ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა არის სადავო დავით გარეჯში


დავით გარეჯს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან და მიმდებარედ არსებულ კულტურულ და რელიგიური კერას ძვირფასად მიიჩნევს როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე. ას წელზე მეტია საქართველო-აზერბაიჯანის ამ მონაკვეთზე საზღვრის გამიჯვნის საკითხი ისე ვერ მოგვარდა, რომ ორივე მხარე ამით კმაყოფილი დარჩენილიყო. "ამერიკის ხმამ" ერთგვარი მოკვლევა ჩაატარა იმის შესახებ, თუ საიდან, რატომ და როგორ ჩნდება ამ კონკრეტულ პერიმეტრზე საზღვართან დაკავშირებული პრობლემა და რა პერსპექტივები არსებობს მისი გონივრული და ორივე სახელმწიფოსთვის სახეირო მოგვარების თვალსაზრისით.

ქართული ნარატივი

საქართველოში დღეს სადავო არავისთვისაა, რომ დავით გარეჯი ქართული ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლია. მის შემადგენლობაში, დაახლოებით 27 მონასტერია. სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას ამ ტერიტორიაზე საფუძველი ჩაუყარა 13 ასურელი მამიდან ერთ-ერთმა, დავითმა, რომელსაც მოგვიანებით გარეჯელი უწოდეს. საუკუნეების განმავლობაში დავით გარეჯში სამონასტრო ცხოვრება ხან ყვაოდა, ხანაც დევნასა და შევიწროებას განიცდიდა, თუმცა ფაქტია, რომ ეკლესიების რაოდენობა გაიზარდა და შესაბამისად, უფრო მეტი ტერიტორია მოიცვა, ვიდრე ეს თავდაპირველად, დავით გარეჯელის მოღვაწეობის დროს გახლდათ. საქართველოს ამ ნაწილში სამონასტრო კომპლექსი ერთიანია.

დროთა განმავლობაში, სამლოცველოების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა არა სხვა ტოპონიმიკის ქვეშ, არამედ, როგორც დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილად. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მყარი არგუმენტი ქართულ ნარატივში იმის სამტკიცებლად, რომ დავით გარეჯას გაყოფა და მისი ფრაგმენტებად წარმოდგენა სხვადასხვა სახელმწიფოებში ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული. ამიტომაცაა ემოციური და მტკივნეული ყველა ქართველისთვის გაცნობიერება იმისა, რომ ამ ერთიანი კომპლექსის ნაწილი სხვა ქვეყნის ფარგლებშია მოქცეული.

დავით გარეჯი ქართული პოლიტიკური პრიზმიდან

დავით გარეჯის ტერიტორიაზე სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დელიმიტაციის საკითხი უკანასკნელ პერიოდში მას შემდგომ გააქტიურდა, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრისას, 27 თებერვალს განაცხადა, რომ იმედი აქვს, ორ სახელმწიფოს შორის მოუგვარებელი საზღვრების საკითხის გადაწყვეტისა. ზურაბიშვილმა დავით გარეჯის მონაკვეთზე საზღვრის დელიტიმიტაციის საკითხიც წამოჭრა, რაც სულაც არ იქნებოდა გასაკვირი, რომ აზერბაიჯანულ მხარეს გამოწვევად მიეღო.

„ეს საკითხი დღეს თითქოს არსაიდან მოვიდა. გარეჯის პრობლემა ვერ გადაწყვიტა ვერც გამსახურდიამ, ვერც შევარდნაძემ, ვერც სააკაშვილმა და ახლა ზურაბიშვილმა, მოულოდნელად განაცხადა პრეტენზია მის კაპიტალიზირებაზე და თითქოს ამით თავს იწონებს კიდეც. ამ საკითხების პოლიტიზირება ხელოვნურად ხდება, რადგან ზოგიერთ პოლიტიკოსს პოლიტიკური დივიდენდის მიღება სურს. შემდეგ ამას პოლიტიკოსებთან ერთად, აჰყვნენ სასულიერო და სხვა დაინტერესებული პირები. რომელთაც სულ სხვადასხვა მიზნები აქვთ. პრეზიდენტმა გამოაცოცხლა ეს საკითხი, თორემ ის მუდმივად არსებობდა,“- გვეუბნება პროფესორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.

ის, რომ სიტუაციის გამწვავებით არაა დაინტერესებული არც აზერბაიჯანული (ეს ჩანს ოფიციალური განცხადებებით) და არც ქართული მხარე, პოლიტოლოგებიც აღნიშნავენ და ამბობენ, რომ რეალურად, აქ სიტუაციის ამღვრევა აწყობს მხოლოდ „მესამე ძალებს“.

ორივე მხარე, მათ შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთბიდან გამომდინარე, ათწლეულებია ცდილობენ ისე დაარეგულირონ დავით გარეჯის თემა, რომ მას მეტ-ნაკლებად მისაღები ფორმა ჰქონოდეს.

ამ მიმართულებით, ყველაზე უარესი სცენარის შესახებ მსჯელობისას კორნელი კაკაჩია ამბობს: „იმ ურთიერთობის გაფუჭებით აზერბაიჯანთან, რაც დღეს გვაქვს, ორივე მხარე წააგებს. ორივე ქვეყანა ერთმანეთს აძლიერებს. ეს გამოჩნდა სხვადასხვა კრიზისის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, შეიძლება განსხავებული შეხედულებები გვქონდეს საგარეო პოლიტიკურ, უსაფრთხოების საკითხებზე, ბოლო 27 წლის განმავლობაში, ყოველთვის ვახერხებდით ერთმანეთის მხარდაჭრას. გარდა ამისა, ორივეს გვაქვს ტერიტორიული პრობლემები. ორივე ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული... მე მეგონა, 90-იანი წლების ურა-პატრიოტიზმი გავიარეთ, მაგრამ ასე არ ყოფილა. არის ადამიანების ჯგუფები, რომლებიც ხელმძღვანელობენ არა კეთილგონიერებით, რაციონალიზმით, არამედ ემოციებით. არადა, ბოლო 27 წლის მანძილზე, ბევრი რამ უნდა გვესწავლა, ჩვენი გამოცდილება საკმაოდ დიდი იყო“.

დავით გარეჯის აზერბაიჯანული ნარატივი

აზერბაიჯანში მიიჩნევენ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსიდან მათ ტერიტორიაზე ერთი ეკლესიის არსებობაც კი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დივიდენდის მომტანია და ეს დივიდენდი ქართულ მხარესთან მიმართებით არ იგულისხმება. აზერბაიჯანული ნარატივის თანახმად, ეს ქვეყანა თავს მოიაზრებს ისტორიული კავკასიის ალბანეთის ნაწილად, რომელიც მოიცავდა თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიას, აგრეთვე სომხეთისა და საქართველოს გარკვეულ ნაწილს. საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედიაში მითითებულია, რომ კავკასიის ალბანეთი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-4 საუკუნიდან არსებობდა, ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნიდან ის უკვე ქრისტიანული სახელმწიფოა. ალბანელები, ქართველები და სომხები, ხშირად ერთ ფრონტზე იბრძოდნენ ერთიანი მტრის წინააღმდეგ.

აზერბაიჯანული ნარატივის თანახმად, მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ისტორიული, ქრისტიანული მემკვიდრეობა, რაც მის ტერიტორიაზე არსებობდა არაბულ შემოჭრებამდე და ისლამიზაციამდე. ამბავი განსაკუთრებულ კონტექსტს იძენს სომხეთთან მიმართებით. აზერბაიჯანში მიიჩნევენ, რომ სომხურ-აზერბაიჯანული ისტორიული შუღლის იდეოლოგიური საფუძველი, სომხეთის მხრიდან, სწორედ ალბანური მემკვიდრეობის საკითხზე გადის. 1836 წელს, რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I -მა გააუქმა ალბანური ეკლესია და მისი ქონება სომხურ ეკლესიას გადასცა, რითაც ალბანური კულტურის ერთგვარ, ცალსახა მემკვიდრედ სომხეთი აქცია, მისი ქრისტიანობიდან გამომდინარე. აზერბაიჯანში თვლიან, რომ ეს სომხეთის მთავარი კოზირია ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებისას და მასთან გამკლავებას კავკასიის ალბანეთთან საერთო ფესვების ძიებით ცდილობენ.

2003 წელს ოფიციალურმა ბაქომ ალბანეთის ეკლესია დააფუძნა ნიჟში, აზერბაიჯანის შუაგულში მდებარე პატარა ქრისტიანულ სოფელში, სადაც ძველი ალბანელების შთამომავლები ცხოვრობენ. ამ აქტს, ისევე როგორც დავით გარეჯის (აზერბაიჯანულად ქეშიშდაგი/ქეშიკჩიდაგი) სახელმწიფო ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალად გამოცხადებას 2007 წელს, აზერბაიჯანში აღიქვამენ როგორც ერთგვარ პასუხს, როგორც ისტორიულ არგუმენტს სომხეთთან ტერიტორიული დავის პროცესში.

დავით გარეჯის პოლიტიკური ასპექტი აზერბაიჯანის თვალთახედვით

"ამერიკის ხმა" აზერბაიჯანში რამდენიმე პოლიტოლოგს დაუკავშირდა. ჩვენთან საუბრისას სტრატეგიული სწავლებების ცენტრის წარმომადგენელი ფუად ჩირაგოვი ამბობს, რომ სომხეთთან კონფლიქტის შემდეგ, კავკასიის ალბანეთის აზერბაიჯანული ქრისტიანული წარსული მემკვიდრეობა განსაკუთრებით მგრძნობიარედ აღიქმება. აზერბაიჯანს სურს აჩვენოს მსოფლიოს, რომ ის არის ამ წარსულის გამგრძელებელი და მისი მემკვიდრეც.

„უკანასკნელ პერიოდში, საქართველოში განვითარებული მოვლენები დაემთხვა მზარდ ანტი-თუქრულსა და ანტი-აზერბაიჯანულ პროპაგანდას. ჩვენ ვაკვირდებით ამ ნიადაგზე ფობიების სისტემურ და დაგეგმილ მცდელობებს, რაც მზარდ იმედგაცრუებას იწვევს, ასევე ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში. ჩვენ მხოლოდ კარგი ურთიერთობების განზრახვა გვაქვს საქართველოსთან და ამ ურთიერთობების ხარისხი, დიდწილად, ერთმანეთზეა დამოკიდებული. ვიმედოვნებ, ეს, ჩვენს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მდგრადობის კარგი გამოცდა იქნება, რის შემდეგაც უფრო მეტად გავაცნობიერებთ ერთმანეთის მნიშვნელობასა და ღირებულებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არსებობენ სხვა ძალები, ვინც ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დაზიანებით მოგებული დარჩება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს“,- ამბობს ფუად ჩირაგოვი "ამერიკის ხმასთან."

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, აზერბაიჯანს სახელმწიფო საზღვარი სრულყოფილად დემარკირებული მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან აქვს და მასზე შეთანხმება 2010 წელს შედგა.

რატომ შეიძლება აღმოჩნდეს დავით გარეჯა ფეთქებადსაშიში

საქართველოს ომი ჰქონდა რუსეთთან, რომელიც ოფიციალურ მტრადაა გამოცხადებული. გარდა ამისა, არსებობს კონფლიქტური ტერიტორიები ქვეყნის შიგნით. არსებული მდგომარეობით საქართველოს საზღვრები ოფიციალურად, სრულყოფილად დემარკირებული მხოლოდ თურქეთთან აქვს. ყველა სხვა სახმელეთო მეზობელთან კი დემარკაცია მხოლოდ ნაწილობრივაა განხორციელებული. მათ შორის აზერბაიჯანთან, დაახლოებით, 480 კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლიდან შეთანხმება მიღწეულია 314 კილომეტრზე. აზერბაიჯანის მონაცემებით, 1995 წლიდან კომისია საზღვრის დასადგენად 11-ჯერ შეიკრიბა, თუმცა პროცესი ბოლომდე არ მისულა. ამდენად, პოტენციური საფრთხე, რაც საზღვრებთან დაკავშირებით შეიძლება გამწვავდეს, ნებისმიერ მეზობელთან, არსებობს.

საერთაშორისო სამართალი საქართველოს საზღვრებს იმ ფარგლებში აღიარებს, რაც მას ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის. დავით გარეჯთან მიმართებით, ეს საზღვარი დაუზუსტებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნისტების პერიოდში გამოცემულ სხვადასხვა რუკაზე განსხავავებული ხასიათის ინფორმაციაა დატანილი.

„საერთაშორისო სამართლის თანახმად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, აზერბაიჯანი და საქართველო ავტომატურად იქცნენ იმ ადმინისტრაციული საზღვრის განმკარგველები, რაც მათ შორის არსებობდა. ამის შედეგად, ეს საზღვრები სახელმწიფო საზღვრებად იქცა, რომელსაც უკვე აკონტროლებს ორივე ქვეყნის საზღვრის დაცვის სამსახური. ფაქტია, რომ „ქეშიკჩიდაგის“ მონაკვეთზე საზღვარი იყო და მას იცავდნენ და იცავს ორივე ქვეყნის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. დაცულ გადასასვლელებზე, ქვაბულების მიმართულებით, ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და საერთო შეთანხმების თანხმად, ქართველი მომლოცველების გადაადგილება ხორციელდებოდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მეთვალყურეობის ქვეშ, რაც დღესაც ასევე გრძელდება. რაც შეეხება რაიმე სახის სამეურნეო ან სხვა სამუშაოებს, ყველა იმას აკეთებს, რასაც საჭიროდ თვლის, მისი ტერიტორიის ფარგლებში,“- განაცხადა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვმა 27 მაისს. ხალიფოვს საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებების დიდი გამოცდილება აქვს.

სერგი კაპანაძე, ამჟამად პარლამენტის წევრი "ევროპული საქართველოდან", რომელიც წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გახლდათ, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ამბობს, რომ ამჟამინდელ კრიზისზე დავით გარეჯთან მიმართებით პრეზიდენტია დამნაშავე: „კრიზისი მთლიანად შექმნა სალომე ზურაბიშვილის უპასუხისმგებლო განცხადებებმა და თავის გამოჩენის მცდელობამ, შემდეგ მასზე რეაქციამ და კიდევ იმან, რომ სამთავრობო კომისიამ, რომელიც დაკავებული უნდა იყოს საზღვრის დელიმიტაციით, დადგენით და შეთანხმებით, არ იმუშავა ბოლო წლების განმავლობაში“.

სერგი კაპანაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ რთულ ხასიათს ატარებს. „ჩვენ, აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გვაქვს, ეს ტერიტორია ჩვენად ჩავთვალოთ, მაგრამ ასეთი რეალობაა დღეს, რომ რაღაც ნაწილი შეუთანხმებელია. საჭიროა მოლაპარაკებები ამ თემაზე. დღეს ვისმენთ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს, მათ შორის იმის თაობაზე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მოკავშირე და მეგობარი ქვეყანა აზერბაიჯანი, თურმე არის ოკუპანტი. აზერბაიჯანის აყვანა იმ რანგში, როგორიც რუსეთია, არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ზენიტი. მესმის, რომ ვიღაცას სურს მთავრობის უნიათობის წარმოჩენა, მაგრამ ქვეყნის დაზიანების ხარჯზე ამის გაკეთება არ შეიძლება.“ საკითხის სენსიტიურობას ხაზს ყველა უსვამს, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში: „ეს იმდენად სენსიტიური თემაა, რომ ბევრ ადამინის პატრიოტიზმზე იმოქმედა, ცუდი ისაა, რომ ეს შეიძლება იყოს გამოყენებული გარე ძალების მიერ როგორც ჩვენთან, ისე აზერბაიჯანში, სადაც შეიძლება გააღვიონ ანტი-ქართული განწყობები. ამიტომ აქციაში მონაწილეები კარგად უნდა დაფიქრდნენ,“- გვეუბნება სერგი კაპანაძე.

ისტორიული რაკურსი დავით გარეჯის ირგვლივ

საბჭოთა კავშირის დროს 20-იანი წლების პირველ ნახევარში საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვარი ხელახლა გაიმიჯნა. ის გადის თხემზე და ამ უზარმაზარი სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს ხვდება. მათ შორის, ბერთუბანი, რომელზეც დღეს საერთოდ აღარ ვსაუბრობთ, რადგან არანაირი შანსი არაა ამ ტერიტორიების გაცვლის. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70 -იან წლებში იყო ამის თაობაზე საუბარი, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. დამოუკიდებლობის სამწლიანი ისტორიის დროსაც (1918-1921 წწ), საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრები არ იყო მიღებული ორივე მხარის მიერ. დამოუკიდებელ საქართველოსა და დამოუკიდებელ აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობდა მათზე მუშაობდა. მათ შორის, არ იყო გადაწყვეტილი საინგილოს საკითხი. უკვე გასაბჭოებულ აზერბაიჯანსა და ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოს შორისაც შედგა ამის თაობაზე საუბარი.

მაშინაც ვერ მოხვდა ამ საზღვრების დელიმიტიზაცია. საბჭოთა დროში, როგორც ჩანს, არ მიაქციეს ამ საკითხს სათანადო ყურადღება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს მაინც იყო დისკუსიის საკითხი და ვერ ვიტყვით, რომ იოლად გასცეს ყველაფერი. მაშინაც იყო სერიოზული დავა, მაგრამ რადგანაც მაინც ჩათვალეს შემდგომ, განსაკუთრებით ქართველმა კომუნისტებმა, რომ ფორმალური მნიშვნელობა აქვს საზღვრებს, შედარებით ადვილად დათანხმდნენ იმ მოთხოვნებს, რასაც საბჭოთა აზერბაიჯანი აყენებდა,- დამოუკიდებელი საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების თაობაზე ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე გვიყვება.

„ალბანეთთან დაკავშირებული საკთხი, საერთოდ, თითდან გამოწოვილი მგონია. რატომ უნდა მოახდინოს ალბანეთის კულტურისა და ისტორიის მონოპოლიზაცია აზერბაიჯანმა, გაურკვეველია, რადგან ალბანეთი საქართველოს ტერიტორიის ნაწილსაც მოიცავდა. განსაკუთრებით აქტუალური ეს თემა აზერბაიჯანისთვის სომხეთთან კონფლიქტის შემდგომ იქცა, თუმცა საბჭოთა პერიოდშიც ჩანს ალბანეთის ინსტრუმენტალიზაციის მცდელობები. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დღეს იმას, სად გადიოდა საზღვრები შუა საუკუნეების პერიოდში. ფაქტი რჩება, რომ ეს საკითხი, სწორედ იმის გამო, რომ საბჭოთა დროს გარკვეული საზღვრები შედგა, წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. ეს არ არის აქედან და იქიდან დროშების საფრიალო საკითხი. მე ვფიქრობ, ორივე ქვეყანა დაინტერესებული უნდა იყოს ამ საკითხის მოგვარებით,“- გვეუბნება ლაშა ბაქრაძე და განმარტავს, რომ სადაო ტერიტორია თხემიდან ძალიან ახლოს მდებარეობს.

„ალბათ, შესაძლებელი იქნებოდა, მისი ნეიტრალურ ზონად გამოცხადება, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, მაგრამ ამაზეც შეიძლება ფიქრი. აზერბაიჯანიდან ტურისტებმაც რომ შეძლონ სტუმრობა და ჩვენი მხრიდანაც. ვფიქრობ, არც ერთ სახელმწიფოს არ მიაყენებს ეს ზარალს“,- ასეთი გახლავთ საკითხის მოგვარების ერთ-ერთი შესაძლებლობა, ისტორიკოსის აზრით,- „წყნარად და მშვიდად თუ ვისაუბრებთ ამ საკითხზე, მისი მოგვარების შანსები არაა მცირე. ბაქოშიც, თბილისშიც შეიძლება კონფერენციების მოწვევა და მსჯელობა. ჩვენ და აზერბაიჯანელები, დიდწილად, ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და დიდი სიბეცე იქნება, გადავემტეროთ ერთმენთს და ამით მტერი გავახაროთ.“

ბექა კობახიძე კიდევ ერთი ისტორიკოსია, რომელიც "ამერიკის ხმასთან" საუბრობს დავით გარეჯის საკითხზე და აღნიშნავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენის საკითხი აქტუალიზდება საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგომ. „ეს ტერიტორია შუასაუკუნეებიდან მოყოლებული ეკუთვნოდა საქართველოს, რუსეთთან შეერთების დროისთვის ქართლ-კახეთის სამეფოს. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში როგორც ასეთი, ცალკე პოლიტიკური ერთეული საქართველო ან აზერბაიჯანი არ არსებობდა. იყო თბილისის, ქუთაისის გუბერნიები, ასევე განჯისა და ბაქოს გუბერნიები. იმპერიის დაშლის დროისთვის სასაზღვრო საკითხები საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებელ რესპუბლიკებს შორის ბოლომდე გარკვეული არ ყოფილა. იყო ძალიან მცირე დრო, ძალიან კარგი ურთიერთობა და საერთო საფრთხე ჩრდილოეთიდან. ამ ორ სახელმწიფოს ჰქონდა სრულიად ჰარმონიული თანამშრომლობა და არ დამდგარა ისეთი საკითხი, როგორიცაა ზაქათალა.“

საზღვრის საკითხი აქტიურდება საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში არიან ნაციონალ-უკლონისტები. ისინი ქმნიან კომისიას, რომელმაც უნდა დაადგინოს საზღვრები, მათ შორის დავით-გარეჯისა და ზაქათალის მიმართულებაზე. „შეთანხმება ვერ ხერხდება. საკითხი განსახილველად გადაეცემა რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიუროს, რომელსაც ხელმძღვანელობდა სერგო ორჯონიკიძე, ხოლო მოსკოვიდან დირექტივებს იძლეოდა სტალინი, რომელიც გახლდათ ეროვნებათა სახალხო კომისარი. ეროვნებათა მინისტრი, ასე რომ ვთქვათ. ეს საზღვრები გაივლო 1922 წელს. ბოლშევიკებისთვის არ იყო აქტუალური რელიგიური ძეგლების კუთვნილების საკითხი, რადგან 20-იანი წლების საბჭოთა კავშირში ეს საკითხი პრიორიტეტული არ ყოფილა. მეორე მხრივ, ეს იყო ერთიანი სახელმწიფო. დავით გარეჯის კომპლექსი მოექცა საზღვრის გასაყართან. აზერბაიჯანს სჭირდებოდა საძოვრები და აქედან გამომდინარე, საზღვრები გაივლო იქ, სადაც ახლა დგანან აზერბაიჯანელი და ქართველი მესაზღვრეები“,- გვეუბნება ბექა კობახიძე.

მისი მოსაზრებით, საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია, თუ საქართველო და აზერბაიჯანი მაქსიმალურად გახსიან საზღვრებს. ამით ამ საკითხს მნიშვნელობა დაეკარგება. ამჟამად პრობლემურ მონაკვეთებზე კი წვდომა სრულად ექნებათ როგორც ქართველებს, ისე აზერბაიჯანელებს.

დავით გარეჯის საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტი

ლევან ალაფიშვილი, იურისტი, რომელიც თითქმის ერთი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდგომ კი თავდაცვისა და უშიშროების სფეროში მიღებული ყველა კანონის, საკანონმდებლობლო აქტების ავტორი ან თანაავტორია, "ამერიკის ხმასთან" სასაზღვარო საკითხების სამართლებრივი ასპექტების შესახებ საუბრობს: „საზღვრის კანონით, საქართველოს კონსტიტუციით მკაფიოდაა განსაზღვრული საქართველოს საზღვრები. გაეროს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი გახლავთ საზღვრების ცნობისა და უცვლელობის პრინციპი. ამ პრინციპის შეცვლა, უბრალოდ არ მოხდება, თუმცა საკითხის გაუაზრებლად გაგძელებამ, შეიძლება, ძალიან ბევრი პრობლემა გააჩინოს. როდესაც სახელმწიფოს მეთაური ხარ, გულში მჯიღს იცემ და აზერბაიჯანისკენ ხელს იშვერ, არ შეგიძლია მოჰკითხო უფრო მეტად კომპეტენტურ ადამიანებს, როგორ მაქვს საქმე სხვა სახელმწიფოებთანო? პასუხისმგებლობა ასეთი რანგის სახელმწიფო მოხელისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან შეიძლება ერთ გაუფრთხილებელ სიტყვას მძიმე შედეგები მოჰყვეს. დადგენილი საზღვარი არ გვაქვსო, რომ ამბობს, მოიკითხა, სხვა სახელმწიფოებთან რა მდგომარეობა გვაქვს? დადგენილი გვაქვს საზღვრები?“

საქართველოს მოქალაქეებს, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთა უპრობლემოდ შეუძლიათ. ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ საკითხის მშვიდობიანი მოგვარება შესაძლებელია კონკრეტულ ტერიტორიებზე, ორმხრივი შეთანხმებით. „ჩემი აზრით, შესაძლებელია აქ გზაგამტარის გაკეთება. ესაა ერთ-ერთი გადაწყვეტა. საკამათო არის, თუ თუ არ არის საზღვარი, ამას, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ბერებისთვის, მომლოცველებისა თუ ტურისტებისთვის გადაადგილებას აქ ხელი არ შეეშლება და ძეგლის დაცვა შესაძლებელი იქნება. სასაზღვრო ზონა, სასაზღვრო ზოლი, ჩემი ერთ-ერთი შეთავაზება იყო 96 წელს. ორივე მხრიდან, სახელმწიფო საზღვარზე დგინდება სასაზღვრო ზონა და სასაზღვრო ზოლი, როგორც განსხვავებული რეჟიმი. გარკვეული მოდიფიკაციით, ეს დღემდე ასე მუშაობდა“,- ამბობს ლევან ალაფიშვილი.

მისივე თქმით, ყველა მომიჯნავე სახელმწიფოსთან, გარდა თურქეთისა, მინიმუმ ოთხი საკამათო მონაკვეთი არსებობს. მოლაპარაკებებში სხვადასხვა დროს, გამოიყენებოდა სხვადასხვა რუკები, მათ შორის, 1922, 1932, 1936, 1938 წლის რუკები. „ბუნდოვანებას ქმნის ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დროს ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილება მიმდინარეობდა კატოგრაფების და იმდროინდელი კანონმდებლების მეცადინეობით, სსრკ რეგულაციებით და ერთსა და იგივე დროს, ერთი და იგივე გამომცემლის მიერ გამოქვეყნებული საჯარო და საიდუმლო რუკებში ერთი პატარა წერტილი სხვადასხვა ადგილას გვხვდება. ამგვარი ხარვეზები საკმაოდ ართულებდა მუშაობას,“- გვეუბნება ალაფიშვილი და დასძენს, რომ არ იქნება აზერბაიჯანთან პრობლემა, თუკი მოლაპარაკებები ცივილურად და პრაგმატულად წარიმართება.

პატრიარქის განცხადება

27 მაისს დავით გარეჯის საკითხის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც მითითებულია, რომ საეკლესიო თემიდან გამომდინარე, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში. პატრიარქმა მოუწოდა როგორც მრევლს, ისე სამღვდელოებას კეთილონიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ და მზადყოფნა გამოთქვა მოლაპარაკების პროცესში ჩასართველად.

პატრიარქის განცხადების შემდგომ, დავით გარეჯში ვითარება განიმუხტა. ამჟამად გადაადგილება შესაძლებელია როგორც ჩიჩხიტურის კოშკის, ისე უდაბნოს მონასტერის მიმართულებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG