ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უჩინართა ხმა - ესმა გუმბერიძე დღეს გაეროში სიტყვით გამოვა


ესმა გუმბერიძე, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი
ესმა გუმბერიძე, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი

გაეროს გენერალური ასამბლეის, მესამე კომიტეტის სხდომაზე, ესმა გუმბერიძე საქართველოს ახალგაზრდებს წარადგენს. კომიტეტის სხდომაზე სიტყვით ის დღეს გამოვა.

ხუთი წუთის განმავლობაში, ესმა ქართველი ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს. მანამდე, ახალგაზრდა წარმომადგენელი, საკუთარი სიტყვიდან ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხს „ამერიკის ხმას“ უზიარებს.

„ძალიან ძნელია, ისაუბრო მთელი საქართველოს ახალგაზრდობის სახელით. გაქვს განცდა, რომ ვიღაცის საჭიროებას თუ არ გააჟღერებ, ის ადამიანი ისევ უჩინარი დარჩება. ამიტომ, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.“ - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი.

ესმა ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი, საქართველოში არსებული რეალობის, რეალურად წარმოჩენაა. სწორედ ამიტომ, სურვილის მიუხედავად, თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გლობალური გამოწვევების ნაცვლად, ის საკუთარ დროს მთლიანად ქართულ სინამდვილეში არსებულ პრობლემურ საკითხებს დაუთმობს.

16 წლის გრეტა, კლიმატურ ცვლილებებზე საუბრობს. ჩვენთან კი 16 წლის ბავშვი მშენებლობაზე მუშაობისას იღუპება.
ესმა გუმბერიძე


„უამრავი პრობლემა გვაქვს - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების რთული რეალობა, სახელმწიფოში არსებული სოციალური გამოწვევები. უამრავი პრობლემა არსებობს, რაზეც საუბარი აუცილებელია. ამასთან ერთად გინდა, რომ ახალ ხედვებზე, თანამედროვე გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრო. 16 წლის გრეტა, კლიმატურ ცვლილებებზე საუბრობს, ჩვენთან კი 16 წლის ბავშვი მშენებლობაზე მუშაობისას იღუპება. მაშინ, როცა ბავშვები სკოლაში განათლებას უნდა იღებდნენ, თავის სარჩენად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში სამუშაოს შესრულება უწევთ. რთულია პრიორიტეტების განსაზღვრა. გინდა, რომ დასავლური, ევროპული სიტყვით გამოსვლა გქონდეს, მაგრამ ასევე გინდა, რომ შენი სიტყვა, შენი ქვეყნის რეალობას რეალურად ასახავდეს. „ - ამბობს ესმა გუმბერიძე.

ახალგაზრდობის წარმომადგენლობის პროგრამა, გაეროს ერთ-ერთი ინიციატივაა. გენერალურმა ასამბლეამ, ახალგაზრდა დელეგატების ოფიციალურ დელეგაციებში შეყვანის შესახებ, წევრ ქვეყნებს პირველად 1981 წელს მოუწოდა. საქართველო ინიციატივას 2012 წლიდან შეუერთდა. საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს, კონკურსის გზით ირჩევენ. წარმომადგენელი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ქართული დელეგაციის სრულუფლებიანი წევრია. ასამბლეის ფარგლებში, საკომიტეტო მოსმენებში და ახალგაზრდობის შესახებ, გაეროს დადგენილების შემუშავებაში მონაწილეობს. ესმა გუმბერიძემ, კონკურსში მიმდინარე თვეში გაიმარჯვა. ის რამდენიმე დღეა ნიუ-იორკში იმყოფება და საკომიტეტო სამუშაოებში მონაწილეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG