ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბევრი ბავშვის გაჩენა საშვილოსნოს ენდომეტრიუმის კიბოს შანსს ამცირებს


ავსტრალიის მოლეკულური ბიომეცნიერების ინსტიტუტში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ცხოვრების მანძილზე რაც უფრო დიდი ხანია ქალი ორსულად და ბევრ ბავშვს აჩენს, მით უფრო დაბალია საშვილოსნოს ენდომეტრიუმის კიბოს რისკი. დაავადების რისკებს კონტრაცეპტიული საშუალებების მიღებაც ამცირებს, თუმცა ორსულობა გაცილებით უკეთეს შედეგებს აჩვენებს.

საშვილოსნოს ენდომეტრიუმის კიბოს შემთხვევები მთელ მსოფლიოში მატულობს და ქალებში ყველაზე გავრცელებულ კიბოს დიაგნოზთა შორის, დღეს მე-6 ადგილს იკავებს. საქართველო ენდომეტრიუმის კიბოს მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვით, 2020 წელს მსოფლიოში მე-9 ადგილს იკავებდა. მსოფლიოს კიბოს კვლევის საერთაშორისო ფონდის მონაცემებით, დაავადება პროცენტულად ყველაზე ხშირად პოლონეთში ვლინდებოდა. ენდომეტრიუმის კიბოს შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია განვითარებულ ქვეყნებში.

კვლევის ავტორები გან-ელენ მოენი და შანონ დ’ურსო აღნიშნავენ, რომ მსგავს დასკვნამდე აქამდეც არაერთი ნაშრომის ავტორები მისულან, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა კვლევაში მრავალი რისკფაქტორის ერთდროული შესასწავლის მიზნით, მათ გენეტიკური მონაცემები გამოიყენეს.

ზუსტი მექანიზმი, თუ რატომ ხდება ხშირი ორსულობით ენდომეტრიუმის კიბოს რისკის შემცირება, ჯერჯერობით უცნობია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს დამცავი პროგესტერონის ჰორმონის მატება ორსულობის გვიანდელ ფაზაში. ან კიდევ - შესაძლოა, ორგანიზმი მშობიარობის დროს, განდევნის კანცეროგენული პოტენციალის მქონე ენდომეტრიულ უჯრედებს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გვიანდელ ასაკში შვილის გაჩენა ენდომეტრიუმის კიბოს კიდევ უფრო ნაკლებ რისკთან ასოცირდება. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ გვიანდელ ასაკში ორსულობა იყოს წამყვანი მიზეზი იმის, რომ მრავალჯერადი ორსულობის დროს ენდომეტრიუმის კიბოს რისკი მცირდება.

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც სამეცნიერო ჟურნალში სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ჭარბი წონა ენდომეტრიუმის კიბოს რისკფაქტორებში წამყვან ადგილზეა. განვითარებულ ქვეყნებში, დიაგნოსტირებული პაციენტების 40%-ს ჭარბი წონა აქვს. ცნობილია, რომ სიმსუქნე ხელს უწყობს ცხიმოვან უჯრედებში ესტროგენის აკუმულირებას და მის მაღალ კონცენტრაციას, რაც თავისთავად რისკს ზრდის.

კვლევისთვის მეცნიერებმა გაერთიანებული სამეფოს ბიობანკიდან თითქმის ნახევარი მილიონი ინდივიდის მონაცემთა ბაზა შეისწავლეს. აქედან 273 000 ქალია. ნაშრომის ლიმიტებს შორის სახელდება არასრული გენეტიკური მონაცემები, ასევე შეწყვეტილი ორსულობის და ნაადრევი მშობიარობის მიზეზებზე ხელმიუწვდომლობა.

ნაშრომის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალის BMC Medicine ნოემბრის გამოცემაში. გან-ელენ მოენთან და შანონ დ’ურსოსთან ერთად, კვლევას კიდევ 8 თანაავტორი ჰყავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG