ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეიტსების ფონდი ღარიბ ქვეყნებს კოვიდთან ბრძოლაში დამატებით $120 მილიონით დაეხმარება


გეიტსების ფონდმა დღეს განაცხადა, რომ 120 მილიონ დოლარს გამოყოფს იმისთვის, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებს დაეხმაროს კოვიდ-19-ის სამკურნალო მედიკამენტით. ექსპერიმენტული პრეპარატი ფარმაცევტულმა კომპანია "მერკმა" შექმნა.

ეს თანხა მოხმარდება "მერკში" შექმნილი პირველი შესაძლო სამკურნალო აბის გენერიკული ასლების განვითარებას და დამზადებას, თუკი მას ამერიკელი რეგულატორები დაამტკიცებენ. "მერკმა" განაცხადი "მოლნუპრავირის" საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე დასამტკიცებლად, აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციას 11 ოქტომბერს წარუდგინა.

"მოლნუპრავირის" ფასი ჯერ დადგენილი არ არის. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ის გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე სხვა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატები, რომელთა ადმინისტრირება მხოლოდ ინექციით ხდება.

შეერთებულ შტატებში აქამდე ავტორიზებული ანტივირუსული თერაპიები, რომელთა შორის სახელდება "რემდესივირი" და სამი სხვადასხვა ანტისხეულების კოქტეილი, ვენაში ან კუნთში ინექციას მოითხოვს. "მოლნუპრავირის" აბის მიღება კი შინ, ექიმის ან ექთნის ზედამხედველობის გარეშე შეიძლება.

"დღევანდელი გადაწყვეტილებით უზრუნველყოფილი იქნება მეტი ქვეყნის მეტი მოსახლეობისთვის იმედისმომცემი "მოლნუპრავირის" მიწოდება. თუმცა, ეს პრობლემას არ წყვეტს. ჩვენ მის დასაძლევად სხვა სხვა დონორი ორგანიზაციებიც გვესაჭიროება, ფონდები და მთავრობები" - განაცხადა მელინდა გეიტსმა, ფონდის თანათავმჯდომარემ.

მელინდა გეიტსი
მელინდა გეიტსი

2000 წელს დაფუძნებული "ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი" ამერიკის ყველაზე დიდი და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფილანტროპული ფონდია. გასული წლიდან მოყოლებული, ფონდმა მარტო კოვიდ-19-თან ბრძოლას 1.9 მილიარდი დოლარი მოახმარა.

დღევანდელი მოცემულობით, მსოფლიოში კორონავირუსით დადასტურებულად ინფიცირებულთა რიცხვი 241.58 მილიონს აღემატება. საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, კოვიდ-19-ის გართულებებით მსოფლიოს მასშტაბით 5.1 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG