ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალომე ზურაბიშვილი: „ჩემი გული რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან“


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაერო, 23 სექტემბერი, 2019 წელი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაერო, 23 სექტემბერი, 2019 წელი

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში ჯანდაცვის უნივერსალურ დაზღვევის ფორუმზე, სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს წვდომა სიცოცხლისთვის აუცილებელი ჯანდაცვის სერვისებზე.

„2013 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევა შესაძლებელია შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყნებისთვისაც. ჩვენ ჯანმრთელობა გამოვაცხადეთ პოლიტიკურ პრიორიტეტად და რესურსების ეფექტიანი მობილიზაციის გზით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს დღეს უკვე აქვს წვდომა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ სერვისებზე. საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვამ, როგორც ფინანსური ბარიერის აღმოფხვრის მთავარმა მექანიზმმა, 25%-ით შეგვიმცირა ჯიბიდან გადახდები; ასევე, შემცირდა გაღატაკების რისკები,“ განაცხადა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"ჩემი გული რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან, რომელთაც ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა, სრულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის იმ სიკეთეებით, რასაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს," თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის პროგამის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარებით განხორციელდა.

„უნივერსალურობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ 2015 წელს დაიწყო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, „გილეად საიენსის,“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების ხელშეწყობით. ეს პროგრამა შექმნის ქრონიკული დაავადების მედიკამენტური მკურნალობით აღმოფხვრის პრეცედენტს მსოფლიოში. ამასთანავე, ქრონიკული და არაგადამდები დაავადებები ჯერ კიდევ დიდ ტვირთად გვაწევს. საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს საიმისოდ, რომ გაიზარდოს პენსიონერებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადებების შემთხვევებში მედიკამენტებით უზრუნველყოფა,“ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის უნივერსალურ დაზღვევასთან დაკავშირებული სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველო და ტაილანდი უძღვებოდა.

ასეთ დროს ქვეყანა კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება, როგორც პატარა სახელმწიფო რომელიც მნიშვნელოვან თემებზე გამოდის მთავარ მლაპარაკებლად", აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG