ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპავა რევოლუციურ ცვლილებებს არ ემხრობა


თსუ–ს ახალი რექტორი ვლადიმერ პაპავა
თსუ–ს ახალი რექტორი ვლადიმერ პაპავა

თსუ–ს ახალი რექტორი 2004–2012 წლებში უმაღლესი განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს აკრიტიკებს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ რექტორს ვლადიმერ პაპავას დღეს უნივერსიტეტში პირველი სამუშაო დღე აქვს. 58 წლის ეკონომისტი საქართველოს ყველაზე ძველი უნივერსიტეტის რექტორად გასულ კვირას აირჩიეს.

თსუ–ს რექტორობისთვის პაპავას გარდა კიდევ 12 კანდიდატი იბრძოდა. ახალი რექტორი აკადემიურმა საბჭომ აირჩია, რომელიც უნივერსიტეტის ექვსივე ფაკულტეტის საბჭოს 12 პროფესორითა (2 პროფესორი თითო ფაკულტეტიდან – ზ.წ) და რექტორის მოვალეობის შემსრულებლით იყო დაკომპლექტებული.

აკადემიური საბჭოს 13 წევრიდან 10–მა მხარი ვლადიმერ პაპავას დაუჭირა, 2 ხმა კი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა ირმა რატიანმა მიიღო. აკადემიური საბჭოს თავჯდომარეს, უკვე ყოფილ რექტორს სანდრო კვიტაშვილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

თსუ–ს ახალი რექტორი ამბობს, რომ უნივერსიტეტი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ვლადიმერ პაპავას აზრით, ამის ერთ–ერთი მიზეზი წინა ხელისუფლების „გაუაზრებელი“ და „რევოლუციური“ რეფორმებიც არის.

„დამოუკიდებელ საქართველოში მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. მართალია შევინარჩუნეთ უნივერსიტეტი და უმაღლესი განათლება. თსუ უშვებდა საკმაოდ კომპეტენტურ ადამიანებს, მაგრამ როცა დაფინანსება არ იყო ქვეყანაში, ეს ბუნებრივია უნივერსიტეტზეც აისახა.

შემდეგ კი იყო ეს გაუაზრებელი რეფორმები, რომელიც 2004 წლიდან იწყება. თითქოს რაღაც იდეა იყო, თუმცა სინამდვილეში მოხდა მასობრივი შეტევა პროფესურაზე, მორგება პოლიტიკურ კონიუნქტურაზე და ამან რა თქმა უნდა სწავლის ხარისხი დასცა. დღეს ჩვენი უნივერსიტეტი არის ფეხზე დასაყენებელი.“

58 წლის ვლადიმერ პაპავა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 1972–77 წლებში მან საინჟინრო–ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგი ხუთი წელი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ ეკონომიკურ–მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში ისწავლა.

1982–1991 წლებში მუშაობდა თბილისში, ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში, სადაც მუშაობა უფროს მეცნიერ–თანამშრომლად დაიწყო და ინსტიტუტის დირექტორი გახდა.

1990 წლიდან არის უნივერსიტეტის პროფესორი. 1993 წელს გახდა სახელმწიფო მეთაურ ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი, 1994 წლის ივნისიდან კი ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა.

1995 წელს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული, პრეზიდენტ შევარდნაძის სახელისუფლებო პარტია „მოქალაქეთა კავშირის“ ეკონომიკური პროგრამის ავტორი სწორედ პაპავა იყო, თუმცა მოგვიანებით, მან აღნიშნა, რომ ცნობილი პოპულისტური თეზისი – „მილიონი სამუშაო ადგილი“ პროგრამაში მასთან შეუთანხმებლად ჩაიწერა.

პაპავას ექვსწლიან მოღვაწეობას მთავრობაში უკავშირდება პურზე ფასების ლიბელარიზაცია და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკების დაწყება. ასევე ფულის რეფორმა მაშინდელ ეკონომიკურ გუნდთან ერთად. 1995 წლის 2 ოქტომბერს, გაუფასურებული კუპონის ნაცვლად, მიმოქცევაში ქართული ლარი შემოვიდა. თუმცა, ჰიპერინფლაციის მოთოკვას, 1998 წელს ახალი ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა.

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ პაპავა ვანო ჩხარტიშვილით შეცვალა, პაპავას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილის პოსტი ეჭირა. შემდეგ კი ისევ პედაგოგიურ საქმიანობას დაუბრუნდა.

2003 წელს პაპავა თსუ–ს მაკროეკონომიკის კათედრის გამგე ხდება. იმავე წელს, პაპავა ისევ პოლიტიკაში ბრუნდება და საარჩევნო ბლოკ „ბურჯანაძე–დემოკრატების“ წინაასარჩევნო პროგრამას წერს. 2004 წელს უკვე პარლამენტარია, თუმცა 2007 წლის 6 ნოემბერს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და საპარალმენტო უმრავლეოსობა დატოვა.

ბოლო წლებში ვლადიმერ პაპავა სტრატეგიისა და საერთშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ერთ–ერთი ხელმძღვანელი იყო. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი 2005 წელს საკუთარი სურვილით წავიდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან. როგორც თავად ამბობს, ასე გამოუცხადა პროტესტი „უნივერსიტეტის ნგრევას“.

„ერთ–ერთი არგუმენტი, რის გამოც განათლების მაშინდელი მინისტრის ალექსანდრე ლომაიას კონცეფცია ჩემთვის რეფორმის საწყის ეტაპზევე მიუღებელი გახდა, იყო ის, რომ მისი იდეა რევოლუციური ცვლილებები იყო.

მე მიმაჩნია, რომ განათლება და მეცნიერება ის სფეროა, სადაც ყველაზე ცუდად მუშაობს რევოლუციური ცვლილებები.“

ვლადიმერ პაპავამ თსუ–ს რექტორის თანამდებობა ალექსანდრე კვიტაშვილის შემდეგ დაიკავა, რომელიც ივნისში „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების გამო გადადგა (16 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილამ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო – ზ.წ).

1918 წელს დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღემდე 26 რექტორი ხელმძღვანელობდა. პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი იყო, რომელიც 1919 წელს ერთ–ერთ პროფესორთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გადადგა.

მის ნაცვლად რექტორად ივანე ჯავახიშვილი აირჩიეს. უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა რექტორი ლანჩხუთელი ბოლშევიკი კარლო ორაგველიძე იყო. იგი რექტორი, 1935 წელს, 33 წლის ასაკში გახდა, 2 წლის შემდეგ კი დახვრიტეს.

ილია ვეკუა ერთადერთია, რომელიც თსუ–ს რექტორად ორჯერ აირჩიეს. პირველად 1953–ედ, მეორედ კი 1966 წელს. ყველაზე დიდხანს, 13 წელი უნივერსიტეტის რექტორად როინ მეტრეველმა იმუშავა, ყველაზე მცირე ხნით კი ოთარ ჯაფარიძემ, სულ ერთი თვისა და 2 დღის მანძილზე.
XS
SM
MD
LG