დღეს ორ ახალ სამეცნიერო კვლევას გაგაცნობთ, რომელიც ივნისში, ჟურნალში “ნეიჩერ”, დაახლოებით 10 დღის ინტერვალით გამოქვეყნდა. ერთ-ერთში საუბარია 11 გენზე, რომელსაც, მეცნიერების აზრით, ცოცხალ უჯრედში კიბოს მეტასტაზების დაბლოკვის უნარი აქვს. მეორე ნაშრომში კი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ იდენტიფიცირებულია მაღალი ინტელექტის განმსაზღვრელი 1 000-მდე გენი, რომელიც უარყოფით კორელაციაშია ალცჰაიმერთან და შიზოფრენიასთან.
მკვლევარები ალბერტას უნივერსიტეტიდან ფიქრობენ, რომ მათ ამოიცნეს 11 გენი, რომელიც პასუხს აგებს კიბოს გავრცელებაზე სხეულის სხვადასხვა ნაწილში. შესაბამისად, მათი აზრით, კიბოს მეტასტაზების 99.5 პროცენტის შეჩერება შესაძლებელია. საუბარია სხვადასხვა ტიპის კიბოზე.
კანადელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჯერჯერობით მხოლოდ ფრინველის ემბრიონზე ჩაატარეს. ემბრიონს ისინი კვერცხის გარსის გარეშე, რეალურ დროში აკვირდებოდნენ.
ამ უნიკალური პლატფორმის საშუალებით, მეცნიერებმა შეძლეს კიბოს ზრდაზე და გავრცელებაზე ვიზუალური დაკვირვება ეწარმოებინათ. წარმატებულ შედეგებზე დაყრდნობით, მათ იმედი აქვთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპერიმენტებს ადამიანებზე დაიწყებენ.
მიღებული შედეგის “პოტენციალის მნიშვნელობა წარმოუდგენელია” - ამბობს ჯონ ლუისი, კვლევის ხელმძღვანელი. ის ალბერტას კიბოს ფონდის თავმჯდომარეა. ლუისი დარწმუნებულია, რომ ამ ნაშრომით მათ აღმოაჩინეს “11 ახალი გზა, რომელსაც მეტასტაზების აღკვეთის პოტენცია აქვს”.
ჯონ ლუსის თქმით, სწორედ “მეტასტაზები კლავს კიბოს პაციენტების 90 პროცენტს”. ამიტომაც “ვფიქრობ, რომ თუ კიბოს პაციენტებში დაავადების პროგრესირების ნებისმიერ ეტაპზე მეტასტაზების შეჩერება შევძელით, სიცოცხლის გადარჩენის შანსებზე მნიშვნელოვან გავლენას მოვახდენთ”.
ალბერტას უნივერსიტეტის იმავე ლაბორატორიაში კიდევ ერთი საინტერესო კვლევა მიმდინარეობს, რომლის სამიზნეც ასევე კიბოს მეტასტაზებია. მეორე კვლევაში კანადელი მეცნიერები სხვა ტიპის გენებს სწავლობენ, სახელად “მიკრო-რნმ”, რომელსაც მათი აზრით, შესაძლოა, მეტასტაზირების პროცესის პრევენციის უნარი ჰქონდეს.
ნაშრომი ჟურნალის “ნეიჩერ” 14 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა. კვლევა კანადის კიბოს საზოგადოებამ და ალბერტას უნივერსიტეტის კიბოს ფონდმა დააფინანსა.
რაც შეეხება მეორე ნაშრომს, მასზე ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში გაერთიანებული საერთაშორისო მეცნიერებისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობდა. დიდი მოცულობის კვლევაში თითქმის 270 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი 939 გენი, რომელიც ადამიანის მაღალ ინტელექტს უკავშირდება.
კვლევისთვის მეცნიერებმა 14 მონაცემთა ბაზა შეისწავლეს. ბაზაში ერთიანდებოდა როგორც ადამიანთა გენეტიკური ინფორმაცია, ასევე მათი ინტელექტის განმსაზღვრელი სპეციალური ტესტების შედეგები. მონაცემთა შეჯერების შედეგად, მკვლევარებმა შეძლეს ათასამდე გენის იზოლირება, რომელიც ადამიანის მაღალ ინტელექტს განსაზღვრავს.
ნაშრომი ასევე ამტკიცებს, რომ მაღალი ინტელექტის ადამიანები ალცჰაიმერის გარეშე გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე დაბალი ინტელექტის მქონენი. უარყოფითი კორელაცია დაფიქსირდა არამარტო ალცჰაიმერთან, არამედ დეპრესიასთან, შიზოფრენიასთან, ყურადღების დეფიციტსა და ჰიპერაქტიურობის სინდრომთან მიმართებაში.
თუმცა, კვლევის მიხედვით, მაღალი ინტელექტის ადამიანებს აუტიზმის მეტი შანსიც აქვთ. ზოგადად, ინტელექტის გენეტიკურად გადაცემის ალბათობა ძალიან მაღალია. მაღალი ინტელექტი დიდი ალბათობითვე განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას და საბოლოო ჯამში, მის კარგად ყოფნას, მისი ცხოვრების ხარისხს.
მეცნიერთა იმავე ჯგუფმა განსაზღვრა დაახლოებით 500-მდე გენი, რომელიც ადამიანთა ნერვიულ ხასიათს და მის სხვადასხვაგვარ გამოვლენას უკავშირდება. “ეს შედეგები მნიშვნელოვანია კოგნიტური ფუნქციონირების ბიოლოგიური ფუნდამენტის გაგებისთვის და მასთან დაკავშირებული ნევროლოგიური და ფსიქიატრიული აშლილობების უკეთ გასაგებად” - წერენ კვლევის ავტორები.
ნაშრომის დეტალების გაცნობა შესაძლებელია ჟურნალის “ნეიჩერ” 25 ივნისის ნომერში. კვლევა დააფინანსა ნიდერლანდების სამეცნიერო კვლევების ორგანიზაციამ.
Facebook Forum