ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო


ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთსულოვნად დაამტკიცა. კანონპროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მიმართ ამერიკის ორპარტიულ მტკიცე მხადრაჭერას, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტის HR 598 სპონსორები, რომლის მოკლე სახელი “საქართველოს მხარდაჭერის აქტია,” დემოკრატმა კონგრესმენმა გერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა წარუდგინეს კონგრესს. მისი მიზანი “საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის” მხარდაჭერაა.

კანონპროექტის თანახმად, შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოში “დემოკრატიული ღირებულებების განვითარების მხარდაჭერაა, რაშიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ძალისხმევა შედის.”

ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს უფლებას თვითონ განსაზღვროს საკუთარი მომავალი. კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ და ევროპულ მისწრაფებებს.

კანონპროექტი აცხადებს, რომ ამერიკის პოლიტიკაა “არ აღიაროს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის გამოყენებით ტერიტორიული ცვლილება, მათ შორის, არაკანონიერი შეჭრა და საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის ოკუპაცია.”

ორპატიული კანონპროექტი ასევე აცხადებს, რომ ამერიკის პოლიტიკაა “დაგმოს მიმდინარე დაკავებები, გატაცებები და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევები, რომელიც ჩადენილია საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის [ტერიტორიაზე], რომლებიც ძალისმიერადაა ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ შორის, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობები.”

კანონპროექტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რუსეთის მთავრობას მოუწოდებს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

შეერთებული შტატების კონგრესმა 2018 წელს საქართველოს 37,200,000 მილიონი დოლარი გამოუყო უსაფრთხოების მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი წევრია და რომ მსოფლიოს უსაფრთხოებაში ნატოს მხარდამხარ საკუთარი წვლილი შეაქვს, კანონპროექტი საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების გაზრდას ითხოვს.

“ამერიკის პოლიტიკა იქნება საქართველოსთან კონსულტაციით, გააძლიეროს საქართველოს შეკავების, გამძლეობის და თავდაცვის უნარები, მათ შორის, შესაბამისი დახმარებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებით,” ნათქვამია კანონპროექტში. ის ამერიკის სახელმწიფო მდივანს 180 დღის განმალვონაში საქართველოს დახმარების პაკეტის წარდგენას სთხოვს.

კანონპროექტი საქართველოს კიბერ-უსაფრთხოების მიმართულებით დახმარებასაც მოიცავს, რაშიც სახელმწიფო კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფაც შედის.

საქართველოს მხარდაჭერის აქტი აცხადებს, რომ ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთვის რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებაც იქნება, რაც პრესის თავისუფლების გაძლიერებასაც მოიცავს.

კანონპროექტი აცხადებს, რომ კონგრესს სურს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებში პროგრესი იხილოს.

საქართველოს მხარდაჭერის აქტი ამერიკის პრეზიდენტს ავალდებულებს სანქციები დაუწესოს ყველას, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებში და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილეობს.

კანონპროექტი ახლა შეერთებული შტატების სენატს გაეგზავნება. სენატის მიერ მისი დამტკიცების შემთხვევაში კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, რის შემდეგაც ის კანონად იქცევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG