ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენერჯი-ინვესტის დირექტორი 4 წლის წინანდელი დარღვევისთვის დაიჭირეს


"ენერჯი ინვესტის" გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური
"ენერჯი ინვესტის" გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური

უმსხვილესი რუსულ-ქართული საინვესტიციო კომპანიის "ენერჯი ინვესტის" დირექტორის გენო მალაზონიას დაპატიმრება, კვლავ რჩება ყველაზე ხმაურიან პოლიტიკურ მოვლენად.

გამოძიება მალაზონიას - ასეულობით მილიონი ლარის მითვისებაში სდებს ბრალს. ეჭვმიტანილები შეიძლება გახდნენ ენერჯის სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრებიც. მათ შორის რუსეთის მოქალაქეები. მალაზონიას უკვე შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.ადვოკატმა დავით ხაჟალიამ გვითხრა:

"გენო მალაზონია ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას და გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია, თავისთავადარ ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში"

ენერჯი ინვესტი 2004 წელს, მსხვილი რუსული ბანკის მონაწილეობით დაფუძნდა. Vneshtorgbank-ის (ახლანდელი VTB Bank) შვილობილი კომპანიები: "ინტერგაზინვესტი" და "ინტერინვესტი" ენერჯის აქციათა 58 პროცენტს ფლობენ, დანარჩენი 42 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით.

დაფუძნებიდან ერთ წელიწადში "ენერჯიმ" რუსთავის ქიმიური საწარმო "აზოტი" 20 მილიონ დოლარად შეიძინა, 2006 წელს კი გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგურის მშენებლობაში 80 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიაც მიიღო.

2007 წელს რუსთავში სტუმრობისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა "ენერჯი ინვესტს" რუსულ-ქართული თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული მოდელი უწოდა, იმის მიუხედავად, რომ გარდაბნის "ნოუ ჰაუს" მთავარი მინუსი წარმოებული ენერგიის სიძვირე იყო. ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე ამბობს

"ჰიდროელექტროსადგურებზე გამომუშავებული ენერგია რა თქმა უნდა უფრო იაფი იყო და არის, და მას კონკურენციას გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგურის ელექტროენერგია ვერ გაუწევდა.

მაგალითად ამ ერთი წლის ციკლით, 2009-2010 წლის დასაწყისისთვის აღმოჩნდა, რომ თბოგენერაციაზე მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო, მთლიან ენერგეტიკულ ბალანსში, მან მხოლოდ მაქსიმუმ 8-10 პროცენტი შეადგინა.

ფაქტობრივად, მოთხოვნა ელექტროგენერაციაზე არ აღმოჩნდა, ვინაიდან, მთლიანად ქვეყანაში, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა დაკმაყოფილდა შიდა ჰიდრორესურსებით."

საქართველოში პრობლემების მიუხედავად, შარშან, რუსულ-ქართულმა "ენერჯი ინვესტმა" ბელორუსიის უმსხვილესი ქიმიური გიგანტი, ქალაქ გროდნოს "აზოტი" სამწლიან მართვაში აიღო, რაშიც 150 მილიონი დოლარი გადაიხადა.

გროდნოს აზოტის დირექტორი, რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი ოლეგ ჟილინი გახდა, რომელიც მანამდე ენერჯიში გენო მალაზონიას მოადგილედ მუშაობდა. შარშანვე, ენერჯი ასევე ცრდილობდა უკრაინის ქიმიური გიგანტის "ოდესის საპორტო ქარხნის" დაუფლებას.

ქართულ ენერგო ბაზარზე არსებული თამაშის წესებით, ენერჯი ინვესტი გარდაბნის აირტურბინულის მუშაობით ყველა შემთხვევაში იღებდა მოგებას, იმის მიუხედავად, გაიყიდებოდა თუ არა მის მიერ წარმოებული ძვირი ენერგია.

ანალიტიკური ცენტრის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დირექტორი ენერგეტიკის საკითხებში მურმან მარგველაშვილი განმარტავს

"თბოსადგურების მისაღები შემოსავალი შეიძლება იყოს დამოკიდებული არა მარტო ენერგიის გამომუშავებაზე, არამედ სიმძლავრის ქონაზეც, ანუ იმაზე, რომ თბოსადგური იყოს ენერგოსისტემის რეზერვში და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მისი ჩართვა სისტემაში.

ამიტომ, პირდაპირ ვერ შეაფასებ თბოსადგურის მიერ მიღებულ შემოსავალს, მის მიერვე გამომუშავებული ელექტრონერგიის რაოდენობით.

166 მილიონი ლარი, რაზეც ედავება ახლა პროკურატურა "ენერჯი ინვესტს", შეიძლება სავსებით კანონიერად ჰქონდეს მის მფლობელობაში არსებულ გარდაბნის აირტურბინულ ელექტროსადგურს მიღებული.

სხვა საქმეა, ამხელა თანხის გადახდა ამ სადგურისთვის, რამდენად გამართლებული იყო ჩვენი ენერგოსისტემის, ჩვენი ქვეყნის პირობებში, ეს ცალკე საკითხია, მე მგონი ეს საკმაოდ ძვირი ფუფუნება იყო და არის".

ოთხწლიანი მოღვაწეობის შედეგად "ენერჯი ინვესტმა", როგორც ელექტროენერგიის მწარმოებელმა 2010 წლის აპრილის ჩათვლით, სწორედ 166 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

გამოძიება დღეს ამტიცებს, რომ ეს უკანონო შემოსავალია. გენო მალაზონიასთვის წაყენებული ბრალის დადგენილებაში ვკითხულობთ, "მალაზონიამ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან შეთანხმებით არ შეასრულა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ვალდებულება, არ ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი იურიდიული პირი და ბუღალტრული აღრიცხვა არ აწარმოა განცალკევებულად.

შესაბამისად, 2006 წლის 1-ელი ივნისიდან დღემდე ეწეოდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ლიცენზიის პირობების დარღვევით, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის, კერძოდ, 165 მილიონ 828 ათას 582 ლარის ოდენობით მიღება".

უცნაურია, მაგრამ ენერეგეტიკის მარეგულირებელი კომისიაში გვითხრეს, რომ კომისიის მითითების შემდეგ, ენერჯი ინვესტმა წარმოადგინა გარდაბნის ელექტოსადგურის ცალკე ბუღალტრული აღრიცხვა. კომისიის წევრი ირმა ქავთარაძე კერძოდ ამბობს

"ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას ჰქონდა მითითება ენერჯი ინვესტისადმი ცალკე აღრიცხვიანობის შესახებ, რაც შეეხება ცალკე იურიდიული პირის დაფუძნებას, ასეთი მოთხოვნა, ჩვენი, ენერგეტიკული კუთხით კანონში არ არის. შეიძლება სხვა კანონის მიხედვით ედავებიან ამ კომპანიას.

გიმეორებთ, რომ ზუსტად რა დარღვევაზეა აღძრული საქმე, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს, შესაბამისად, არანაირი დოკუმენტი არ გვინახავს თუ კონკრეტულად რა ბრალდება აქვს წაყენებული ენერჯი ინვესტის ხელმძღვანელობას".

ენერჯი ინვესტის რუსი და ქართველი აქციონერები მომხდარის შეფასებაზე უარს ამბობენ. ცნობილია, რომ "ინტერინვესტის" სახით, ენერჯი-ინვესტში ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი პეტერბურგში მცხოვრები ქართველი მილიარდერი ბადრი კაკაბაძეა. ასევე, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი. ყოფილი პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამბობს:

"მართალი რო გითხრათ, ეჭვი მეპარება, რომ ენერჯი ინვესტი ოპოზიციას აფინანსებდეს. ფაქტია, რომ ეს არის თავდასხმა, პირველ რიგში ქართულ ბიზნესზე, სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ეს ჩვეულებრივი ამბავია საქართველოში"

გენო მალაზონია, ნიკა გილაური და ზურაბ ნოღაიდელი
გენო მალაზონია, ნიკა გილაური და ზურაბ ნოღაიდელი

რატომ არ დაიჭირეს ენერჯის დირექტორი ოთხი წლის წინ, როცა, გამოძიების მტკიცებით, მან დანაშაული ჩაიდინა და რატომ მოხდა მისი აყვანა დღეს, არჩევნების წინ, ამაზე ხელისუფლებაში ცალსახა პასუხი არ აქვთ.

ოპოზიცია მარჩიელობს, რა იყო ეს - მმართველი პარტიის საარჩევნო ყულაბის შევსების მცდელობა, ოპოზიციის პოტენციური ფინანსური დონორების - დასჯა გაფრთხილება თუ "ენერჯი ინვესტისთვის" აქტივების ჩამორთმევის პროცესის დაწყება?!

ყველაფერს ნათელი ორი თვის შემდეგ მოეფინება, როცა ცნობილი გახდება რა სახის საპროცესო გარიგებას შესთავაზებს პროკურატურა გენო მალაზონიას. ამ დროისთვის უკვე ცნობილი იქნება ისიც, თუ ვინ მოიგო საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

XS
SM
MD
LG