ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

3 დაღუპული სამხედრო: რა მოხდა კრწანისში?


120 მმ-იანი გადასატანი ნაღმმტყორცნი 2B11
120 მმ-იანი გადასატანი ნაღმმტყორცნი 2B11

საქართველოს არმიამ, კრწანისის სასწავლო ცენტრში წვრთნებისას სამი სამხედრო პირი დაკარგა, კიდევ ერთი სამხედრო კი უმძიმეს მდგომარეობაშია. დაიღუპნენ მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის კაპრალები: 25 წლის რუსთაველი ზურაბ კუცია, რომელსაც რვა თვის ვაჟიშვილი დარჩა. 23 წლის ხაშურელი ემზარ შოშიაშვილი, მას ორი თვის ქალიშვილი ჰყავდა და დავით გოგიჩაიშვილი.

ოფიციალური ინფორმაციით, არტილერისტები რუსული წარმოების 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქებას შეეწირნენ, კიდევ თორმეტი კაპრალი დაჭრილია.

დაუდასტურებელი ცნობებით, წვრთნის დროს, ნაღმსატყორცნის ლულის შიგნით აფეთქება მოხდა, რაც სამხედროების შეცდომის ან ორმაგი დატენისგან დაცვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლის შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო.

სამხედრო ექსპერტი თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები

„ძალიან საეჭვოა ყველა გარემოება. ის, რომ ყველა დაღუპული კაპრალია. ის, რომ აფეთქებას ასეთი ეფექტი ჰქონდა, ანუ საკმაოდ ძლიერ აფეთქებასთან გვაქვს საქმე.

მეორე საკითხია, რატომ ხდება წლის დასაწყისში საბრძოლო გასროლები, როდესაც, როგორც წესი ეხლა იწყება სასწავლო პერიოდი და პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს თეორიული სწავლებები და ყველაფრის სიმულატორებზე ათვისება. როგორც წესი - საშტატო გასროლები ხდება უკვე შემაჯამებელ პერიოდში, როცა სასწავლო პერიოდი მთავრდება.

თავისთავად, ის, რომ კრწანისის პოლიგონზე ხდება წვრთნებისთვის საბრძოლო-საშტატო ერთეულების გამოყენება, ესეც ბევრ კითხვას ბადებს, იმიტომ, რომ ამისთვის არსებობს ორფოლოს პოლიგონი.“

სამხედრო პოლიციამ, რომელმაც ტრაგიკული შემთხვევის გამოძიება დაიწყო, გუშინ საღამოს უკვე დააკავა კრწანისის სასწავლო ცენტრის სამი მაღალჩინოსანი - პოლკოვნიკი ტრისტან ტყეშელაძე, უფროსი ლეიტენანტი მალხაზ ქობალია და პოლკოვნიკი მამუკა ფარეშიშვილი. ეს უკანასკნელი ერთ-ერთ საუკეთოს სპეციალისტად ითვლება შეიარაღებულ ძალებში.

სამივე მათგანი სამხედრო წვრთნებისას უსაფრთოების ნორმების დარღვევაშია ეჭვმიტანილი. ჯერჯერობით უცნობია, დადგება თუ არა თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების, მათ შორის, სასწავლო ცენტრის უფროსის, მალხაზ მერლანის პასუხისმგებლობის საკითხი. თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ბრძანა, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან

„ახალი დაწყებულია, რა თქმა უნდა გამოძიება და ჯერჯერობით, ბევრი რამ არ არის დადგენილი. მაგრამ, საბოლოო ჯამში თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიკვეთა, შემიძლია გითხრათ, რომ სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი.

