ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი საშინაო დავალება საქართველოსთვის


ნატოს გენერალური მდივანი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლისას
ნატოს გენერალური მდივანი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლისას

თბილისში ნატოს გენერალური მდივნისა და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ორდღიანი ვიზიტი დასრულდა

ახალი საშინაო დავალება საქართველოსთვის, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა თბილისში დატოვა შემდეგნაირად გამოიყურება: დემოკრატიის მაღალი ხარისხი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე; პოლიტიკური კოჰაბიტაციისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება.

ანდერს ფოგ რასმუსენის სამივე გზავნილი ერთამანეთთან მჭიდრო კავშირშია. საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიის მაღალ სტანდარტს სხვა ფაქტორებთან ერთად, როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო პროცესში პოლიტიკური ოპოზიციის ღრმა და ყოვლისმომცველი ჩართულობა განაპირობებს.

ეს ყველაზე რთული საკითხია დღეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იმ ფონზე როცა, ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ლიდერების დაკავებას ისევ პოლიტიკურ დევნად აფასებს.

საქართველოსთვის პრობლემურად რჩება უმცირესობების უფლებების დაცვაც. „ძალადობას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ 17 მაისს თბილისის ქუჩებში, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში“ - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრის დროს კერძოდ ბრძანა

„თქვენ იმყოფებით და მოძრაობთ სწორი გზით. და თქვენ, გამოიარეთ ძალიან გრძელი მონაკვეთი. თუ გააგრძელებთ თქვენს ძალისხმევას, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია მხოლოდ და მხოლოდ დროზე იქნება დამოკიდებული.

ბუქარესტში, 2008 წელს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება თქვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების თაობაზე. ამაზე ყველა მოკავშირე შეთანხმდა. ეს გახლავთ ამბიცია, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ და მოდით ერთად ვიმუშაოთ მის მისაღწევად!“

დღესვე ნატოს გენერალურ მდივანს საშუალება ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისგან მოესმინა შეფასებები, იმ პროცესებზე, რომლებიც 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ საქართველოში განვითარდა.

„მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, განათლების ყოფილმა მინისტრმა გია ნოდიამ, რომელიც იმავდროულად პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ „სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტს“ კურირებს, შეშფოთება გამოთქვა, პრემიერ ივანიშვილის მთავრობის მხრიდან, "პლურალისტური გარემოს შეზღუდვის ნიშნების" გამო

„არსებობს იმის ნიშნები, რომ ახალი ხელისუფლება ცდილობს ძალაუფლების კონცეტრაციას და იმაზე ზრუნავს, რომ ნაკლებად პლურალისტული გახდეს, როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი გარემო და მთლიანად თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ამის ნიშნები სამწუხაროდ არის და ამას სჭირდება ყურადღება.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარის აზრით კი, დასავლურ ინსტიტუტებს, მათ შორის ნატოს, მართებთ საფუძვლიანად შეისწავლონ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ პოლიტიკური განცხადებები, საქართველოში პოლიტიკური დევნის შემთხვევების შესახებ. კახა კოჟორიძე ამბობს

„ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც ის შეფასებები, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ისმის, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით ტოტალურ დაპატიმრებებს და ა.შ

მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი და ობიექტური შეფასება საქართველოში არსებული სიტუაციის.
ასეთი შეფასების გაკეთება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ განცხადების ავტორები შეისწავლიან სისხლის სამართლის საქმის მასალებს.“

ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის მეორე დღეს ოპოზიციას კვლავ მიეცა პოლიტიკური დევნის შესახებ საუბრის მიზეზი. დღეს დილით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, თბილისის მერიისა და საკრებულოს 22 თანამშრომელი დააკავა, დაკითხა და შემდეგ გაათავისუფლა.

გამოძიების მტკიცებით, ამ ადამიანებმა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 50 000 000 ლარი დაიტაცეს. დაკავებულთა შორის იყვნენ თბილისის მერის ორი მოადგილე, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი, საკრებულოს წევრი, გამგეობების მაღალჩინოსნები. თბილისის მერმა გიგი უგულავამ საგანგებო პრესკონფერენციაზე ბრძანა

„მხოლოდ იმის გამო რომ დღეს რასმუსენი თბილისში იმყოფება და არა იმის გამო რომ კანონის უზენაესობას უნდა ვცეთ პატივი, ხდება ბრალის გადაკეთება და განცხადებები, რომ თითქოს ეს ხალხი მოწმის სახით იყო დაბარებული. მოწმის სახით დაბარებულებს ხუთი მანქანით იყვანენ ქუჩაში და ხელბორკილებს ადებენ?!“

საპასუხოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა

„ამ საქმის ნებისმიერი სახით პოლიტიზირების ჩვენ განვიხილავთ როგორც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ!“

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ნატო სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაკავებების გამო. ამავე დროს, რასმუსენის თქმით, „ნატო ვერ ჩაერევა სასამართლო პროცესებში. უმნიშვნელოვანესია, თავიდან ავიცილოთ, რომ აღნიშნული პროცესები პოლიტიკურად მოტივირებული არ იყოს.“

ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო, ნატოს გენერალური მდივნის, ალიანსის სამხედრო ხელმძღბვანელობისა და ნატოს 28 წევრი ქვეყნის ელჩების მონაწილეობით საქართველოში მესამედ შეიკრიბა.

პირველად ეს 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ მოხდა, სექტემბერში შეკრების ადგილი თბილისი იყო; 2011 წლის ნოემბერში კი საბჭომ და ალიანსის გენერალურმა მდივანმა შეხვედრები უკვე თბილისსა და ბათუმში გამართეს.
XS
SM
MD
LG