ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. წერილში, რომელსაც საქართველოში ამერიკის საელჩო სალომე ზურაბიშვილს უგზავნის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მხარდაჭერას.
„გილოცავთ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტად თქვენს არჩევას.
ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობას და დემოკრატიულ განვითარებას, ისევე როგორც საქართველოს უფრო ახლო ინტეგრაციას დასავლეთთან“, - ნათქვამია წერილში.
წერილში შეერთებული შტატების ლიდერი მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მიერ ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის.
„მე მივესალმები შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განგრძობად ახლო პარტნიორობას სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ჩვენს თანამშრომლობას უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ავღანეთში შეტანილი წვლილისთვის და ჯარისკაცების მნიშვნელოვანი თავგანწირვისთვის.
საუკეთესო სურვილები თქვენ და ქართველ ხალხს“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად კვირას დაიკავა. ის კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით, პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტია. ის პრეზიდენტის თანამდებობას 6 წლის განმავლობაში დაიკავებს.
Facebook Forum