ზოგადად, როგორც წესი, პოლიგონებზე წვრთნებს განსაკუთრებით, რიგ შემთხვევაში ცალკეული სახის ინციდენტები ახლავს. რა თქმა უნდა ასეთი უბედური შემთხვევით არ უნდა დასრულდეს და ამ სახის შედეგი არ უნდა მივიღოთ. ამავდროულად, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გარდაცვლილ სამხედროთა მიმართებაში სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმალურად ყველაფერს, რაც კანონით არის გათვალისწინებული.“

თავდაცვის სამინისტრომ ამჯერადაც არ უღალატა "ტრადიციას" და დღის თერთმეტ საათზე მომხდარი აფეთქების შესახებ, ზუსტი ინფორმაცია საზოგადოებას მხოლოდ ექვსი საათის შემდეგ მიაწოდა.

ამის გამო, დიდი ხნის განმავლობაში პანიკაში იყო ყველა იმ სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრი და ახლობელი, რომლებიც არმიაში მსახურობენ. ბევრი მათგანი, სამხედრო ბაზაზე მივიდა და შეეცადა საკუთარი ძალებით მიეღო ინფორმაცია, თუმცა უშედეგოდ.

ბაზაზე გაცემული ბრძანების მიხედვით ყველა მოსამსახურეს მობილური ტელეფონი გათიშული ჰქონდა. თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულების და დაჭრილების შესახებ ზუსტი მონაცემები საკუთარ ვებ-გვერდზე, მხოლოდ 17 საათსა და 25 წუთზე გამოაქვეყნა. ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ამბობს

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მაჩვენებელია იმისა, რომ თავდაცვის უწყებაში კომუნიკაციის სფერო საერთოდ არ მუშაობს. თავდაცვის უწყებამ არ იცის საზოგადოებასთან ურთიერთობა როგორ ააწყოს.

ჩვეულებრივი სტანდარტია, როდესაც ხდება ასეთი უბედური შემთხვევა, მიუხედავად იმას, თუ რატომ მოხდა და რა იყო მიზეზები, ხდება სასწრაფოდ შეტყობინება, როგორც ოჯახის წევრებისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

ჯარისკაცთა გვარები, სახელები, ვინ დაიღუპა და დაჭრილთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის ჩვეულებრივი დასავლური სტანდარტი. ძალიან მარტივად უნდა იყოს - შესაბამისად მომზადებული რამდენიმე ოფიცერი, რომელიც მოახერხებს საიდუმლო და არასაიდუმლო ინფორმაციების გამიჯვნას. და, შემდეგ, მომზადებული სამოქალაქო და სამხედრო პირები ამ ყველაფერს საზოგადოებას მიაწვდის ისე, რომ არ დაზარალდეს სამხედრო უწყების ინტერესები.“

დაჭრილების უმრავლესობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს, ისინი იქ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან გადაიყვანეს. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში კი თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოთავსებული ჯარისკაცი იმყოფება.

ექიმების თქმით, 20 წლის გორელი კაპრალი ალექსანდრე თომაშვილი სიკვდილს ებრძვის. აფეთქების შედეგად მან სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო. გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობის გამო ჯარისკაცს უკვე გაუკეთდა ურთულესი ოპერაცია. პირველი კლინიკური საავადმყოფოს წარმომადგენელმა კერძოდ თქვა

„ჯარისკაცს აქვს კისრის არეში ნამსხვრევი ჭრილობა. დაზიანებულია ტრაქეა, როგორც კისრის ნაწილის ასევე გულმკერდის ნაწილის. ამასთან ერთად, ორივე ფილტვის დაზიანებაც არის.“

2010 წელს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წვრთნის დროს მხოლოდ ერთი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ფაქტი გახმაურდა. მარტში, გონიოს პოლიგონზე, სპეციალური ოპერაციების ძალების კაპრალი, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მკვიდრი სოსო ჟვანია ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. მაშინ ერთი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს, თუმცა რა შედეგით დასრულდა გამოძიება უცნობია.

კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი ზაფხულში მოხდა. პირველ საარტილერიო ბრიგადაში გორელი კაპრალი ალექსანდრე ასკილაშვილი თანამებრძოლმა არჩილ აზალაძემ ავტომატიდან დაცხრილა.

XS
SM
MD
LG