც, რა თქმა უნდა, არსებობს სტრასბურგისთვის მიმართვის საფუძველი. ჩვენ მზად ვართ, ზუსტად ისე, როგორც ოთხოზორიას საქმე წავიღეთ, ტატუნაშვილის საქმეც წავიღოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ჩვენ 28 თებერვალს, გავავრცელეთ ერთობლივი განცხადება და მოვუწოდეთ სახელმწიფოს, გამოიყენოს ეს საერთაშორისო მექნიზმი და მიმართოს სტრასბურგს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივრით. მას შემდეგ, არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. რა პოზიცია აქვს სახელმწიფოს, კონკრეტულად, იუსტიციის სამინისტროს, უცნობია. რამდენადაც ვიცი, არც პრეზიდენტის გუშინდელ ინიციატივას გამოხმაურებია ვინმე ხელისუფლებიდან.“
სოციალურ ქსელში სპეციალური პეტიცია ვრცელდება, რომლის თანახმადაც, მოქალაქეები მოითხოვენ თბილისში არსებულ „მოსკოვის ქუჩას“ გადაერქვას სახელი და მას არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა ეწოდოს. მსგავსი პრეცენდენტი საქართველოში უკვე არსებობს. 2008 წელს ომის დროს გორში, ეგრეთ წოდებულ კომბინატის დასახლებაში დაბომბილ ქუჩას, რომელსაც ასევე „მოსკოვის ქუჩა“ ერქვა, სახელი შეეცვალა და ის ამჟამად კაპრალ გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს. ის 2008 წლის ომის დროს წამებით მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა.
არჩილ ტატუნაშვილს ხვალ დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი წეროვანში შედგება, საიდანაც მას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გადაასვენებენ.
Facebook Forum