ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის კრიზისი და საქართველო


საქართველოს ორი დიდი მეზობელი, თურქეთი და რუსეთი სირიის საკითხის შემთხვევაში სხვადასხვა, ერთმენეთთან დაპირისპირებულ ბანაკს წარმოადგენენ

სირიის კრიზისი და საქართველო
ორი დღის განმავლობაში რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში შეკრებილი ოცი ქვეყნის ლიდერები სირიის საკითხის განხილვისას, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთიან პოზიციაზე ვერ შეთანხმდნენ. მსოფლიო შიშით შეჰყრებს მოვლენების განვითარებას სირიაში. აშშ-სა და რუსეთის, ორი ყველაზე დიდი სახელმწიფოს დამოკიდებულება სირიის საკითხის მოგვარების გზის თაობაზე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. რუსეთისთვის პოზიციების დათმობა მისი მსოფლიო დერჟავული იდეისთვის ძირგამომთხრელი იქნება, რასაც ყველა კარგად აცნობიერებს.
საქართველოს ორი დიდი მეზობელი, თურქეთი და რუსეთი სირიის საკითხის შემთხვევაში სხვადასხვა, ერთმენეთთან დაპირისპირებულ ბანაკს წარმოადგენენ. თურქეთი მხარს უჭერს აშშ-ს და სწრაფი შეტევის მომხრეა ასადის რეჟიმზე. სომხეთი, ასევე საქართველოს მეზობელი, ევროინტეგრაციაზე პრეტენზიას აღარ აცხადებს და საკუთარ მომავალს პოტენციურ ევრაზიულ კავშირში ხედავს. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა სამი დღის წინ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. ირანი იმუქრება აშშ-ს გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფოების მისამართით და ამერიკული სამხედრო ბაზების მიზანში ამოღების შესახებ განცხადებებს ავრცელებს. რა შეიცვლება საქართველოსთვის სირიის კრიზისის გამწვავების შემთხვევაში. როგორც თურქეთისა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნისთვის, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს იგი.
სირიის კონფლიქტის შესახებ პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორი დღის წინ ბრიფინგზე განაცხადა: „სირიის საკითხი ყველას გვაშფოთებს და მე, პირადად, ძალიან მაშფოთებს. განსაკუთრებით სამწუხარო იყო ქიმიური იარაღის გამოყენება, რის მტკიცებულებებიც არსებობს. მე ძალიან დიდი ნდობა მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების. ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ნდობის მხრივ, მე მხედველობაში მაქვს, რომ მათ ჩაატარეს ექსპერტიზა და დასკვნებით მტკიცდება ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ დილითაც, ევრონიუსი ჩავრთე და მაგით ვინტერესდები, ძირითადად. თქვენ იცით, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტთან იყო კერის შეხვედრა. როგორც ჩანს, გადაწყვეტილებას მიიღებენ და მხარს დაუჭერენ. არ შეიძლება ჩვენ არ გვაშფოთებდეს ის, რაც წლობის განმავლობაში მიდის სირიაში. გარდაცვლილია უკვე 150 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ამ პროცესებს დასასრული არ აქვს, თანაც ქიმიური იარაღის გამოყენება, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია. ვისურვებდით, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ის გაუგებრობა, რაშიც ეს ქვეყანა წლების განმავლობაში იმყოფება.“
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კი ამბობს, რომ ქართული საჯარისო დანაყოფების სირიაში მონაწილეობის საკითხი ამერიკელ პარტნიორებთან საერთოდ არ განხილულა. „ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაა სამხედრო ოპერაციის შინაარსი, მაგრამ, ყველა წინასწარი მონაცემებით, სახმელეთო ოპერაცია არ იგეგმება ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ამიტომ ასეთი საკითხი არც დამდგარა. ჩვენ, ნატოელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვართ ჩაბმული საერთაშორისო ოპერაციებში ავღანეთში და დიდი წვლილი შეგვაქვს უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ამ ეტაპზე რაიმე სხვა საკითხი არც დაყენებულა და არც განხილულა,“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე ამერიკის ხმასთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოსთვის ერთადერთი საფრთხე რუსეთის მხრიდან ზეწოლის გაძლიერება იქნება. „საქართველო სირიის პრობლემის გადაწყვეტაში რაიმე ფორმით მონაწილე ვერ იქნება, რადგან ეს ჩვენი შესაძლებლობებიდან და უშუალო პირდაპირი ეროვნული ინტერესებიდან უფრო მოცილებულია, ვიდრე სხვა საკითხები. თუმცა რისკი საქართველოსთვის ისაა, რომ რუსეთი შეეცადოს საქართველოზე ზეგავლენა გააძლიეროს. ისედაც ვხედავთ, რომ მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია, სომხეთთან მიმართებაში მნიშვნელოვან საგარეო წარმატებას მიაღწია, რადგან სომხეთმა პრაქტიკულად უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და ევრაზიული კავშირისკენ დაიწყო სვლა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო სომხეთის პრეზიდენტის განცხადება. ამიტომ, ამ მხრივ შესაძლოა არსებობდეს გარკვეული რისკები. სხვა მხრივ, სირიის კრიზისთან მიმართებაში საქართველოს როლს მე ვერანაირად ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ მხრივ იყოს ეფექტური ჩვენი საგარეო პოლიტიკური უწყება.
მე არ მგონია, რომ საგარეო საფრთხე ემუქრებოდეს ირანისგან საქართველოს. მსოფლიო გლობალიზებულია. ამერიკის ინტერესები მთელს მსოფლიოშია განფენილი, ისე, როგორც მთელ მსოფლიოს აინტერესებს ამერიკა. ასეთი ფართო დეფინიციის მიხედვით თუ იმოქმედებს ირანი, მთელს მსოფლიოსთან მოუწევს ომის წარმოება, ამიტომ ირანის მუქარის თაობაზე ინფორმაცია ამერიკის პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებით, არარეალისტურად მიმაჩნია.
რაც შეეხება ოცეულის სამიტს, ჩემთვის, პრინციპულად, მოულოდნელი არაფერი არ იყო. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეკონომიკასთან ერთად, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდებოდა სირიის პრობლემაზე. ის, რომ განსხვავებები არსებობს და იქაც გამოჩნდებოდა, რუსეთს, შეერთებულ შტატებს, ჩინეთს და სხვებს შორის, ესეც გასაგები იყო. მთავარი მოულოდნელობა ჩემთვის ობამას მიმართ, ჩემი აზრით, ძალიან ცივი დამოკიდებულება იყო მასპინძელი ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრიდან, რაც, ჩემი აზრით, დასაშვები პროტოკოლის ზღვარსაც გასცდა. ეს აჩვენებს, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის ნაპრალი იზრდება“,- აცხადებს ლევან ცუცქირიძე.
რესპუბლიკური პარტიის წევრი, ივლიანე ხაინდრავა ჩვენთან საუბრისას აცხადებს:
რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ სირიის თაობაზე ორშაბათს, კონგრესის სესიის შემდეგ გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG