ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არასასურველ ტექსტურ შეტყობინებებს (SMS) საქართველოში კომპანიები ვეღარ გააგზავნიან


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

კომპანიებს, რომლებიც მოქალაქეებს უნებართვოდ უგზავნიან სარეკლამო შეტყობინებებს (SMS), ეს უფლება 1 მარტიდან შეეზღუდებათ. სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" კანონის ძირითადი ნაწილი.

კანონი თანაბრად ვრცელდება სარეკლამო შეტყობინებების გამგზავნ ნებისმიერ პირზე. მათ შორის, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს რეკლამა მობილურ ტელეფონზე იქნება გაგზავნილი თუ ელექტრონულ ფოსტაზე.

ცვლილებების მიხედვით

  • შეტყობინება უნდა გაიგზავნოს მხოლოდ წინასწარი თანხმობის შემთხვევაში
  • სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა შეიძლება ნებისმიერ დროს - კომპანია ვალდებულია 7 სამუშაო დღეში დააკმაყოფილოს მოთხოვნა
  • შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა შესაძლებელი უნდა იყოს მარტივი გზით

თუ სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის წესი დაირღვევა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მიმართვის საფუძველზე განიხილავს საჩივარს და დააკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობაა:

  • 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიაზე ან მეწარმეზე - 2000 ლარი
  • უფრო დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის - 3000 ლარი
  • დამამძიმებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება

მნიშვნელოვანი გარემოებები

  • ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია, რა წყაროებით იქნა მოპოვებული მისი საკონტაქტო მონაცემები
  • თუ თქვენ უარს არ იტყვით სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე, ამას კომპანია თანხმობად ვერ ჩათვლის

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ახალი კანონი პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო. დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია "საკანონმდებლო მაცნეში", თუმცა კანონის დიდი ნაწილი მხოლოდ 2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG