ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული რევოლუციები და 1993 წლის სახელმძღვანელო


არაბული რევოლუციები და 1993 წლის სახელმძღვანელო
არაბული რევოლუციები და 1993 წლის სახელმძღვანელო

ამბოხი ტუნისში და ეგვიპტეში გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ავტორიტარული რეჟიმი ორივე ქვეყანაში რამდენიმე თვეში დაემხო. დიქტატორები გადადგნენ. რევოლუციები მალე მთელ რეგიონს მოედო. მეზობელი ქვეყნის ლიდერები იძულებულნი გახდნენ პოლიტიკური რეფორმებისთვის მიემართათ. ის ხელისუფლებაც კი, რომელმაც ძალაუფლების შენარჩუნება მოახერხა, ყველაზე ცოტა, თავდაცვის პოზიციაში აღმოჩნდა.

მსოფლიო მედიაში გაჩნდა აზრი, რომ აღმოსავლური რევოლუციების უკან ამერიკელი პენსიონერი პროფესორი ჯინ შარპი დგას და ამბოხთა ორგანიზატორები სწორედ მის წიგნში -„დიქტატურიდან დემოკრატიისკენ“ ჩამოყალიბებულ პრინციპებს მიჰყვებოდნენ.

1993 წელს გამოცემული წიგნი, პროფესორის თქმით, თითქმის 20 წლის კვლევა-ძიებას ეფუძნებოდა. მისი დაწერის შესახებ თხოვნა კი ბირმელი დისიდენტებისგან მოდიოდა. წიგნი გამოქვეყნებისთანავე 34 ენაზე გამოიცა.

არაბულადაც თარგმნეს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ის მუსლიმთა საძმოს ვებ-გვერდზეც დევს“. - გვეუბნება ის.

ბოსტონელი პროფესორის ნაშრომში განვითარებული თეორიები მჭიდრო კავშირშია ქაიროს თაჰრირის მოედანზე მიმდინარე მოვლენებთან, რომლებმაც ეგვიპტე გარდაქმნეს და მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდნენ.

პროფესორი შარპი აღნიშნავს, რომ მის მიერ განვითარებული მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის თეორია მაჰათმა განდის, ჰენრი დავიდ ტოროს და ალბერტ აინშტაინის გავლენით შეიქმნა. სხვათა შორის, აინშტაინი პროფესორ შარპის პირველი წიგნის წინასიტყვაობის ავტორი გახლდათ. და ორგანიზაციაც, რომელიც შარპმა დააარსა და რომელშიც ის საკუთარ ნაშრომებზე მუშაობს, მის სახელს ატარებს: „ალბერტ აინშტაინის ინსტიტუტი“.

ჯინ შარპის კვლევების ცენტრში არაძალადობრივი ბრძოლის ტაქტიკაა. მისი მეთოდოლოგია პოლიტოლოგიაში ცნობილია, როგორც პოლიტიკური გარდაქმნების განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და ეფექტური საშუალება.

ვცდილობ არაძალადობრივი ბრძოლის მაგალითები გამოვიკვლიო. როგორ მუშაობს ის? ხან ჩავარდება, ხან კი იმარჯვებს. როგორ შეიძლება მისი უფრო მარჯვედ და ოსტატურად დაგეგმვა?

პროფესორი შარპი დღესაც ამ საკითხზე მუშაობს. მის ნაშრომებს მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის თემაზე უდიდესი გავლენა აქვს მთელ მსოფლიოში. სხვა დანარჩენ ქვეყნებთან ერთად ისინი 2000 წლის დასაწყისში მომხდარ აღმოსავლეთ ევროპის ფერად რევოლუციებსაც ედო საფუძვლად.

გადამდგარი პოლკოვნიკი რობერტ ჰელვი ჯინ შარპის ტაქტიკას ბირმელი და სერბი აქტივისტების საწვრთნელად იყენებს.

„ჯინმა ეს იდეები 40 წლის წინ განავითარა. ადამიანთა გონებაში ისინი დაილექა და დღეს ხალხი მათ საკუთარი რწმენის სისტემების ნაწილად განიხილავს და იყენებს“ - აღნიშნავს ბატონი ჰელვი.

პროფესორი შარპი კი 1983 წელს მის მიერ დაარსებული ორგანიზაციისთვის მუშაობას აგრძელებს. მისი ახალი წიგნის სახელწოდებაა „ძალაუფლების და ბრძოლის ცნობარი“. წიგნის გამოქვეყნებას სულ რამდენიმე თვეში უნდა ველოდოთ.

XS
SM
MD
LG