ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის ანგარიშების თანახმად, საქართველოს მაღალი მაჩვენებელი აქვს ბიზნესის დაწყებისა და მისი წარმოების მიმართულებით. საქართველოში ამჟამად მყოფი ინვესტორები იზიარებენ ბანკის ოპტიმიზმს, მაგრამ საყურადღებო საკითხებს გამოყოფენ.
საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდი 2007 წელს კორპორაცია „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ ინიციატიით დაარსდა. ორგანიზაცია, 30 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით, სარისკო კაპიტალის საინვესტიციო ფონდია, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.
ამერიკის ხმის ქართული რედაქცია ფონდის დირექტორს, ბატონ ესბენ ემბორგს ესაუბრა. მისი თქმით, 2009 წლისთვის ფონდმა 21 მილიონი დოლარი გასცა ქართულ ბიზნეს ფირმებზე. მათი ნაწილი დღესაც წარმატებულად აგრძელებს საქმიანობას. თუმცა, ბატონმა ემბორგმა ასევე აღნიშნა, რომ 2010 წლის ბიუჯეტიდან ფონდს ჯერ კიდევ დარჩენილი აქვს დაახლეობით 9 მილიონი დოლარი, რომელიც ჯერ არ არის განაწილებული.
მიუხედავად იმისა, რომ ფონდში საკმარისი რაოდენობით შედის განაცხადები დაფინანსების მოთხოვნით, ფონდი მეწარმეებს ხშირად არ აფინანსებს. ბატონი ემბორგის თქმით:
„დანახარჯების ოპტიმიზაციის საკითხი ის პრობლემაა, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით. ქართულ ბიზნესებს შეუძლიათ გაცილებით ყაირათიანები იყნვნენ თუ ინვენტარიზაციასა და სესხების მაღალი პროცენტებით გადაფინანსებას შეამცირებენ. “
საინვესტიციო ფონდი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს საუკეთესო გარემო და მდებარეობა აქვს იმისთვის, რომ ქართული ნაწარმი მთლიან კავსასიის ბაზარზე გავიდეს, რომელსაც დაახლოებით 40 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მისი თქმით ისინი ქართული ბიზნესებისთვის ბუნებრივ კლიენტებს წარმოადგენენ.
ქართული ბიზნესის პოტენციალზე ბატონმა ემბორგმა ისიც აღნიშნა, რომ:
„კონკურენცია და მოგების პროცენტი საქართველოში დაუჯერებლად მიმზიდველია. ანუ კონკურენცია უაღერესად დაბალია, ხოლო მოგების პროცენტი კი უზომოდ მაღალი. წარმატების მისაღწევად ბიზნესს მხოლოდ მონდომება და გულმოდგინე შრომა სჭირდება. ვინც ამას აკეთებს საქმესაც წარმატებით ართმევს თავს.“
მიუხედავად ბიზნეს გარემოს მიმზიდველობისა, ინვესტორები აღნიშნავენ, რომ ქართულ ბიზნეს გარემოს „დახვეწილობა“ აკლია. საქართველოში აქვთ იდეები და წარმატების სურვილი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია დასახვეწი ისეთი კონკრეტული უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, როგორიცაა ბუღალტერია, ბიზნესის ტექნიკური ადმინისტრაცია, გრძელვადიანი დაგეგმარება და მოთმინება.
„კომპანიებმა ასევე უნდა ისწავლონ, რომ აუცილებელია გაიარო გარკვეული პროცესები იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო. მაგალითად, ამ პროცესის გავლის გარეშე შეუძლებელი იქნება ექსპორტში წარმატების მიღწევა. ევროპული ბაზარი არ მიიღებს ქართულ პროდუქციას თუ არ იქნა გაცემული საკვები პროდუქტის უსაფრთხოების გარანტიები.“
ამჟამად, საქართველოში არ არის უწყება, რომელიც პროდუქციას ევროპული სტანდარტების შესაბამისად შეამოწმებს, და მას საექსპორტო ნებართვას მისცემს. შესაბამისად, ევროპული ბაზარი ქართულ პროდუქციას ჯერ არ მიიღებს.
ბატონმა ემბორგმა ქართულ ბიზნეს გარემოში ყველაზე დიდ სირთულედ მენეჯმენტის სისიუსტე დაასახელა.
„თავმდაბლობა და იმის აღიარება, რომ შეიძლება ყველაფერი არ ვიცოდეთ ბიზნესის მართვის შესახებ კარგი მახასიათებლებია, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ მათი შერწყმა კონკრეტულ უნარ-ჩვევებთანაც მოხდება.“
მენეჯმენტის დახვეწა შესაძლოა ყველაზე ადვილად შესამუშავებელი უნარი იყოს ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან. ექსპერტების აზრით, მოთმინებისა და თავმდაბლობის დანერგვას ქართველი საქმოსნების მიერ საბაზრო ეკონომიკური პრინციპების გათავისება შეუწყობს ხელს.