ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ეკოომბუდსმენის პოსტი უნდა შეიქმნას - მამუკა ბახტაძე


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ეკოომბუდსმენის პოსტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, ქვეყნის ბუნება "ნომერ პირველი" პრიორიტეტია. "ის, რაც ბოლო წლებში მივიღეთ, არის ძალიან გულდასაწყვეტი. ამ პრობლემას სჭირდება ძალიან პრინციპული მიდგომა“, - თქვა მან საქართველოს პარლამენტის უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, პოსტი მთავრობას საშუალებას მისცემს "საჯარო სექტორთან ერთად უფრო აქტიურად დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ბუნება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პირობა საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისათვის“. მამუკა ბახტაძემ ამ მიმართულებით ინტერნეტმომხმარებლებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოკითხვაში მონაწილეობისკენ და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში ნათქვამია, რომ ეკოომბუდსმენის პოსტი გახდება ერთგვარი გარანტი გარემოს დაცვის საკითხებზე მთავრობის, საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური თანამშრომლობისთვის.​ ეს ინსტიტუტი უნდა იყოს სხვადასხვა სექტორებს შორის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების განხილვის პლატფორმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ეკოომბუდსმენი მაღალი ნდობით ისარგებლებს, როგორც სამთავრობო უწყებებში, ისე ბიზნესსექტორში და საზოგადოებრივ წრეებში. წარდგენილი პროგრამის მიხედვით, გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა გახდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG