ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ, საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი გმობენ ირანის მიერ ურანის გამდიდრების გაზრდას


შეერთებულ შტატებთან ერთდ, საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა დაგმეს ირანის მიერ 60%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოების გაზრდა. ურანის გამდიდრების ეს მაჩვენებელი ახლოსაა მისი ბირთვული იარაღის საწვავად გამოყენების დონესთან.

ერთობლივ განცხადებაში, მოკავშირეებმა არ დააკონკრეტეს, მოყვება თუ არა ირანის ამ ქმედებას მათი მხრიდან რაიმე კონკრეტული შედეგი. თუმცა, მათ ირანისგან მოითხოვეს შეწყვიტოს ურანის ამგვარად გამდიდრება და განაცხადეს, რომ ისინი რჩებიან "ერთგულები [პრობლემის] დიპლომატიურად გადაწყვეტის" გზის.

„ირანის მიერ მაღალგამდიდრებული ურანის წარმოებას არ გააჩნია სანდო სამოქალაქო გამართლება“, - ნათქვამია განცხადებაში. "ეს გადაწყვეტილებები... წარმოადგენს დაუფიქრებელ ქცევას დაძაბულ რეგიონულ კონტექსტში".

ღაზის სექტორში ისრაელის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ, რომელიც "ჰამასის" მებრძოლების ლიკვიდაციას ისახავს მიზნად, ირანის მიერ მხარდაჭერილმა მებრძოლებმა, გაზარდეს იერიშები გემებზე წითელ ზღვაში. გაიზარდა თავდასხმათა რიცხვი ამერიკის ჯარებზე ერაყსა და სირიაშიც, რაც მკვეთრად აღრმავებს დაძაბულობას მთელ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

ისრაელმა ომი ღაზაში "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის პასუხად დაიწყო.

გაეროს ბირთვული კონტროლის ორგანიზაციამ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA), სამშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში დაწერა, რომ ირანმა ერთთვიანი შენელებული ტემპის შემდეგ, კვლავ დაიწყო ურანის 60%-მდე გამდიდრება.

ირანმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია. თეირანი ასევე უარყოფს, რომ ურანს ატომური იარაღის შესაქმნელად ამდიდრებს და აცხადებს, რომ ეს პროცესი მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG