თბილისის „ლოკომოტივი“, აქამდე არაფრით გამორჩეული ქართული საფეხბურთო კლუბი, რომელსაც ევროთასებზე ასპარეზობის საოცრად ცუდი ისტორია ჰქონდა, პარასკევს, ევროპული საკლუბო ტურნირების ყველაზე ხმაურიანი და დიდი სენსაციის ავტორი გახდა.
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვაკეში, „მიხეილ მესხის“ სათადარიგო არენაზე, თბილისელმა ფეხბურთელებმა, რომელთა სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონი ევროც არაა (ჯამში 3,83 მილიონი ევრო) გათამაშებიდან რუსეთის ერთ-ერთი ძველი და ტრადიციული გუნდი - მოსკოვის „დინამო“ გამოაგდეს.
Transfermarkt-ის შეფასებით, ამ ფორმაციის მოსკოვის „დინამოს“ სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა. რუსული კლუბის წლიური ბიუჯეტი კი 42 მილიონი დოლარი, რაც თბილისელთა ბიუჯეტს 41-ჯერ აღემატება.
მოსკოველთა ღირსებას რუსეთის, პოლონეთის, კამერუნის, ბურკინა-ფასოს და ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელები იცავდნენ. თუმცა, თბილისის ახალგაზრდულმა „ლოკომ“, რომელსაც შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელიც კი არ ჰყავდა, მდიდარი და სახელიანი მეტოქე უშანსოდ დატოვა - 2:1.
საოცარი გამარჯვების გოლები მეორე ტაიმში ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა გაიტანეს, რუსებმა ბოლო წუთზე, პენალტით მხოლოდ ერთი გოლი გაქვითეს.
მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, თბილისელთა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის გოლკიპერმა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც ორი „მკვდარი“ ბურთი მოიგერია თქვა, რომ „ლოკომოტივმა“ გამარჯვება არნახული თავგანწირვით მოიპოვა:
ეს იყო მთელი ლოკოს გუნდურობის, ერთიანობის და თანგანწირვის შედეგი. უბედნიერესი ვარ, რომ რუსეთის გუნდს ვაჯობეთ:გიორგი მამარდაშვილი, თბილისის "ლოკომოტივის" მეკარე
„საოცარი დღე, ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გავიაზრეთ რამხელა გამარჯვება მოვიპოვეთ, ეს იყო მთელი ლოკოს გუნდურობის, ერთიანობის და თანგანწირვის შედეგი.
რა თქმა უნდა, ამ თამაშში პოლიტიკა დიდი დოზით იყო და უბედნიერესი ვარ, რომ რუსეთის გუნდს ვაჯობეთ. ყველას უპირობოდ აუტსაიდერად მივაჩნდით, პირველ რიგში, რუსებს“ - აღნიშნა გოლკიპერმა მამარდაშვილმა.
ქართულ-რუსულ საფეხბურთო დუელს წინ უსწრებდა, მოსკოვის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს წევრის, რუსეთის მთავრობის ყოფილი მეთაურის, შსს-ს და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ФСБ-ს და კონტრდაზვერვის ყოფილი დირექტორის სერგეი სტეპაშინის განცხადება, რომ ეს თამაში რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება იყო. სტეპაშინმა ღიად დაავალა „დინამოს“ მესვეურებს, რომ ქართული ბარიერი აუცილებლად გადაელახათ.
შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენდა ის ფაქტიც, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის შემდეგ, მოსკოვის „დინამო“ პირველი რუსული კლუბი იყო, რომელიც ევროთასების მატჩის გასამართად თბილისში ჩამოვიდა.
აგვისტოს ომის შემდეგ, უეფა პოლიტიკური მოსაზრებით, საქართველოს და რუსუთის კლუბებსა და ნაკრებებს კენჭისყრის დროს ერთმანეთს აშორებდა, ეს შეზღუდვა მხოლოდ 2014 წელს მოიხსნა.
თბილისში მოსკოვის „დინამოს“ სამარცხვინო მარცხის შემდეგ, სტეპაშინს კომენტარი აღარ გაუკეთებია, რუსულმა მედიამ კი მოსკოველები დამარხა.
სენსაციური გამარჯვების მთავარი შემოქმედი, „ლოკოს“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი ამბობს, რომ ეს მის კარიერაში ყველაზე დიდი წარმატებაა:
სიამაყის გრძნობა მაქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხის გახარება მოვახერხეთ. ჩვენი საქმე გავაკეთეთ, კარგად გვესმოდა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მოსკოვთან გამარჯვებას"გიორგი ჭიაბრიშვილი, თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი
„სიამაყის გრძნობა მაქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხის გახარება მოვახერხეთ. ჩვენი საქმე გავაკეთეთ, კარგად გვესმოდა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მოსკოვის გუნდთან გამარჯვებას, არა მხოლოდ ლოკოს, არამედ მთელი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის“ - თქვა ჭიაბრიშვილმა.
თბილისის „ლოკომოტივი“ ერთ-ერთი ძველი ქართული საფეხბურთო კლუბია, რომელიც 1936 წელს დაარსდა. 1938 და 1940 წლებში, სსრკ-ს უმაღლეს ლიგაშიც უთამაშია. დამოუკიდებლობის შემდეგ, "ლოკოს" აქტივში მხოლოდ საქართველოს თასის სამგზის მოგება იყო, ამასთან, კლუბს ევროთასებზე ასპარეზობის საშინელი სტატისტიკა ჰქონდა, 9 წლის მანძილზე, 1999-2008 წლებში, 14 თამაშიდან სულ 2 მოგება.
ევროპა ლიგაზე 12 წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნებულმა „ლოკომოტივმა“ პირველ საკვალიფიკაცია ეტაპზე, ასევე, სენსაციურად, რუმინეთის „კრაიოვას“ 2:1 მოუგო, შემდეგ მოსკოვის „დინამო“ შეარცხვინა - 2:1 და 24 სექტემბერს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, გაცილებით ძლიერი - ესპანური ლა ლიგას „გრანადა“ ელის.
ქართული და რუსული კლუბების დაპირისპირების სტატისტიკა ევროთასებზე:
1996, უეფას თასის პირველი ეტაპი
დინამო თბილისი - ტორპედო მოსკოვი 1:0, 1:1
1997, ინტერტოტოს თასის ჯგუფი
მერანი თბილისი - ტორპედო მოსკოვი 0:2
2020, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი
ლოკომოტივი თბილისი - დინამო მოსკოვი 2:1
Facebook Forum