ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ელექტორატი წელს 3 508 294 ადამიანს შეადგენს - ერთიან სიაზე მუშაობა დასრულდა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

18 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სპიკერმა ნათია იოსელიანმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.

ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა - ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 508 294 ადამიანი შეადგინა. როგორც იოსელიანმა განმარტა, მათგან ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას 3 113 747 ამომრჩეველი შეძლებს.

ამომრჩეველთა კატეგორიები ასე გადანაწილდა:

  • 135 922 ახალგაზრდას პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
  • გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა;
  • სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910 ადამიანს შეადგენს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებსაიტზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 1 311 773-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 29 277-ჯერ.

ცესკომ საარჩევნო უბნების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია:

  • ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება;
  • საქართველოში სულ გახსნილია 3 044 საარჩევნო უბანი;
  • 12 საარჩევნო უბანი გაიხსნება პენიტენციურ დაწესებულებებში;
  • 1 საარჩევნო უბანი გაიხსნება ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში;
  • საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

XS
SM
MD
LG