27 დეკემბერს ყველა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომას ელოდა, რომელზეც, სხვებთან ერთად, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ დღის წესრიგში, როგორიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაა. სინოდის სხდომაზე მიმავალი მღვდელთავრები აცხადებდნენ, რომ განსახილველი საკითხების შესახებ არაფერი იცოდნენ.
მოლოდინი იმის თაობაზე, რომ მღვდელმთავრები კენჭისყრაზე დააყენებდნენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის საკითხს და გაირკვეოდა, უჭერს თუ არა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მხარს ახალი წევრის შესვლას საერთო მართლმადიდებლურ ოჯახში, არ გამართლდა. სინოდის სხდომიდან გამოსულმა მღვდელმთავრებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას მას შემდგომ მიიღებენ, რაც უკრაინის ეკლესია ტომოსს მიიღებს მსოფლიო პატრიარქისგან. ეს კი 6 იანვარს მოხდება.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი დიდი ხანია რელიგიურ ჩარჩოებს გასცდა. რეალურად, რუსეთი იბრძვის საკუთარი ორბიტის შესანარჩუნებლად და ამის დაფარვას არც ცდილობს.
"ამერიკის ხმამ" გორისა და ატენის მიტროპოლიტს მეუფე ანდრიას ჰკითხა იმის შესახებ, მზადაა თუ არა პირადად ცნოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. მიტროპოლიტი ამ კითხვაზე გადაჭრით კის ან არას არ პასუხობს: „ჩემთვის დღეს რამოდენიმე შეკითხვა არსებობს, რომელზეც მე მინდა მივიღო პასუხი. მათზე მე ჯერ არ მაქვს პასუხი. ვიტყვი პირდაპირ. ეს კითხვები მიჩნდება განხეთქილებაში, ანათემირებული სამღვდელოების სტატუსის გამო, მათი ევქარისტიულ კავშირში შემოყვანასთან დაკავშირებით. ამ კითხვაზე პასუხი მე არ მომისმენია. როდესაც მათ მოვისმენ, შემდგომ დავიწყებ ჩემი მოსაზრების ჩამოყალიბებას იმის თაობაზე, დავუჭერ თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის საკითხს,“- გვეუბნება მეუფე ანდრია.
საქართველოსა და უკრაინის ეკლესიების ავტოკეფალიის საკითხი, ისევე როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით არსებული ვითარება, ბევრ ანალოგიას ქმნის. 2018 წელს უკრაინის ეკლესიაც ისევეა მიუღებელი რუსეთის ეკლესიისთვის, როგორც საქართველოს ეკლესია იყო მიუღებელი ერთი საუკუნით ადრე, 1917 წელს, როდესაც აქ ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ გამოცხადდა. მეუფე ანდრია ამ ანალოგიას არ ეთანხმება და ამბობს, რომ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია ეკუთვნოდა კანონიკურად, „რადგან ის სახელმწიფო (რუსეთის იმპერია), რომლის იმპერატორისთვის უნდა ეერთგულა, 1917 წლისთვის უკვე აღარ არსებობდა, შესაბამისად, ეკლესიასაც არავის წინაშე არ ჰქონდა ვალი“.
ამის მიუხედავად, რუსეთის პატრიარქმა ტიხონმა ქართული ეკლესიის სამღვდელოება შეაჩვენა და მასთან ევქარისტული კავშირიც გაწყვიტა. მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს მართლმადიდებელმა, ავტოკეფალურად გამოცხადებულმა ეკლესიამ ეკლიანი გზა განვლო. მისი აღიარება იმ პერიოდში არც კონსტანტინოპოლის პარტიარქის მიერ არ მომხდარა. ქართულ ეკლესიას, ფაქტობრივად 73 წელი დასჭირდა მართლმადიდებელ ოჯახში სრულფასოვან წევრად ცნობისთვის.
„დღეს შემქნილია ისეთი ისტორიული რეალობა, რომელშიც წარმოიქმნებიან ახალი ეროვნული სახელმწიფოები, რომელთაც ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინება უწევთ როგორც სხვა ქვეყნებს, ასევე მართლმადიდებლურ ეკლესიებსა და ეკლესიათა წევრებსაც. ასეთ რეალობას მიეკუთვნება მართლმადიდებელ აღმსარებლობის მქონე განყოფილება უკრაინაში. ურთიერთდაპირისპირებული ადამიანების დაპირისპირების საკითხებზე რაკი ეკლესიები შეთანხმდნენ, რომ უნდა გამომუშავებულიყო ერთობლივი პოზიცია, ეს საქმე ბოლომდე უნდა მისულიყო,“- გვეუბნება მეუფე ანდრია.
