დავით გარეჯის უნიკალური სამონასტრო კომპლექსი კიდევ ერთხელ ხდება ქართული საზოგადოების მღელვარების მიზეზი. აზერბაიჯანის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით 6 მაისიდან ქართველ მორწმუნეებს და ტურისტებს უდაბნოს მონასტრისა და ჩიჩხიტურის კოშკის მონახულების საშუალება აეკრძალათ.
გარეჯის კომპლექსის ეს მონაკვეთი, ქართველი ბოლშევიკების ღალატისა და რუსეთის პოლიტიკის წყალობით, 1924 წლიდან, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალიტური რესპუბლიკის შემადგენლობაში აღმოჩნდა, თუმცა 1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტერიტორია აზერბაიაჯანსა და საქართველოს შორის სადაოდ ითვლებოდა.
ამ პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელ ტურისტებს ამ ძეგლების მონახულება უპრობლემოდ შეეძლოთ, თუმცა ახლა იქ აზერბაიჯანელი და ქართველი მესაზღვრეები მხოლოდ სასულიერო პირებს უშვებენ.
სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ნინო კალანდაძის განაცხადების შემდეგ, რომ ჩიჩხიტური და უდაბნო აზერბაიაჯანისაა. საჯარო მოხელის ამ განცხადებას, როგორც საერო, ისე სასულიერი საზოგადოებაში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა ნინო კალანდაძეს არაკომპეტენტური უწოდა.
ნინო კალანდაძე: „გარეჯის კომპლექსის ის ნაწილი, რომელზეც არის საუბარი საბჭოთა პერიოდიდან არ არის საქართველოს შემადგენლობაში და შესაბამისად არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. კონკრეტულად ეს ნაწილი რომელიც პრობლემის წყარო გახდა. ეს ნაწილი სადაო ტერიტორიებს არ განეკუთვნება.“
არქიმანდრიტი ილარიონი: „ამ ტერიტორიის გარეშე საქართველოს წარმოდგენა არ შეიძლება. თუ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აქ დიდხანს დარჩნენ, ისინი ამ მიწას ჩათვლიან თავის საკუთრებად და მათი გაშვება აქედან უკვე ძნელი იქნება.
სამი წლის წინ იყო სიტუაცია ასე გამწვავებული, მაშინ საზღვრის დამდგენი კომისიის თავჯდომარე იყო გიორგი მანჯგალაძე, რომელსაც პირადად დავათვალიერებინე ეს ტერიტორია და შეგვპირდა, რომ ჯერჯერობით, არაფერი არ არის ხელმწერილიო და სანამ არ შეთანხმდება ეს ყველაფერი, პირობას გაძლევთ, არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნებაო.
ეს იყო სამი წლის წინ და დღეს ვისმენთ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას, რომ ეს ტერიტორია თითქოს სადაო არასოდეს ყოფილა. შთაბეჭდილება დამრჩა ისეთი, რომ ამ ქალბატონმა არ იცოდა რა თემაზე საუბრობდა.“
2011 წლის მაისის მონაცემებით, აზერბაიჯანსა და საქართველოს 480 კილომეტრიანი საზღვრის მონაკვეთიდან, მხოლოდ 300 კილომეტრი იყო შეთანხმებული. სადაო ტერიტორიებად რჩებოდა დავით გარეჯის ნაწილი, წითელი ხიდის ტერიტორია და სოფელი ერისიმედი.
აზერბაიჯანული პრესის ცნობით, გასული წლის, 3 მარტს აზერბაიჯანელმა და ქართველმა ექსპერტებმა ბაქოში სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე მუშაობა დაასრულეს. მაშინ აზერბაიჯანის მიწისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა ღარიბ მამედოვმა აღნიშნა, რომ „საზღვრები არ შეიძლება დადგინდეს ისტორიული ძეგლების მიხედვით, საზღვრების დასადგენად ვითვალისწინებთ, საბჭოთა დროინდელ რუქებს.“
რა დამატებითი შეთანხმება შედგა, ან შედგა თუ არა შეთანხმება საერთოდ ბაქოსა და თბილისს შორის უცნობია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინიტროში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.
საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც თანამდებობა 2005 წლის ბოლოს დატოვა, აღნიშნა, რომ დავით გარეჯის სადაო მონაკვეთის ბედის გარკვევა უშუალოდ პრეზიდენტი სააკაშვილის პრეროგატივა იყო.
„ჩემი დროიდან, ძალიან კარგად მახსოვს სად დავტოვეთ ეს საკითხი. იყო დაუდგენელი ორი და კიდევ ერთი პატარა მონაკვეთი სახელმწიფო საზღვრის. დაუდგენელი არ ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია მათია და ჩვენ ვაღიარებთ იმათ სუვერენიტეტს ამ ტერიტორიის ნაწილზე.
მე პირადად ნათქვამი მქონდა სააკაშვილისთვის, რომ ჩვენ მინისტრების, კომისიების დონეზე რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ყველაფერი გავაკეთეთ და აწი, მხოლოდ პრეზიდენტების დონეზე შეიძლება გადაწყდეს დავით გარეჯისა და წითელი ხიდის საკითხი მეთქი. იმის მერე, როგორც ჩანს არაფერი გაკეთებულა, მხოლოდ ასეთ უაზრო და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ.“
თბილისიდან სამოც კილომეტრში მდებარე დავით გარეჯი, უმნიშვლელოვანესი ქართული კულტურული ძეგლია, რომელიც მეექვსე საუკუნეში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ - დავითმა დაარსა.
საბჭოთა პერიოდში, გარეჯის სიახლოვეს განლაგებული იყო წითელი არმიის სამხედრო პოლიგონი, რამაც მონასტერს აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა. 1988 წელს, სწორედ პოლიგონის დახურვის მოთხოვნით დაწყებული სტუდენტთა საპროტესტო მოძრაობა, საბოლოოდ ეროვნულ მოძრაობაში გადაიზარდა და ეს ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.
საქართველოს ამჟამინდელი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი კი დავით გარეჯს არა ქართულ, არამედ ალბანური წარმოშობის ძეგლად მიიჩნევს. ბაქომ რამდენჯერმე თქვა უარი დავით გარეჯის სადაო მონაკვეთი თბილისისთვის სხვა ტერიტორიაში გაეცვალა.