ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი თარგამაძე: საქართველო ამერიკის სანდო პარტნიორად რჩება


Flag. Us. Nov. 2010
Flag. Us. Nov. 2010

ამერიკაში ვიზიტს აგრძელებს ქართველი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე.

საქართველოს პარლამენტის უმცირესობის და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ამერიკაში ვიზიტისას ჩვენთან სატელევიზიო ინტერვიუ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მნიშვნელობის ხაზგასმით დაიწყო. მან მადლიერება გამოხატა სტუდიაში მოწვევის გამო და წარმატება უსურვა ქართულ რედაქციას. მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამერიკის ხმის მაუწყებლობის შენარჩუნება ვაშინგტონიდან, რათა საქართველოსადმი ამერიკელების ინტერესი შენარჩუნდეს და მომავალში გააქტიურდეს კიდეც.

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერისთვის ამერიკაში ვიზიტი განსაკუთრებით საინტერესოა კონგრესის შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ. მისი თქმით, შეხვედრები, რომლებიც ადმინისტრაციასა და კონგრესის ორივე პალატაში ჰქონდა ორივე პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან ადასტურებს ქართული დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, ისევე როგორც რეფორმების მხარდაჭერას.

გიორგი თარგამაძემ კომენტარი გააკეთა საარჩევნო რეფორმის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისა და 8 ოპოზიციური პარტიის შეხვედრის შესახებ და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საარჩევნო კანონმდებლობისა და გარემოს გაუმჯობესება არ ნიშნავს მხოლოდ ტექნიკურად გამართული ხმის მიცემის პროცედურის უზრუნველყოფას. არამედ, ამ საკითხს ქრისტიან-დემოკრატები მხოლოდ კონტექსტში და კომპლექსურად განიხილავენ. საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობის რეფორმასთან ერთად, თარგამაძის რწმენით, ყველაზე მნიშვნელოვანია კარგად ინფორმირებული ამომრჩევლის არსებობა. ეს კი შეუძლებელი იქნება თავისუფალი მედიის გარეშე. პარტია მიესალმება რეგულარული, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მონაწილებით შეხვედრების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას და იმედს გამოთქამს, რომ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ახლადშექმნილი სამუშაო ჯგუფი მოლოდინს გაამართლებს.

ამერიკა-საქართველოს სამომავლო ურთიერთობების განვითარებას ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ოპტიმიზმით უყურებს და დასძენს, რომ პოლიტიკური კონფიგურაციის ცვლილება არ გამოიწვევს მნიშვნელოვან გავლენას ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე. ამასთანავე, რესპუბლიკური პარტიის მოძლიერება მას ამერიკის გავლენის გააქტიურების წინაპირობად მიაჩნია. თარგამაძე დარწმუნებულია, რომ ობამას ადმინისტრაციისთვის, ისევე როგორც გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენებისთვის საქართველო სანდო და დასაყრდენ პარტნიორად დარჩება, თუმცა ამ რწმენის შენარჩუნება საქართველოზეც იქნება დამოკიდებული.

ბატონმა გიორგიმ არ დამალა, რომ მისი ვიზიტის დროს საუბრები შეეხო საქართველო-ირანის ურთიერთობებს. ოფიციალურ თბილისს დღეს თეირანთან ფრთხილი მიდგომები სჭირდება და განსაკუთრებით იმ დამოკიდებულების ფონზე, რომელიც მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს აქვთ შემუშავებული ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებაში.

ინტერვიუს დროს ქართველმა პოლიტიკოსმა რუსეთ-ამერიკის "გადატვირთვის კონტექსტში მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობებზეც ისაუბრა.

ინტერვიუს სრული სახით მოისმენთ 12 ნოემბერს, ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებულ ტელეპროგრამაში.

XS
SM
MD
LG