ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომპიუტერული დანაშაულები საქართველოში - რეკორდულად გაზრდილი სტატისტიკა


ტელეკომპანია "პირველზე" ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ტელეკომპანია რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მაუწყებლობდა, მოგვიანებით კი მაუწყებლობა ნაწილობრივ აღადგინა.

როგორც "პირველის" წარმომადგენლები განმარტავენ, თავდასხმა 13 აგვისტოს გამთენიისას განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, კიბერთავდამსხმელებმა "კრიპტოვირუსი" გამოიყენეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ტელეკომპანიის შენობაშიც.

აღსანიშნავია, რომ კომპიუტერული დანაშაულების სტატისტიკა 2019 წელს რეკორდულად არის გაზრდილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წლის მხოლოდ პირველ ექვს თვეში კიბერდანაშაულის იმაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე 2017 და 2018 წლებში ერთად აღებული შემთხვევების რაოდენობა იყო.

ოფიციალური სტატისტიკა:

  • 2019 წლის იანვარ-ივნისში (პირველ 6 თვეში) დაფიქსირდა 919 შემთხვევა;
  • 2018 წელს დაფიქსირდა 365 შემთხვევა;
  • 2017 წელს დაფიქსირდა 506 შემთხვევა;
  • 2016 წელს დაფიქსირდა 550 შემთხვევა;

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის ოქტომბერში კიბერთავდასხმა განხორციელდა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ზეც. არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე მაშინ აცხადებდა, რომ თავდასხმის შედეგად შიდა ქსელი დაზიანდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასულ წლებში კომპიუტერული დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი დაბალია. 2018 წელს დაფიქსირებული 365 დანაშაულიდან 41 შემთხვევა გაიხსნა. 2019 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული 919 დანაშაულიდან კი ჯერ მხოლოდ 47-ა გახსნილი. ეს დადგენილი დანაშაულის 5 პროცენტია.

საქართველოში ყველაზე დიდი კიბერთავდასხმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განხორციელდა. თავდასხმის ობიექტი ერთდროულად 50-ზე მეტი, მათ შორის, ბევრი სამთავრობო ვებგვერდი გახდა.

კიბერთავდასხმის უკან მაშინ რუსეთი იდგა. ერთდროულად მოხდა ათობით ვებგვერდის გატეხვა, ნაწილი მათგანი სრულად გაითიშა, ნაწილზე კი თავდამსხმელებმა პროპაგანდისტული მესიჯები გამოაქვეყნეს. თავდასხმის ობიექტი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG