ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ვიზიტს აფასებს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით ვაშინგტონში მყოფმა დელეგაციამ ამერიკის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტი 19 ივლისს დაასრულა. მინისტრთან ერთად, დელეგაციის წევრები იყვნენ საქართველოს გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის წევრი და თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების წევრი ირაკლი ჩიქოვანი და პარლამენტში საქართველო-ამერიკის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი. დელეგაციამ ამერიკის ადმინისტრაციის, კონგრესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 50-ზე მეტი შეხვედრა გამართა.

ვიზიტის შეფასებისას საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვილიამ ბერნსთან იყო. მისივე თქმით, დელეგაციამ ამერიკელ პარტნიორებს მიაწოდა დაწვრილებითი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც გატარდა ბოლო ცხრა თვის განმავლობაში. მინისტრმა ვიზიტი შეაფასა, როგორც „ძალიან ნაყოფიერი.“

ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრებზე, დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში და საქართველოს მონაწილეობაზე ნატოს ავღანეთის მისიაში.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამერიკაში ხვდება საქართველოს მეგობრებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და კარგად იცნობენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. „მაგრამ, რასაკვირველია, ზოგიერთ კონგრესმენს და კოლეგას, რომელიც ისეთი ინფორმილებული არ არის, როგორც ისინი, [...] ვინც დიდი ხანია დაინტერესებულია საქართველოთი. ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ ყველას ყურამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი.“

ქალბატონი ფანძიკიძის თქმით, ამერიკელი პარტნიორები დაინტერესდნენ საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხით და ისაუბრეს ვილნიუსის სამიტზე, რომელზეც უნდა მოხდეს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. "ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან - ასევე - გვინდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადება, რომელიც უფრო ადვილად გამოვა მას შემდეგ, რაც საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან მსგავს ხელშეკრულებას."

თედო ჯაფარიძის თქმით, შეხვედრებზე, რომელიც დელეგაციამ გამართა, „ოპოზიციაზე ნეგატიური არაფერი თქმულა და იყო საუბარი საქართველოს მომავალზე.“

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმედ კონგრესის მიერ მიღებული 2014 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამატება, რომელიც საქართველოს მთავრობას პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით დაპატიმრებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ამერიკელების მიერ არასაკმარისი ინფორმაციის ფლობით იყო გამოწვეული.
„მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, მდგომარეობდა იმაში, რომ ამერიკელ მხარეს არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია,“ განაცხადა მან.

ბატონი თედოს თქმით, ის ისურვებდა, რომ მსგავსი სახის ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს ოპოზიციამაც მიიღოს მონაწილეობა.

შაბათს საგარეო საქმეთა მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები ამერიკას დატოვებენ, ხოლო თედო ჯაფარიძე და თინა ხიდაშელი კალიფორნიაში გაემგზავრებიან, სადაც ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG