ოპოზიცია ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებიდან გაყვანას მიოთხოვს.
ეს განცხადება ”თავისუფალ ასოციაციათა კავშირის”, ”ვეტერანები ვეტერანებისთვის”, ”ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაციისა” და ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერებმა გააკეთეს. თავისუფალი საქართველოს ლიდერის, კახა კუკავას თქმით, თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სამინისტროდან 350-ზე მეტი ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი გაათავისუფლა: ” - გაათავისუფლა სრულიად უკანონოდ, ვინაიდან ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა კანონში გარკვევით წერია, რომ ვეტერანის გათავისუფლება, თუ მას დანაშაული არ ჩაუდენია - არ შეიძლება!”
”თავისუფალ ასოციაციათა კავშირის” თავმჯდომარის, ალექსანდრე შალამბერიძის თქმით, უკანონო გათავისუფლების შემდეგ გაგრძელდა კიდევ უფრო უარესი : “ - ვეტერანთა ბინებიდან გამოყრა, მათი უმწვავესი სოციალური პრობლემებისა და უფლებების უგულვებელყოფა და მინიმალური, ცხოვრებისთვის აუცილებელი სახსრების გარეშე დატოვება. ყოველივე ამან გამოიწვია ვეტერანების სერიოზული პროტესტი, რაც გადაიზარდა ყველასათვის ცნობილ დეკემბერ-იანვრის შიმშილობის საპროტესტო აქციებში (გმირთა მემორიალთან), რომელიც ხელისუფლებამ უმოწყალოდ დაარბია, ხოლო ისედაც სოცილაურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ვეტერანების ნაწილი 400-400 ლარით დააჯარიმა” , აცხადებს ალექსანდრე შალამბერიძე : ” - ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყნებში არიან ვეტერანები დაფასებული, საქართველოშიც ვეტერანებს ჰქონდეთ სამუშაო, ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაცვის საშუალება . ესენი არიან ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები, რომლებიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის, სამაჩაბლოს, ასევე ბოლო, 2008 წლის ომში.. ვეტერანები არიან, მაგრამ მათ ძალაც და ღონეც გააჩნიათ, რომ კიდევ იყვნენ შეიარაღებულ ძალებში და თავიანთი გამოცდილებით დაიცვან ქვეყანა.
”ამერიკის ხმა” : - ვეტერანები ასაკით არიან?
ა.შ. - არა, ასაკით არა, ახლა ასაკით საკმაოდ ახალგაზრდა ადამიანები არიან შეიარაღებულ ძალებში. არცერთი ვეტერნაი არ მუშაობს, ყველა გამოაგდეს , განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და ამის მთავარი ინიციატორი იყო თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. ერთადერთი შეღავათი, რომელიც არსებობს ვეტერანებისთვის, არის სოციალურ ზღვარს ქვემოთ მყოფი ვეტერანები, ხოლო სოციალურ ზღვარს ქვემოთ დღევანდელი კანონმდებლობით იმდენად მაღალია რანგირება , რომ შეუძლებელია ვინმე მოხდეს. მაგრამ, ის ვეტერანები, ვინც სოციალურ ზღვარს ქვემოთ არ არიან, მათ რა? არ სჭირდებათ მიხედვა?! მათ თავიანთი ჯანრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ სჭირდებათ?! იცით, რომ მათ შორის ბევრია ხეიბარი, რომლებსაც ყოველდღიურად წამალი, მკურნალობა სჭირდებათ..
”ამერიკის ხმა” : - მათ პენსია არ ეძლევათ?
ა.შ. - არაფერი არ ეძლევათ, კომპენსაცია ჰქვია ამ თანხას. ასეთი კომპენსაციის რანგირება ხდება 5 ლარიდან, ხაზს ვუსვამ - 5 ლარიდან..”
ვეტერანები მოითხოვენ ”ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის ან დამოუკიდებელ საჯარო იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას, რომელიც ვეტერანებისთვის გარდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით უზრუნველყოფისა იმუშავებს საერთაშორისო ვეტერანთა და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან სათანადო პროგრამების მისაღებად, ან დეპარტამენტი კვლავ დაუბრუნდეს ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის ძირითადი ფუნქცია მოსახლეობის სოციალური დაცვაა”.