ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპული უსაფრთხოების მომავალი - დისკუსია ვაშინგტონში


კონგრესში პრეზიდენტის გამოსვლის მეორე დღეს, ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში ევროპის უსაფრთხოებისა და მისი მომავლის შესახებ ისაუბრეს.

რა სივრცე რჩება საქართველოსა და მისი მსგავსი ქვეყნებისთვის მაშინ, როდესაც ევროპის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებში ნაციონალისტური პარტიები მძლავრობენ და არავინ იცის, როგორი იქნება წელს რამდენიმე ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების შედეგები.

ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველო მოთმინებით უნდა დაელოდოს იმას, თუ როგორ გამოიკვეთება დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის კონტურები. მსგავსი შეხედულება აქვს “საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცენტრის” დირექტორ კრისტოფერ ჩივისსაც:

“რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ისეთია, რომ ბევრი რამ სწორედ ახლა უნდა გადაწყდეს. ვიმედოვნებ, საქართველო მოთმინებით დაელოდება იმას, რომ დასავლეთის საგარეო პოლიტიკა უფრო აშკარად გამოიკვეთოს და გასაგები გახდეს კონკრეტული მიმართულებები საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის”, - ამბობს ჩივისი

საერთაშორისო პოლიტიკის ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ დასავლეთის მხრიდან პოლიტიკური ყურადღებისა და ფინანსური დახმარების შემცირების რისკი არსებობს, თუმცა ამ ყველაფრის მიმდინარეობას დიდწილად მაინც ის განსაზღვრავს, რამდენად გაგრძელდება საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი.

მეთიუ როჟანსკი, კენანის ინსტიტუტის დირექტორი ფიქრობს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ახლა საერთაშორისო მხარდაჭერის მხრივ შედარებით რთული გარემოა შექმნილი:

„საქართველოსა და უკრაინას გაცლიებით ნაკლებად ენთუზიასტურ საერთაშორისო გარემოში უხდებათ ახლა ყოფნა: როცა მათ მიმართ შედარებით ნაკლები პოლიტიკური ყურადღება არსებობს და შედარებით ნაკლები რესურსია ხელმისაწვდომი მათ დასახმარებლად. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ მათი პრობლემები უმნიშვნელოა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა დანებდნენ, ეს იმ ხალხის მომავალს ეხება, ვინც იქ ცხოვრობს. ამერიკაში კი ვიმედოვნებთ, რომ ამ ორ ქვეყანაში რეფორმებიდა და დემოკრატიული გარდაქმნის მცდელობა გაგრძელდება და ეს პროცესი თავად ქართველებისა და უკრაინელების მიერ იქნება წარმართული.”

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში და მაკკეინის „საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის“ დირექტორი კურტ ვოკერი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შტატების მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

“ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ ვხედავთ ღიაობასა და იმედს, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს და დაიწყოს თანამშრომლობა იმაზე, რაზეც ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესები გაიყიდება. საქართველო კი ერთგულია მის მიერ არჩეული კურსის, რაც გულისხმობს დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, ისევე როგორც ტრანსატლანტიკური საზოგადოების ღირებულებებს.”

საერთაშორისო ექსპერტების უმეტესობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველომ არჩეულ გზაზე სიარული უნდა განაგრძოს, განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები და ასევე იზრუნოს დამოუკიდებელი მედია გარემოს შენარჩუნებაზე. ამ შემთხვევაში მისი და მისი უსაფრთხოების მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა გაგრძელდება.

სიუჟეტი ეკა მაღალდაძემ ვაშინგტონში მოამზადა.

XS
SM
MD
LG