უღიარებლობის თაობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც რომ არაერთხელ შექმნია პრობლემა, ამის შესახებ მეუფე ანდრია შემდეგ მაგალითს იხსენებს: „კათოლიკოს-პატრიარქი 1963 წელს ჩავიდა კუნძულ როდოსზე ყოვლად მართლმადიდებლურ შეკრებაზე, მას მიმართავდნენ როგორც ავტონომიურ და არა როგორც ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენელს, სწორედ ბერძნული ეკლესიის წარმომადგენლები. მისმა უწმინდესობამ დატოვა ეს სხდომა ამის გამო. კარგი იქნება, ახლო მომავალში ჩატარდეს ყოვლად მართლმადიდებლური ეკლესიების შეხვედრა და ეკლესიებმა განიხილონ ასეთი საკითხები იმისთვის, რომ მომავალში არ შეიქმნას ასეთი გაურკვევლობები მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის“
"ამერიკის ხმა" ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელს, თეოლოგს ბექა მინდიაშვილსაც ესაუბრა. ის ამბობს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი მხოლოდ პოლიტიკური ქვეტექსის გამო იქცა პრობლემად. ამ უკანასკნელის შემქმნელი კი რუსეთია, რომელიც რელიგიას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს.
„უკრაინის ავოკეფალია, ალბათ, ათასწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური მოვლენაა, რადგან ამ აქტით არა მარტო უკრაინის მართლმადიდებელი მრევლი ერთიანდება საერთო მართლმადიდებლურ ოჯახში, ასევე დიდ დარტყმას იღებს ზოგადად პოლიტიკური, იდეოლოგიზირებული მართლადიდებლობა, რუსული მართლმადიდებლობა, რომელსაც რუსეთის სახელმწიო იყენებს, როგორც რბილ ძალას ქვეყნებზე ზეგავლენის მოსახდენად. ეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გაძლიერებისთვისაც მნიშნველოვანი ნაბიჯია, რომელიც რუსეთის ეკლესიისგან განსხვავებით, ცდილობს მართლმადიდებლობა დატოვოს თეოლოგიურ-რელიგიურ ჩარჩოებში“- გვეუბნება ბექა მინდიაშვილი.
მისი მოსაზრებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმდენად მძლავრადაა დაქვემდებარებული რუსულ ეკლესიას, რომ რთული წარმოსადგენია მხარი დაუჭიროს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხს. „აცდენილი თეოლოგიური, კანონიკური ლოგიკა რომ არ იყოს, ქართული ეკლესია, წესით, უკრაინის ეკლესიას მხარდაჭერას უნდა უცხადებდეს“,- გვეუბნება იგი.
რაკი, თეოლოგის აზრით, სინოდის წევრების უმრავლესობა რუსეთის ინტერესების მიმართ ლოიალურია, ან ან პირდაპირ რუსული პროპაგანდის მსხვერპლია და ესაა პრობლემა. „უკრაინის ეკლესია იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც იყო საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიის ქვეშ. ავტოკეფალიის გამოცხადების შემდგომ, ქართული ეკლესია პატრიარქმა ტიხონმა პირდაპირ დაწყევლა, შეაჩვენა. მხოლოდ ჩვენგან განსხვავებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერს ბევრი მართლმადიდებელი ეკლესია,“- გვეუბნება ბექა მინდიაშვილი. მას საკუთარი პროგნოზი აქვს იმის თაობაზე, ვინ იქნება უკრაინის ეკლესიის მხარდამჭერი. საქართველო, სერბეთი, შესაძლოა ანტიოქია, ბექა მინდიაშვილის მოსაზრებით, მათ შორის არ არიან - „მათ გარდა, სხვა ყველა ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია ღიად დაადასტურებს უარს უკრაინის ეკლესიის აღიარებაზე, ეს იქნება ყველაზე მკაფიო დადასტურება იმისა, რომ ის არის რუსეთის ინტერესების მომსახურე ინსტრუმენტი, როგორც საქართველოში, ისე საერთო მართლმადიდებელ სივრცეში.“
ყველაზე მძლავრი ბერკეტი საქართველოს ეკლესიასთან მიმართებით, რაც შესაძლოა რუსეთს ჰქონდეს, ეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიის იურისდიქციის აღიარების ცვლილებაა, თუმცა ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არგუმენტი სიმყარეს მოკლებულია, რადგან ამით რუსეთი საგანგაშო პრეცენდენტს შექმნის, როგორც თავისავე ტერიტორიაზე, ისე მართლმადიდებლურ სივრცეში. გარდა ამისა, დასძენს თელოლოგი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიის ცნობა არა საქართველოს ეკლესიის კანონიერ სივრცედ ყველა კანონიკური თვალსაზრისით უბრალოდ, შეუძლებელია.
ესაა საქართველოს კანონიკური ტერიტორია და ამას აღიარებს ყველა. „ამ არგუმენტს იყენებენ წლებია იმისთვის, რომ რეალური საფრთხე დაფარონ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეკლესიებს ისედაც ფაქტობრივად აკონტროლებს რუსეთი. აფხაზეთში მათ საერთოდ ბესარიონ აპლია ჰყავთ მივლენილი, რომელსაც რუსეთის საპატრიარქო მფარველობს, იცავს, აჯილდოვებს და თავზე ხელს უსვამს, იმის მაგივრად რომ დასაჯოს კანონიკური წესით,“- გვეუბნება ბექა მინდიაშვილი.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში 47 მღვდელმთავარია. სწორედ მათ მიერ მიცემული ხმებით გადაწყდება, აღიარებს თუ არა საქართველოს ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას.
Facebook Forum