ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში 4, 570 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით. სულ, ქვეყანაში, ახალი კორონავირუსის 178,953 შემთხვევაა დადასტურებული.
ამ მაჩვენებლების ფონზე, საქართველო, მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს ვირუსის დადასტურებულად გავრცელების მაჩვენებლით. ამასთან დაკავშირებით, კომენტარი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გააკეთა და თქვა, რომ დაავადების სწრაფ გავრცელებას, ხელს უწყობს ისიც, რომ მოსახლეობა წესებს არ იცავს და თავიდან არ ირიდებს თავყრილობებს. მისი თქმით, ჯერ კიდევ ყველა არ ატარებს პირბადეს და არ იცავს სოციალურ დისტანციას, რაც ასევე, სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს.
"დავაზუსტებ, ბოლო ორი კვირის მანძილზე ვართ მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე გავრცელებით პირველ ადგილზე... შეზღუდუვებიდან ორ კვირაში ვნახეთ, რომ ახალი შემთხვევების ზრდა აღარ გვაქვს. ამან გვაჩვენა, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ გავრცელებით, ჩვენმა სისტემამ გაუძლო. კი, ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია, რომ გაუძლო და მეტს ვერ გაუძლებდა. პროგნოზები რადგანაც არსებობდა, ამიტომ დაწესდა შეზღუდვები", ამბობს იმნაძე.
პირბადის ტარების აუცილებლობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა, დააავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც. მისი თქმით, თუ მოსახლეობის 95% პირბადეს ატარებს, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, 2-3 კვირის პერიოდში, სიტუაცია, საქართველოში, ბევრად გაუმჯობესდება.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც დაწესებულია. კარგია, რომ 10% -ით, 55-დან 65%-მდე გავზარდეთ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი შინ და გარეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს 95%. 95% თუ გვექნა, გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ სერიოზულად შეიძლება დავასტაბილუროთ მდგომარეობა. თუ ამ მაჩვენებელს ავიყვანთ 75%-ზე ერთ კვირაში, მერე 80 და მერე 90%, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ სერიოზულად შევაკავებთ ინფექციის გავრცელებას. თუ ჩვენ 95% -ში ვატარებთ შინ და გარეთ მუდმივად პირბადეს, განახევრდება მომავალ ორ-სამ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა. მოვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ საზოგადოება და ჩვენ ექიმები, რომ ვატაროთ ყველგან ყველამ პირბადე, დავიცვათ ეს მარტივი რეკომენდაცია, გაძლევთ პირობას, განახევრდება ორ სამ კვირაში ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში", ამბობს გამყრელიძე.
მსგავსი მოწოდება ჰქონდა დღეს, ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძესაც. მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა და ასევე, "შავი პარასკევის", ფასდაკლების დღეს წარმოქნილმა რიგებმა, კიდევ უფრო დაამძიმა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში.
მინისტრის თქმით, მხოლოდ ეპიდემიოლოგები და სახელმწიფო გამკლავებას ვერ შეძლებს არსებულ გამოწვევებთან და აუცილებელია, რომ მოსახლეობამ პასუხისმგებლობა თავის თავზეც აიღოს.
„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის პერიოდი, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე ბოლო „შავი პარასკევის" კომპონენტი. ყველა ჩვენმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, პირბადის ტარება რამდენად მნიშვნელოვანია. ვირუსი ჩვენთანაა, უხილავია და ეს ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია. ჩვენ ვამკაცრებთ აღსრულებას და თქვენ ამას აკვირდებით, თუ როგორ მუშაობს შრომის ინსპექცია კერძო სექტორთან მიმართებაში და ასევე ჩვენი პოლიციელები, თუ რამდენად არიან ჩართული მოსახლეობისთვის იმის შეხსენებით - რამდენად მნიშვნელოვანია პირბადის ტარება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მთავრობა და ეპიდემიოლოგები ვერ შეძლებენ ამ ვირუსის დაძლევას, მნიშვნელოვანია ერთობლივი ქმედებები, სადაც მეტი წილი პასუხისმგებლობის მოსახლეობას ეკუთვნის", - განაცხადა ტიკარაძემ.
Facebook Forum