სექტემბრის ბოლოს, ევროპის თავზე გაჩენილი აუხსნელი რადიოაქტიული ღრუბლის თაობაზე ახალი დეტალები ირკვევა. საფრანგეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ჰაერში რადიოაქტიური იზოტოპის რუთენიუმ-106 გაზრდილი შემცველობა ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობაში, 28 ქვეყანაში, 368-ჯერ გაზომვის შედეგად დაფიქსირდა.
პირველად მისი დეტექცია იტალიაში 3 ოქტომბერს მოხდა. რუთენიუმ-106 9 ოქტომბერს გერმანიაშიც იპოვეს. მოგვიანებით, ყველაზე მაღალი კონცენტრაცია საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დაფიქსირდა. ღრუბლის რადიუსი მასშტაბური იყო, დანიიდან დაწყებული, სამხრეთისკენ, კვიპროსით და ესპანეთით დამთავრებული. რამდენიმე კვირაში ღრუბელი გაიფანტა და რადიოაქტიული საფრთხე გაქრა.
სპეციალისტებმა ქარის მიმართულების ანალიზის შედეგად, დაადგინეს, რომ ავარიული გაჟონვა რუსეთის ტერიტორიიდან უნდა მომხდარიყო. სავარაუდოდ, “ეს იქნებოდა სადღაც, რუსეთის სამხრეთით”, მდინარე ვოლგას და ურალის მთებს შორის - უთხრა “ენ-პი-არს” ჟან კრისტოფ გარიელმა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის -მოცულობითი ბირთვული გამოცდის აკრძალვის შეთანხმება (CTBT)- ერთ-ერთი დირექტორია. გაჟონვა მისმა ორგანიზაციამაც დააფიქსირა.
გარიელის თქმით, რუსეთის ამ რეგიონში რამდენიმე ბირთვული საწარმოა განლაგებული, მათ შორის უდიდესია “მაიაკი”. თუმცა, ადგილმდებარეობის ზუსტი მითითებისგან ექსპერტები მაინც თავს იკავებენ, რადგან რუსეთი მის საწარმოებში ინციდენტის ფაქტს აქამდე კატეგორიულად უარყოფს.
იმის მიუხედავად, რომ ამჯერად ევროპის ტერიტორიაზე რუთენიუმ-106 ჰაერში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო რაოდენობით დაფიქსირდა, სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ რუსეთი ავარიის არსებობას საბჭოთა ტრადიციების ინერციით უარყოფს. იმავე “მაიაკზე” 60 წლის წინ მძლავრი აფეთქება მოხდა, რომლის შესახებაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთი წლის დაგვიანებით, ისიც ჭორის დონეზე შეიტყო. ვარაუდობენ, რომ მაშინ დაახლოებით 272 ათასი ადამიანი მოიწამლა, იყო მსხვერპლიც, თუმცა რაოდენობა უცნობია. “მაიაკზე” 1957 წელს მომხდარი აფეთქების სიმძლავრეს და მასშტაბურობას სპეციალისტები ჩერნობილს და ფუკუშიმას ადარებენ.
მას შემდეგ, რაც წელს რადიოაქტიული ნივთიერების გაჟონვის დეტექცია იტალიაში და გერმანიაში მოხდა, 9 ოქტომბერს, ჩელიაბინსკის რეგიონის ადგილობრივმა მთავრობამ, სადაც “მაიაკი” მდებარეობს, განცხადება გააკეთა. მასში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია “როსატომი” ჰაერს რეგულარულად ამოწმებს და რომ “რადიაციის რაოდენობა რეგიონში ნორმის ფარგლებშია”. რამდენიმე დღეში მსგავსი განცხადება უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაკეთდა: რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ “ურალის მთების ტერიტორიაზე რადიაციული ღრუბელი არ ფიქსირდება”.
სიტუაცია დრამატულად შეიცვალა ნოემბერში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ოგანიზაციას “გრინფისი”, რომელიც მოსკოვისგან ოფიციალურ პასუხს უკვე ერთი თვეა ითხოვს. ერთი კვირის წინ, მოულოდნელად გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რადიაციის დონე “მაიაკის” მახლობლად სექტემბრის ბოლო-ოქტომბრის დასაწყისში ნორმაში კი არ იყო, არამედ “უკიდურესად მაღალი” გახლდათ. განცხადების ავტორია რუსეთის რადიაციის მონიტორინგის სახელმწიფო სააგენტო “როსჰიდრომეტი”.
ორგანიზაცია “გრინფისის” ცნობით, “როსატომი”, რომლის მუშაობა გამჭვირვალობით არ გამოირჩევა, რამდენიმე ატომური სადგურის აშენებას გეგმავს ევროპაში, ასევე - აზიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც. რუსეთის სახელმწიფო კორპორაციამ ჯერჯერობით ვერავინ დაარწმუნა იმაში, რომ ის პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციაა. “როსატომი” არასოდეს აქვეყნებს “გაზომვების მონაცემებს, ან კონსტრუქციულ ანალიზს იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს წყარო. მხოლოდ უარყოფა, ყურადღების გადატანა და თავდასხმა ინფორმაციის გამვრცელებელზე” - ნათქვამია “გრინფისის” გვერდზე 27 ნოემბერს გამოქვეყნებულ მასალაში.
საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, ჩერნობილის ტრაგედიის კვალზე, რუსეთის პარლამენტმა ახალი კანონი დაამტკიცა. რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, გარემოს დაბინძურებით შექმნილი საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება იკრძალება. ის, თუ რამდენად სრულდება რალობაში ეს კანონი, რუსეთის მოსახლეობის და მისი მეზობელი ქვეყნების შეშფოთების საგანი უნდა იყოს.
Facebook Forum