ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსს“ კალიფორნიის სასამართლოში უჩივლა


ნონა გაფრინდაშვილი. ფოტო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
ნონა გაფრინდაშვილი. ფოტო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

სათაურით - „ჭადრაკის პიონერი ჩივის, ამბობს, რომ ის „ლაზიერის გამბიტში“ დაამცირეს“ - ცნობილი ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ ნონა გაფრინდაშვილზე და მის მიერ კალიფორნიის შტატში შეტანილ საჩივარზე წერს. სტატიის ქვესათაური კი ამბობს: „ნონა გაფრინდაშვილმა, ჭადრაკის ისტორიულმა ჩემპიონმა, „ნეტფლიქსს“ უჩივლა სერიალში გაჟღერებული ფრაზის გამო, სადაც მის სახელს ახსენებენ და ამბობენ, რომ ის მამაკაცებს არასდროს დაპირისპირებია. სინამდვილეში ის მათ ხშირად უპირისპირდებოდა“.

სტატიაში „ნიუ-იორკ თაიმსი“ თავისივე ძველ პუბლიკაციებს იგონებს. მათ შორის, 1968 წლით დათარიღებული სტატიის ერთ-ერთი სათაური ამბობს: „ნონა გაფრინდაშვილმა 7 მამაკაცი დაამარცხა“.

80 წლის მოჭადრაკე ახლა თბილისში, საქართველოში ცხოვრობს. მას გული ძლიერ ატკინა იმ ცნობამ, რომ სატელევიზიო შოუში მამაკაცებთან ტურნირებში მისი წარმატებები უგულვებელჰყვეს. მან ხუთშაბათს ლოს-ანჯელესის სასამართლოში საჩივარი შეიტანა და მიყენებული ზარალისთვის მილიონობით დოლარს ითხოვს - წერს გამოცემა.

რაც შეეხება სარჩელს, კალიფორნიის შტატის სასამართლოში შეტანილი საჩივრის მიხედვით, „მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე აღმაშფოთებელი სიყალბის გამო“, ასევე ნონა გაფრინდაშვილის „მიღწევებისთვის ძირის გამოთხრის და გაუფასურებისთვის“ მოჭადრაკე ასევე ითხოვს მის შესახებ კადრების ფილმიდან ამოღებას.

მინი-სერიალის ფინალურ ეპიზოდში, სადაც გამოგონილი პერსონაჟების კულმინაციური თამაშია ჭადრაკში, ფილმის მთავარი გმირი ქალი მოსკოვში ჩადის, მამაკაც ჩემპიონთან დასაპირისპირებლად. აქ ისმის მთხრობელის ხმა: „ერთადერთი უჩვეულო რამ, რეალურად მისი სქესია, და ესეც არ არის უნიკალური რუსეთისთვის“ - ამბობს მთხრობელი. პარალელურად აჩვენებენ თამაშის საყურებლად შეკრებილ ადამიანებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ქალია. მთხრობელი აგრძელებს: „ეს ნონა გაფრინდაშვილია, ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ არასდროს დაპირისპირებია მამაკაცებს“.

საინტერესოა, რომ წიგნში, რომელსაც „ნეტფლიქსის“ 2020 წლის გახმაურებული და მეტად პოპულარული სერიალი "ლაზიერის გამბიტი" (The Queen's Gambit) ეფუძნება, ეს ფრაზა განსხვავებულად ჟღერს. „და ესეც ნონა გაფრინდაშვილი. ასეთი მაღალი დონის ტურნირზე არა, მაგრამ მოთამაშე მთელ ამ რუს დიდოსტატებს მანამდე ბევრჯერ შეხვედრია“ - წერია 1983 წელს გამოსულ უოლტერ ტევისის ამავე დასახელების რომანში.

საჩივრის მიხედვით, „ნეტფლიქსმა“ ნონა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ „უცერემონიოდ და გამიზნულად“ იცრუა. მათი „იაფფასიანი და ცინიკური მიზანი იყო ‘დრამის გამწვავება’ იმის ჩვენებით, რომ პერსონაჟმა ქალმა შეძლო გაეკეთებინა ის, რისთვისაც არცერთ ქალს არასდროს მიუღწევია, მათ შორის გაფრინდაშვილს“. საბოლოო ჯამში კი ისე გამოვიდა, რომ „ამბავში, რომლის მიზანი იყო ქალების შთაგონება, ახალგაზრდა ქალის მიერ კაცებთან მსოფლიოს უმაღლესი დონის ჭადრაკის თამაშით, „ნეტფლიქსმა“ შეურაცხყოფა მიაყენა ერთადერთ ნამდვილ ქალს, პიონერს, რომელიც მამაკაცებს მსოფლიო არენაზე სწორედ იმ ეპოქაში დაუპირისპირდა და დაამარცხა ისინი“ - ნათქვამია საჩივარში.

ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალია, ლეგენდა, რომელსაც შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატში 1977 წელს დიდოსტატის, გროსმეისტრის წოდება მიანიჭეს. ის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულია.

სარჩელში ასევე ხაზგასმულია, რომ გაფრინდაშვილს „ნეტფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან ის ფილმში წარმოდგენილია, როგორც რუსი მოჭადრაკე. ეს იმ ფონზე, როცა ნონა გაფრინდაშვილი საქართველოდანაა, ქვეყნიდან, რომელიც დღემდე იცავს თავს რუსეთის აგრესიისგან.

„ნეტფლიქსი“ აცხადებს, რომ ნონა გაფრინდაშვილს უდიდეს პატივს სცემს, მაგრამ საჩივარს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. „ქალბატონი გაფრინდაშვილის და მისი ბრწყინვალე კარიერის მიმართ „ნეტფლიქსს“ მხოლოდ უსაზღვრო პატივისცემა აქვს, მაგრამ ჩვენი აზრით, ეს სარჩელი უსაფუძვლოა და ჩვენ გადაჭრით დავიცავთ თავს“ - ნათქვამია „ნეტფლიქსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG