ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო იარაღის კონტროლს ცდილობს


სავარაუდოდ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება და ორგანიზაცია სულ ცოტა 80-მილიარდიანი ინდუსტრიის კონტროლს შეძლებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

სირიაში სამოქალაქო ომის მესამე წელი იწყება. გაეროს ვარაუდით, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების მხარდამჭერ და ოპოზიციურ ძალებს შორის მსხვერპლი უკვე 70 ათასს აჭარბებს. ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია. ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის, ანტონიო გუტიერესის კვირას გაკეთებული განცხადების მიხედვით, დევნილთა რაოდენობამ მილიონს უკვე გადააჭარბა. მისი თქმით, თუკი უახლოეს თვეებში სიტუაციის ესკალაციის შეჩერება არ მოხერხდა, ერთ წელიწადში მათი რიცხვი 3 მილიონს მიაღწევს. „რა თქმა უნდა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, პოლიტიკურ შეთანმხებას მივაღწევთ თუ არა, მაგრამ მაინც დევნილთა რაოდენობის გაორმაგების და შესაძლოა გასამმაგებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“ - განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ანკარაში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

გაეროს საგანგებო კონფერენცია ნიუ იორკში, რომელიც იარაღის კონტროლის თემას ეძღვნება, სირიაში ომის დაწყების ზუსტად ორი წლისთავს ემთხვევა. ბრაიან ვუდი იარაღის კონტროლის საკითხებს ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიაში“ კურირებს.

მისი თქმით, საერთაშორისო ამნისტია უკვე რამდენი წელია მოითხოვს სირიაში იარაღის მიწოდების შეჩერებას და სრული ემბარგოს დაწესებას. იარაღის კონტროლზე საერთაშორისო შეთანხმება ცოტა ადრე რომ მიღწეულიყო, სიტუაცია ასე არ გამწვავდებოდა. თუმცა, ბრაიან ვუდის თქმით, სირია მხოლოდ ერთი მაგალითია იმის, თუ რა გავლენა აქვს იარაღით ვაჭრობას კონკრეტულ ქვეყანაზე.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დედამიწაზე 400-მდე შეიარაღებული კონფლიქტი დაფიქსირდა. ეს ძალიან ბევრია დროის ამ მცირე მონაკვეთისთვის. ამ კონფლიქტებში არ ვთვლით ხოლმე უკანონო ფორმირებების ან თავად სახელმწიფოების მიერ განხორციელებულ ძალადობას და რეპრესიებს, რომელიც დამატებით უამრავი ხალხის დაშავებას, მათზე ძალადობას და დაღუპვას იწვევს“ - აღნიშნავს ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ ხელმძღვანელი.

გაერო საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზნით ბოლოს 2012 წლის ივლისში შეიკრიბა, თუმცა მაშინ ყველა ქვეყნის დაყოლიება იარაღით ვაჭრობის შეზღუდვებზე ვერ შეძლო. ამჯერად სპეციალისტები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი და მიაჩნიათ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი ტექსტზე საკუთარ ხელმოწერას დააფიქსირებს. ბრაიან ვუდის აზრით, ოპტიმიზმი საფუძველს მოკლებული არ არის, თუმცა, სრული კონსენსუსის მიღწევამდე ჯერ კიდევ რამდენიმე გამოწვევა არსებობს, რომელთა გადალახვა აუცილებელია.

„თუკი მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა განაცხადებს, რომ მას არ მოსწონს შემუშავებელი ტექსტი, მაშინ ხელშეკრულება არ დაიდება და ის კვლავ უკან, გენერალურ ასამბლეას გადაეგზავნება“ - ამბობს ბრაიან ვუდი და დასძენს, რომ სრული თანხმობა არც იმ ქვეყნებს შორის არის, რომლებიც პრინციპში იარაღზე კონტროლის ზოგად ტექსტს ემხრობიან.

ის, თუ რამდენად შეძლებს იდეალურ ვარიანტში ხელმოწერილი დოკუმენტი იარაღით ვაჭრობის შეჩერებას, ეს კიდევ ცალკე თემაა, აღნიშნავს კეი სტერმენი ლონდონში ბაზირებული ორგანიზაციიდან „იარაღით ვაჭრობის საწინააღმდეგო კამპანია“. მისი აზრით დიდი ქვეყნები, რომლებიც იარაღის წარმოების და ვაჭრობის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, ისევ შეეცდებიან იარაღი მიჰყიდონ ქვეყნებს, რომლებშიც ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სავალალო მდგომარეობაა.

იარაღის კონტროლის ხელშეკრულება ვაჭრობის შეჩერებას ვერ შეძლებს. დომინანტი ქვეყნები - ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და გერმანია - არცერთი არ შეწყეტს იარაღის გაყიდვას... შეხედეთ საუდის არაბეთს. ის ადამიანის უფლებებს გამუდმებით არღვევს: არადემოკრატიულია, მოძალადე, ზღუდავს ქალის და ბავშვის უფლებებს, სახალხო ეგზეკუციებს აწყობს. ამის მიუხედავად დიდი ბრიტანეთი მას დიდძალ იარაღს აძლევს. საუდის არაბეთი ბრიტანული იარაღის ყველაზე დიდი გამსაღებელია“ - ამბობს კეი სტერმენი.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა ამ ბრალდებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია: „დიდი ბრიტანეთის მთავრობა ექსპორტის ლიცენზირების პასუხისმგებლობას მთელი სერიოზულობით აღიქვამს და მსოფლიოში იარაღის ექსპორტის კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციები აქვს... ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებებს ვაქცევთ“.

იარაღით ვაჭრობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია. ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ გაანგარიშებით 80-მილიარდიანი ბიზნესი 2012 წელს 100 მილიარდამდე გაიზარდა. ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ თუკი გაეროს შეთანხმება მოხდა, იარაღის ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად შეიზღუდება.
XS
SM
MD
LG