ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლადაღმოჩენილ ჰორმონს დიაბეტის შეფერხება შეუძლია


ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთა, რომელსაც დიაბეტის დაავადების განვითარების შეცვლის პოტენციალი აქვს. თ. ჰ. ჩანის სახელობის ჯანდაცვის სკოლაში მდებარე საბრი ულკერის ცენტრის უახლესი ნაშრომის მიხედვით, ახლადაღმოჩენილ ჰორმონს, სახელად ფაბკინი, მეტაბოლური პროცესების რეგულირება შეუძლია და როგორც ჩანს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს 1 და 2 ტიპის დიაბეტის განვითარებაში.

პროფესორ გიოხან ჰოთამისლიგილის ხელმძღვანელობით, ამერიკელმა მეცნიერებმა ნახეს, რომ ფაბკინის შემცველობა დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში არანორმალურად მაღალია. თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა კი აჩვენა, რომ ამ ჰორმონის აქტივობის დაბლოკვა ცხოველებში ორივე ტიპის დიაბეტის განვითარებას აფერხებს. შესაბამისად, ამ ჯგუფის ჰორმონები დიაბეტის მკურნალობის საქმეში იმედისმომცემი სამიზნე გახდა.

მეტაბოლიზმის რეგულირებაში ბევრი ჰორმონია ჩართული, მათ შორის ინსულინი და ლეპტინი. ფაბკინი მათგან განსხვავდება, ის არ არის ერთი მოლეკულა ერთი ტიპის რეცეპტორით, არამედ ფუნქციური ცილების მთელი კომპლექსია, რომელშიც სხვებთან ერთად შედის: FABP4, ADK და NDPK.

ექსპერიმენტების მთელი ციკლის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფაბკინი ენერგიის სიგნალებს უჯრედის გარეთ არეგულირებს. სიგნალები რეცეპტორების საშუალებით უჯრედს გადაეცემა და მის ფუნქციას ცვლის. დიაბეტის შემთხვევაში, ფაბკინი აკონტროლებს პანკრეასის ბეტა უჯრედების ფუნქციებს, რომლებიც ინსულინს წარმოქმნიან.

სწორედ ამ ბეტა უჯრედებს იღებს სამიზნედ ფაბკინი და სწორედ ეს ჰორმონია დიაბეტის განვითარების უკან მდგარი, მთავარი მამოძრავებელი ძალა. როცა ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფაბკინის გასანეიტრალებლად ანტისხეულები გამოიყენეს, თაგვებში დიაბეტი აღარ განვითარდა.

მკვეთრი გაუმჯობესება დაფიქსირდა მეორე ჯგუფშიც, რომელშიც ექსპერიმენტი სიმსუქნის დაავადების მქონე თაგვებზე ჩატარდა.

„ათწლეულების მანძილზე ვეძებდით სიგნალს, რომელიც პასუხისმგებელია ადიპოციტში ენერგიის რეზერვების სტატუსზე, შესაბამისი ენდოკრინული პასუხის გენერირებაში, როგორიცაა ინსულინის წარმოქმნა პანკრეასის ბეტა უჯრედების მიერ“ - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, საბრი ულკერის ცენტრის დირექტორი გიოხან ჰოთამისლიგილი. მისი თქმით, მეცნიერთა ჯგუფმა შეძლო „ფაბკინის იდენტიფიცირება, როგორც ახალი ჰორმონის, რომელიც აკონტროლებს ამ კრიტიკულ ფუნქციას ძალიან უჩვეულო მოლეკულური მექანიზმის საშუალებით“.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ ფაბკინის აღმოჩენა მოითხოვს ჰორმონების მუშაობის ფუნდამენტურ გადახედვას. „ძალიან აღმაფრთოვანებელია ახალი ჰორმონის აღმოჩენა, მაგრამ აღფრთოვანება გაცილებით მეტია, როცა ხედავ ამ მიკვლევის გრძელვადიან შედეგებს“ - ამბობს ქეისი პრენტისი, კვლევის კიდევ ერთი წამყვანი ავტორი, ასოცირებული მკვლევარი საბრი ულკერის ცენტრსა და მოლეკულური მეტაბოლიზმის ცენტრში.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომი 8 დეკემბერს გამოქვეყნდა. მისი უფრო დეტალურად გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალში „ნეიჩერ“ (Nature). კვლევის ძირითადი ნაწილი აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების გრანტით არის დაფინანსებული. გიოხან ჰოთამისლიგილთან და ქეისი პრენტისთან ერთად, ნაშრომის ავტორთა ჩამონათვალი ჯანდაცვის სკოლის კიდევ 11 სხვა მეცნიერს აერთიანებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG