2008 წლის აგვისტოს ომის შეფასების აუცილებლობის თაობაზე დღეს საქართველოში ბევრი ადამიანი საუბრობს. რამ შეუწყო ხელი საომარი მოქმედებების დაწყებას, ვის აძლევდა ხელს ომის გაჩაღება, არსებობდა თუ არა რაიმე გეგმა ესკალაციის შემთხვევაში, არსებობს თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები და თუ არსებობს, რაში მდგომარეობს ისინი? ამ და კიდევ მრავალ საინტერესო კითხვაზე პასუხს ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ ელის.
ომის ოთხი წლის თავზე, ზუსტად 8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გამო გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ სამოქმედო გეგმის თაობაზე გააკეთა განცხადება, რომელიც რუსეთის ფედერაციაში 2006 წელს შემუშავდა, საქართველოსთან საომარი მოქმედებების შესაძლებელობების თაობაზე.
აღნიშნულ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, პრეზიდენტ პუტინს კითხვა საქართველოსთან ომის შესახებ სანკტ–პეტერბურგში გამართულ ბრიფინგზე დაუსვეს. ჟურნალისტმა მას მოახსენა იმ ფილმის თაობაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა დოკუმენტალისტებმა გადაიღეს და რომლის ძირითადი მესიჯი, ჟურნალისტის განცხადებით, მდგომარეობდა იმაში, რომ „ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია რუსეთის ყოყმანმა 2008 წელს, რომელმაც საომარი მოქმედებები ქართული ინტერვენციის აღსაკვეთად დაუყოვნებლივ არ დაიწყო“. ფილმში, რომელსაც „ომის დაკარგული დღე“ ჰქვია, რუსეთის არმიის რეზერვში მყოფი ჩინოსნები საუბრობენ იმის თაობაზე, რომ გეგმა საქართველოსთან საომარი მოქმედებების თაობაზე 2006 და 2007 წლებშიც არსებობდა და მზად იყო ასამოქმედებლად. „ჯარი აბსულუტურ მზადყოფნაში იყო და ჩვენც მზად ვიყავით“ ამბობენ ფილმში სამხედრო ექსპერტები, „სააკაშვილი ვერაფრით იღებდა გადაწყვეტილებას დაწყო საომარი მოქმედებები ოფხაზეთში, ან სამხრეთ ოსეთში“, დასძენს ფილმის ავტორი.
ფილმში რუსული გენშტაბის ყოფილი უფროსი, იური ბალუევსკი ამბობს, რომ რუსეთმა დაკარგა ომის პირველი დღე ყოყმანის გამო, რამაც ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია. http://www.youtube.com/watch?v=O_fkMM0T1i0
სწორედ ამ ფილმიდან გამომდინარე დაუსვა კითხვა ჟურნალისტმა პრეზიდენტს:
-სად იყო მაშინ სამხედრო დაზვერვა?
პუტინი: მუშაობდა, თავის საქმეს აკეთებდა.
–ესე იგი თქვენ არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ომის პირველი დღე რუსეთმა დაკარგა?
პუტინი: რა არის იცით? გადაწყვეტილება ძალის გამოყენების თაობაზე ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. რადგან ეს ნიშნავს საომარი მოქმედებების დაწყებას. იქ კი ისვრიან და ხალხი იღუპება. სანამ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებ, 10ჯერ უნდა მოიფიქრო.
-დიდხანს ფიქრობდით?
პუტინი: სამ დღეს. როდესაც ჯარის მოძრაობა და სროლა დაიწყო, 4 თუ 5 რიცხვში, ზუსტად არ მახსოვს, ჩვენი ჯარი მივიდა. 6–ში უკვე მასიური სროლები დაიწყო არტილერიითა და რეაქტიული სისტემებით.
- უკაცრავად და ისინი ფიქრობდნენ 3 დღე, თუ ჩვენ ვფიქრობდით?
პუტინი: მათ ხომ დაიწყეს შემოტევა. ხომ იცით, როგორც იწყებოდა მოვლენები. მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ გადაწყვეტილების მიღება შეიარაღებული მოქმედებების დაწყებაზე, ვიმეორებ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, ამიტომ საჭიროა ძალიან კარგად დაფიქრება. ყოველთვის უნდა დაფიქრდე.“
მეორე დღეს, უკვე მოსკოვში პუტინმა განაცხადა:
„გეგმა რა თქმა უნდა იყო და ეს არაა საიდუმლო და სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა რუსული მხარე. მე ამის თაობაზე უკვე განვაცხადე ადრე საჯაროდ. ეს არაა საიდუმლო, ვიმეორებ კიდევ ერთხელ. გეგმა შეიმუშავა გენერალურმა შტაბმა სადღაც 2006 წლის ბოლოს თუ 2007–ის დასაწყისში. მე მას მხარი დავუჭირე და დავამტკიცე. უფრო მეტიც, ამ გეგმის ფარგლებში, მომზადნენ სამხრეთ ოსეთელი ოპონჩენცები. მართალია, ჩვენი სამხედრო სპეციალისტები, ღიად ვიტყვი და ითვალისწინებდნენ, რომ ეს მეტ–ნაკლებად უსარგებლო საქმე იყო, მხედველობაში მაქვს წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერი სახელმწიფოს რეგულარულ არმიასთან და თვით ისეთ პატარა სახელმწიფოსთანაც კი, როგორიც საქართველოა, შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი საჭიროზე მეტად, ძალიან ვაჟკაცურად იცავდა საკუთარ სამშობლოს და სამი დღეის მანძილზე, სანამ არ მივიდა რუსული არმია, ძირითადად, ისინი და ჩვენი მშვიდობისმყოფელები აკავებდნენ ქართული ფორმირებების შემოტევებს. ამიტომ მათ შეასრულეს საკუთარი როლი. ამ გეგმის ფარგლებში მობილიზებული იქნეა ტექნიკა, და ასე შემდეგ. ასე რომ აქ საიდუმპოებები არ არის. რაც შეეხება ზარებს, მე ორჯერ დავურეკე მედვედევს, 7 და 8 რიცხვში და თავდაცვის მინისტრის. ჩვენ ამ პრობლემას განვიხილავდით,“– განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ფედერაციის პრემიერ–მინისტრი დიმიტრი მედვედევი კი ომის ოთხი წლის თავზე ცხინვალს ესტუმრა. თავდაპირველად მას ყოფილი დე–ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მიეგება და მანვე წარუდგინა მედვედევი ყველა მოქმედ ჩინოვნიკს. ვიზიტის მეორე დღეს დიმიტრი მედვედევმა სპეციალური განცხადება გააკეთა და მოითხოვა ყველა რუსული პროექტის რევიზია, რაც სამხრეთ ოსეთში ტარდებოდა.
„ყველა მინისტრსა და უწყებას, რომლებიც ეწეოდნენ პროექტების რეალიზებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ჩვენს პარტნიორ სამხრეთ ოსეთელებთან ერთად, ვავალებ, მოახდინონ რევიზია და გამოკვეთონ პრიორიტეტები, სხვათა შორის, ობიექტურად. იქ ბევრი დაიწყო რაღაც და ბევრი რამ არ დასრულებულა. ამ საქმიანობის კოორდინირებას რეგიონული განვითარების მინისტრს ვაკისრებ“,–განაცხადა მედვედევმა მთავრობის სხდომაზე.
მომავალი კვირიდან რუსეთის ფედერაციის ყველა სამინისტროს წარმომადგენლისგან შემდგარი ჯგუფი ცხინვალში მდგომარეობის შესაფასებლად გაფრინდება. როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციიდან ყოველწლიურად 4 მილიარდი რუბლი გამოიყოფოდა სახმრეთ ოსეთის რეაბილიტაციისთვის 2008 წლიდან. მიუხედავად ამისა, ცხინვალში მხოლოდ ორი ქუჩაა მოასფალტებული.