„ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ შეერთეებული შტატების კონგრესი მათ გვერდით დგას პუტინის აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ელიოტ ენგელმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ნიუ-იორკიდან „საქართველოს მხარდაჭერის აქტის" კენჭისყრისას. წარმომადგენელთა პალატამ, საქართველოს მხარდაჭერა ერსულოვნად გამოუცხადა.
დემოკრატი კონგრესმენის ჯერი კონოლის და რესპუბლიკელი ადამ კინზინგერის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ, სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.
„საქართველო შეერთებული შტატების ძლიერი მოკავშირეა და მათი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა ევროპის უსაფრთხოებისთვის და ამერიკის ინტერესებისთვის კრიტიკულია. 2008 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველო საკუთარი არსებობის უფლებისთვის იბრძვის, პუტინის შემზარავი აგრესიის გამო. ათწლეულზე მეტი ხანია, რაც რუსეთი არაკანონიერად აგრძელებს საქართველოს ნაწილების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტია. პუტინმა ააგო სამხედრო ბაზები, მშვიდობიანი მოსახლეობის ნაკვეთებზე გაავლო სასაზღვრო ღობეები და ხელს უშლის მოძრაობას ოკუპირებულ ტერიტორიებს და დანარჩენ საქართველოს შორის“, - აღნიშნა ადამ კინზინგერმა რესპუბლიკელემა კონგრესმენმა ილინოისის შტატიდან.
საქართველოს მხარდაჭერის აქტი აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს ყველას, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევასა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილეობს. რეზოლუცია გმობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს.
„ამ კანონის მიღება, აჩვენებს მხარდაჭერას მოკავშირისადმი, რომელიც ავღანეთში ამერიკის მისიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია და რომელიც ათწლეულზე მეტია უმკლავდება პუტინის აგრესიულ ქმედებებს. შეერთებული შტატების და საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღმავებით, ჩვენ ვუგზავნით სიგნალს პუტინს, რომ დაფიქრდეს სანამ საქართველოში კიდევ ერთხელ ჩაერევა“,- განაცხადა კინზინგერმა.
აქტი, საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილის და ნატოსკენ სწრაფვის გათვალისწინებით, უსაფრთხოების დახმარების გაზრდას მოიცავს.
„ეს კანონი აჩვენებს შეერთებული შტატების განგრძობად მხარდაჭერას საქართველოს სუვერენტიტეტისადმი, ის მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, და ადასტურებს რეგიონში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ შეერთებული შტატების პოზიციას. რომელიც როგორც ითქვა, თეორიული არაა, რუსულ ჯარებს საქართველოში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული აქვთ“, - თქვა დემოკრატმა კონგრესმენმა, ჯერარდ კონოლიმ ვირჯინიის შტატიდან.
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას კიბერ-უსაფრთხოების და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის კუთხით.
„რუსეთმა გააღვივა დაპირისპირება, მხარი დაუჭირა სეპარატისტულ მოძრაობებს და ჩაიდინა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები, მათ შორის, მიმდინარე დაკავებები და მკვლელობები. რუსეთის ჯარები აგრძელებენ, ადმინისტრაციული საზღვარის გასწვრის მშვიდობიანი მოსახლეობის დევნას და ხელს უშლიან იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლებას. ისინი ამ ადმინისტრაციულ ხაზს თვითნებურადაც კი წევენ. რამდენიმე კვირის წინ დაძაბულობა გამძაფრდა, როცა გავრცელდა ცნობები ადმინისტრაციულ საზღვართან [რუსეთის] შეიარაღების და შეირაღებული ძალების გაზრდის შესახებ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. [კანონპროექტი] HR-598, საქართველოს მხარდაჭერის აქტი, ამყარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, სანქციების დაწესებით მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან ან თანამონაწილეობენ ადამიანის უფლებების დარღვევაში ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - თქვა კონოლიმ. „საქართველო არის კრიტიკული პარტნიორი ნატოს უსაფრთხოებისთვის... ეს აქტი გამოხატავს კონგრესის მხარდაჭერას, შეერთებული შტატების უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორობისადმი. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ურთიერთობა, მსოფლიოს ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში“, - აღნიშნა მან.
კანონპროექტის თანახმად, შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების მხარდაჭერაა, რაშიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ძალისხმევა შედის.
წარმომადგენელთა პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სურს იხილოს პროგრესი საქართველო-ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებებზე.
საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ აქტი საქართველოსთვის მნიშნელოვანი პოლიტიკური სიგნალია.
„პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გზავნილი უკვე შედგა იმ დოკუმენტით, რომელიც მიიღო წარმომადგენელთა პალატამ, რომ ის კანონმდებლების მიერ, ორპარტიული შემადგენლობითაა მხარდაჭერილი. საქართველო არის თემა, რომელზეც ვაშინგტონში ყველა თანხმდება, ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი საქართველოს მიმართ, რომ ის პროცესები რომელიც ქვეყანაში ვითარდება, ის თანამშრომლობა, რომელსაც ორმხრივ ფორმატში ჩვენ ვუწყობთ ხელს, შეიძლება გადაიზარდოს ასეთ დოკუმენტში. თავად დოკუმენტი რასაკვირველია მრავალწახნაგიანი, მნიშვნელოვანია თავდაცვის და უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ იმ არსებული თავდაცვითი და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელიც გვაქვს, არამედ გამოხატავს ახალ ჰიბრიდულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ჩვენს მიმართ და ჩვენი შესაძლებლობების განმტკიცების მიმართ მკაფიო მხარდაჭერის გზავნილს. ეს გულისხმობს კიბერ-უსაფრთხოებას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას“, - ამბობს დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში
კანონპროექტი შეერთებული შტატების სენატს გადაეგზავნება. სენატის მიერ მისი დამტკიცების შემთხვევაში მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს, რის შემდეგაც ის კანონად იქცევა.
Facebook Forum