ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვექნება კიევში გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა - პაპუაშვილი სტეფანჩუკს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თავის უკრაინელ კოლეგას რუსლან სტეფანჩუკს "ფეისბუკზე" საჯარო წერილით მიმართავს. უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს ის წერს, რომ დადგება უკეთესი დღეები და კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა მიეცემათ. მისივე თქმით, ამ დროის განმავლობაში საქართველო უკრაინისადმი სრულ სოლიდარობას გამოხატავდა.

"ქართული დროშა კიევში საქართველოს საელჩოში ომის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ დაშვებულა. მშვიდობის დადგომამდე საქართველო ათასობით უკრაინელისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. 2022 წლის აპრილში, ქ. კიევში ჩვენს შეხვედრას გაორებული ემოციებით ვიხსენებ. ვიყავი ბედნიერი თქვენთან, როგორც ჩემს მეგობართან შეხვედრით. თუმცა, ამავე დროს, ვიყავი დამწუხრებული და შოკირებული რუსეთის აგრესიის ტრაგიკული შედეგებით.

დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი დღეები აუცილებლად დადგება და გვექნება კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა", - ვკითხულობთ წერილში.

ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი, დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განსხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან.

21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა იმ მიზეზზე, რის გამოც საპარლამენტო დელეგაცია არ ჩადის 24 თებერვალს უკრაინაში - რუსეთის მიერ დაწყებული ომის წლისთავზე. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობს.

დღეს, 24 თებერვალს, ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

XS
SM
MD
LG