საქართველოს 2023 წელს, ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატის, ხოლო 2030 წელს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა სურს. მთავრობის თამამ სურვილებსა და ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალზე სასაუბროდ პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) შტაბ-ბინაში, IOC-ის პრეზიდენტს თომას ბახს შეხვდა და მხარდაჭერა სთხოვა.
ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თბილისში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის. ამ ჯგუფის წევრები საქართველოს მთის კურორტების განვითარების მდგომარეობას და პერსპეტივებს ადგილზე შეისწავლიან.
ბახისა და კვირიკაშვილის შეხვედრას ლოზანაში „საქართველოს მთის კურორტების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილიც დაესწრო, რომელმაც კერძოდ აღნიშნა:
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია - საქართველო ნებისმიერი დონის ზამთრის სპორტული შეჯიბრების სამასპინძლოდ მზად არის“ალექსანდრე ონოფრიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი
„თომას ბახს მოვუყევით საქართველოს პოტენციალის შესახებ, თუ რა წინსვლა გვაქვს მთის კუროტების განვითარების კუთხით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველო ნებისმიერი დონის ზამთრის სპორტული შეჯიბრების სამასპინძლოდ მზად არის.“
საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატს (FIS Freestyle World Ski Championships) უკვე 2023 წელს უმასპინძლებს. ბაკურიანის კანდიდატურა მსოფლიო ჩემპიონატის სამასპინძლოდ, საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ 2017 წლის 1 მაისს წარადგინა. ბაკურიანის მთავარი კონკურენტი ფინეთის ცნობილი სამთო კურორტი რუკაა (Ruka, Kuusamo), რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის გამოცდილება 2005 წელს უკვე აქვს. საბოლოო გადაწყვეტილებას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS), 2018 წლის მაისში დაგეგმილ კონგრესზე მიიღებს.
პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი პირადად ლობირებს ბაკურიანის კანდიდატურას. 2017 წლის თებერვალში, შვეიცარიაში იგი სამთავრობო დელეგაციასთან და ბიზნესმენებთან ერთად, ქალაქ სანტ-მორიცში სამთო-სათხილამურო სპორტში 44-ე მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრო და FIS-ის პრეზიდენტს ჯან ფრანკო კასპერს შეხვდა. აპრილში, თბილისმა პირველად საერთაშორისო ზამთრის კურორტების მსოფლიო კონგრესს უმასპინძლა, ხოლო ივლისში კვირიკაშვილმა, საქართველოს დედაქალაქში FIS-ის გენერალური მდივანი სარა ლუისი პირადად მიიღო.
დღეს ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) შტაბ-ბინაში შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავარი მიზანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაა, მანამდე კი ზამთრის ერთ-ერთ ოლიმპიურ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატის მიღება სურს.
თომას ბახმა, წარსულში ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა ფარიკაობაში, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2013 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, კვირიკაშვილთან შეხვედრაზე აღნიშნა:
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაინტერესებულია სპორტის განვითარებით და ამ პროცესში ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, მათ შორის საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტსაც"თომას ბახი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
"ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენს ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაინტერესებულია სპორტის განვითარებით და ამ პროცესში ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, მათ შორის, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს."
საქართველოს ერთხელ უკვე ჰქონდა ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადი წარდგენილი, თუმცა ბორჯომის კანდიდატურამ IOC-ში დიდი მხადრაჭერა ვერ ჰპოვა და საბოლოოდ, ქართული ქალაქი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის ბრძოლას საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა.
ვინაიდან, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის განაცხადების წარდგენა უკვე დასრულებულია (მასპინძელი ქალაქი 2019 წელს დასახელდება), საქართველოს პერსპექტივაში, უკვე მომდევნო, 2030 წლის ზამთრის 26-ე ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლაში ჩართვა შეუძლია.
საქართველოში დღეისათვის ზამთრის ექვსი კურორტი ფუნქციონირებს: გუდაური, რომელიც ზღვის დონიდან 2196 მეტრზე ყაზბეგის რაიონში მდებარეობს, ბაკურიანი (1700მ, ბორჯომი), გოდერძი (2000მ, ხულო), თეთნულდი (2200მ, მესტია), ჰაწვალი(2500მ, მესტია) და ბახმარო (2050მ, ჩოხატაური), კურორტი გურიაში, რომელიც უკვე მეორე წელია უცხოელი ექსტრემალების მცირე ჯგუფებს სტიქიურად მასპინძლობს.
Facebook Forum