ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტიმონოპოლიური პოლიტიკის შეფასებით საქართველო 135 ადგილზეა


142 ქვეყნიდან კონკურენტუნარიანობის რეიტინგში პირველ ადგილზე შვეიცარია, სინგაპური და ფინეთი არიან. საქართველოს 88 ადგილი უჭირავს

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის პირველ ათეულს ჩრდილეოთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნები დომინირებს. აზიის ქვეყნებიდან კი საუკეთესო მონაცემები სინგაპურს, ჰონ კონგსა და იაპონიას აქვს.

შეერთებული შტატები კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ ეკონომიკად და დიდი უპირატესობით მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის სტატუსს ინარჩუნებს. თუმცა, უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ეკონომიკური სირთულეების გამო, გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში ამერიკა შარშანდელთან შედარებით ორი პუნტით მე-7-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.

საქართველოს წელს რეიტინში 142 ადგილიდან 88-ე უჭირავს, რაც შარშან 93-ე ადგილიდან მნიშვნელოვანი დაწინაურაბაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადმა მაჩვენებელმა მოიმატა, გარკვეულ კატეგორიებში გლობალური ეკონოიკური ფორუმი საქართველოს საკმაოდ დაბალ შეფასებას აძლევს.
კვლევა 12 მიმართულებით ჩატარდა, რომელიც მოიცავს შემდეგ სფეროებს: სახელმწიფო ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და პირველადი განათლება, უმაღლესი განათლება და პროფესიული მომზადება, სასაქონლო ბაზრის ეფექტურობა, დასაქმების ბაზარი, ფინანსური ბაზარი, ფინანსური ბაზრის განვითარება, ტექნოლოგიური მომზადება, ბაზრის ზომა, ბიზნესის დახვეწილობა და ინოვაციები.

საქართველო კვლავ ინარჩუნებს კარგ რეიტინგს სახელმწიფოს მიერ ბიზნესის დაწყების ხელშეწყობაში და სახელმწიფო რეგულაციები შემცირებაში. თუმცა, არც თუ ისე სახარბიელო ვითარებაა შემდეგ სფეროებში:

სახელმწიფო ინსტიტუტები
კორპორაციული საბჭოების ეფექტურობა - 116 ადგილი, უმცირესობათა ბიზნეს ინტერესების დაცვა 119 ადგილი, კერძო ქონების დაცვა 120 ადგილი, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა 105 ადგილი.

მაკროეკონომიკა
ეროვნული დანაზოგი - 135 ადგილი, საპროცენტო განაკვეთის განაწილება - 129 ადგილი, ინფლაცია 115 ადგილი.

ასევე მძიმე ვითარებაა უმაღლესი განათლების მხრივ, სადაც საქართველო 142 ქვეყნიდან 116-ედ ფასდება განათლების სისტემის ხარისხში.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მაჩვენებლები შიდა სასაქონლო ბაზრის რეგულირებაში ფიქსირდება, სადაც ადგილობრივი კონკურენციის მიხედვით საქართველო 128-ე, ხოლო ანტიმონოპლიოური პოლიტიკით კი 135-ე ადგილზეა.

კიდევ ერთი შემაშფოთებელი მონაცემი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხარისხისა და უცხოური საკუთრების მაჩვენებლებია 115-ე და 110-ე ადგილებით. შესაძლოა მძიმე ბიზნეს გარემო და სავარაუდოდ, დასაქმების პრობლემა ქვეყნიდან განათლებული ადამიანების გადინებას უწყობს ხელს. ამ მხრივ საქართველო 7 ქულიდან 2.9-ით შეფასდა და 142 ქვეყნიდან 102-ე ადგილი მოიპოვა.

გლობალურ ვითარებას რაც შეეხება, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უფროსი ეკონომისტი ჯენიფერ ბლანკი ამბობს, რომ შეერთებული შტატები კვლავ რჩება მსოფლიო ინოვაციების წამყვან ძალად. ამერიკას მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტები აქვს და შიდა ბაზრები კარგად მუშაობს. თუმცა, გარკვეული სისუსტეების გამო, გლობალური კონკურენტულობის მხრივ მისი რეიტინგი ჩამოქვეითდა:

„მაკრო-ეკონომიკული თვალსაზრისით შეშფოთების მიზეზები არსებობს - ვალის მზარდი მაჩვენებელი, სახელმწიფო დანახარჯების შემცირების უუნარობა და პოლიტკური უმოქმედობა ამ საკითხების გადასაწყვეტად. ეს ის ფაქტორებია, როლებიც პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ უნდობლობას იწვეს. ბიზნეს სექტორი პოლიტიკოსებს არ ენდობა და თავს იკავებს გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკური წინსვლისთვის.“

ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონი აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებია, რომელთა შორისაც ყველაზე გამორჩეული სინგაპური, ჰონ კონგი, იაპონია, ტაივანი ჩინეთი და სამხრეთ კორეაა.

ანგარიშის თანახმად, ჩინეთის გლობალური კონკურენციის რეიტინგი 26-დან 29-ზე ჩამოქვეითდა. მიუხედავად ამისა, ჩინეთი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონოიმკაა. ბრიჩის ქვეყნებში, რომელიც უმსხვილესი მზარდი ეკონომიკების ჯგუფია - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი შემადგენლობით - ბრაზილია ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის რეიტინგმაც აიწია.

ბლანკი ამბობს, რომ რთული სათქმელია, როგორ უნდა გაიზარდოს მსოფლიო ეკონომიკა იმ შემთხვეაში, თუ ინდოეთი და ჩინეთი განვითარების ტემპს ვერ შეინარჩუნებენ. მისი თქმით, ქვეყნებმა ეკონომიკური კონსოლიდირება შიდა ბაზრებიდან უნდა დაიწყონ:

„ევროპელებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ სუვერენული ვალის კრიზისის მოგვარებაზე და ხელი შეუწყონ ევროპული ქვეყნების ზრდას. მათ მოკლე-ვადიანი გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეწყვიტონ და ინვესტიციებსა და შიდა ბაზრების მოწესრიგებაზე უნდა იზრუნონ.“

ბლანკის თქმით, იგივე ეხება ჩინეთსაც და პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნებსაც.
XS
SM
MD
LG