ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ღირს კონფლიქტი?


ენგურის ხიდი, საქართველო
ენგურის ხიდი, საქართველო

თანხობრივად რამდენს ხარჯავს საქართველო კონფლიქტებზე, რამდენად აისახება შედეგების ეფექტიანობაზე ეს ფული, არის თუ არა უფრო მეტის მიღწევა შესაძლებელი ამ ფასად, ან უფრო იაფად და რა მიმართულებით ესაჭიროება გადახალისება პოლიტიკას კონფლიქტების შესახებ – ამ თემაზე კავკასიური სახლის ადგილობრივმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა იმუშავეს და საინტერესო დასკვნები წარმოადგინეს სპეციალური გამოცემის სახით, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტმა დააფინანსა.

ამ ორგანიზაციამვე დაამზადა პოსტერი, სადაც კონფლიქტის ფასი ლარებშია გაწერილი. მთლიანობაში ეს 88 586 000 ლარია, თუმცა ეს თანხა სრული არაა. ამერიკის ხმა კავკასიური სახლის მკვლევარების მოსაზრებით დაინტერესდა და იმის გასაკრვევად, იქ მომუშავე ადამიანები ამ თანხას კონფლიქტების მოგვარებისთვის ძვირად მიიჩნევენ თუ იაფად, რამდენიმე მოსაზრება ჩაიწერა. კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს:

„ერთ–ერთ ტექსტზე მუშაობის დროს დავაფიქსირე, რომ ძალიან ბევრი ინსტიტუცია მუშაობს ერთი და იგივე პრობლემაზე და ეს იქცევა ხოლმე იმის მიზეზად, რომ ხშირ შემთხვევაში ფუნქციების დუბლირებას აქვს ადგილი, ან ცუდი კუმუნიკაციაა უწყებებს შორის, ხშირად კონკურენციაა. ამ მიმართულების კვლევის იდეა აქედან გაჩნდა. შემდგომ მივაქციე ყურადღება ფინანსურ განზომილებას და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არც თუ ისე ცოტა უჯდება სახელმწიფოს. შესაძლებელი იყო, უფრო ნაკლები ფინანსებითაც მიგვეღო უკეთესი შედეგები. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ 80 მოლიონიდან, თითქმის 70 მილიონს ითვისებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რომლის 60–70 პროცენტი იხარჯება დევნილებისთვის სახლების მშენებლობაზე.

მაგრამ მიუხედავად ამისა, მთლიანობაში არც თუ ისე ცოტა იხარჯება კონფლიქტზე, რადგან ინსტიტუციები საკმაოდ მრავლადაა, ამასთან გაბერილი შტატებით: ძირითადი თანხები იხარჯება ხელფასებზე და არა კონკრეტულ საქმეებზე. რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ესაა იმ უწყებების თანხები, რომლებიც უშუალოდ კონფლიქტებზე მუშაობს, მაგრამ ამას რომ დავუმატოთ უშიშროების საბჭო (რომელიც ასევე მუშაობს კონფლიქტებზე), ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ თანხობრივად, აღმოჩნდება, რომ ძალიან მაღალ საფასურს ვიხდით კონფლიქტებში. ჩვენ ამის ჩვენება გვინდოდა.“

​კავკასიურ სახლში მიიჩნევენ, რომ კონფლიქტების მოგვარებისა და მის შედეგებთან გამკლავების მიმართულებით გადახდილი თანხები უფრო ეფექტიანი იქნებოდა, თუ სხვადასხვა სტრუქტურების საქმიანობის გადაფარვას არ ექნებოდა ადგილი. ასევე თანხის დაზოგვა და მეტი შედეგის მიღება არსებულთან შედარებით, გაცილებით მცირერიცხოვანი და მოქნილი აპარატით უკეთ მოხერხდებოდა.

ინფოგრაფიკა: კონფლიქტის ფასი
ინფოგრაფიკა: კონფლიქტის ფასი

​ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებულ გამოცემას, ქართველთან ერთად, სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებელი ავტორიც ჰყავს. დინა ალბოროვა სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრის პედაგოგია და კრებულში მისი სტატიაცაა სათაურით: „სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ინსტიტუციონალური საფასური: პოლიტიკური ინსტიტუტების ტრანსფორმაცია სამხრეთ ოსეთში“, სადაც ის წერს: „სამხრეთ ოსეთის სტატუსის არაღიარება და საერთაშორისო ინსტიტუტების მიუწვდომლობა, რომლებსაც შეუძლიათ სამართლებრივი დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით ქვეყანას დახმარება გაუწიონ, სინამდვილეში სამხრეთ ოსეთის იზოლაციასა და თვითიზოლაციას უწყობს ხელს, რაც უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ საზოგადოების შიდა განწყობაზე, არამედ მთლიანად საგარეო გარემოცვაზე რეგიონალური მასშტაბით. ამით მსოფლიო იღებს ახალ ავტორიტარულ რეჟიმებს, სადაც, ერთის მხრივ, გაწერილია ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის კანონი, მაგრამ მექანიზმები არ მუშაობს, ისინი არასტაბილურია, რადგან ეყრდნობა ძალას, რომელიც დიდ შიდა კონფლიქტებს წარმოშობს.“

პუბლიკაციის ერთ–ერთ ავტორი, კონფლიქტების მკვლევარი მედეა ტურაშვილი, რომელმაც კონფლიქტის ადამიანური განზომილების შესახებ მიმართულება დაამუშავა, ამერიკის ხმასთან ამბობს: „კონფლიქტების მნიშვნელოვანი საფასური არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები. როდესაც გარე საფრთხეები არსებობს, პოლიტიკური ელიტები ხშირად აპელირებენ და მოსახლეობას აშინებენ მტრის არსებობით. მტრის ხატის , ძალიან იოლია, საუბარი, რომ რა დროს დემოკრატიაა, რა დროს ადამიანის უფლებების დაცვაა მაშინ, როდესაც მტერი კარს მოგვდგომია და სადაცაა თავს დაგვესხმება. როგორც ქართული საზოგადოება, ისე აფხაზური და ოსური მსგავსი სტერეოტიპების მსხვერპლია. მაგალითისთვის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნებისმიერი ურთიერთობა ქართველებთან, თუ კრიტიკული დამოკიდებულების გამოხატვა ხელისუფლების მიმართ, ავტომატურად ნიშნავს ამ ადამიანებისთვის იარლიყის მიწებებას, რომ ისაა მტერი, აგენტი, პროქართურად განსწყობილი და ასე შემდგომ. ზუსტად ანალოგიურად, ჩვენთანაც ფართოდ გავრცელებული შეგონება, რომ რა დროს დემოკრატიაა, რა დროს ადამიანის უფლებებია, როდესაც რუსეთის ჯარი 40 კილომეტრში დგას თბილისიდან. რეალურად, მსხვერპლი, აქაც დემოკრატია და ადამიანის უფლებებია. კონფლიქტები ზოგადადაც და ქართულ კონტექსტშიც, ხელს უშლის განვითარებას, რომელიც უფრო კონკრეტულად გამოიხატება დემოკრატიის შქმნაში, ადამიანის უფლებების დაცვაში, მრავალფეროვნების უზრუნველყოფაში და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ჰარმონიულ თანაცხოვრებაში.“

კავკასიური სახლის პუბლიკაციას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელი ადამიანების ნამუშევრები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ადამიანური ურთიერთობებისა და მეგობრული დამოკიდებულებების გარეშე არა მხოლოდ კონფლიქტების მოგვარება, არამედ ამ საკითხზე მსჯელობაც არასრულყოფილი იქნებოდა.

XS
SM
MD
LG