შეერთებული შტატების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადმინისტრაციის ცნობით ყოველ წელს ექვსი ამერიკელიდან ერთი სურსათთან დაკავშირებული დაავადებისგან ავადდება. შეერთებული შტატების კონგრესმა ცოტა ხნის წინ მიიღო ახალი კანონმდებლობა, რომელიც ამგვარ დაავადებებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი სტივ ბარაგონა.
სურსათთან დაკავშირებული ეპიდემიები შეერთებულ შტატებში გარკვეული სიხშირით ფიქსირდება. მაგალითად ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა კვერცხთან, მიწის თხილის კარაქთან და სხვა სასურსათო პროდუქტებთან დაკავშირებული ეპიდემიები, რომლებმაც სხვადასხვა შტატებში ასობით ადამიანის ჯანმრთელობა შეარყია და პოლიტიკოსების ყურადღება მიიპყრო.
კონგრესის მიერ მიღებული ახალი კანონმდებლობა მსგავსი ეპიდემიების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, აღნიშნავს საქველმოქმედო ორგანიზაცია Pew Charitable Trusts-ის სურსათის უსაფრთხოების კამპანიის დირექტორი სანდრა ესკინი.
„სახეზეა აშკარა ცვლილება. მთავრობა სურსათის მიწოდების სფეროში უფრო მკაცრი უსაფრთხოების სტანდარტების დაწესებას ახლა სულ სხვანაირად უდგება,“ აღნიშნავს სანდრა ესკინი.
ახალი წესების თანახმად სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია საკვები პროდუქტების მწარმოებლებისგან მოითხოვს ისეთი ზომების მიღებას, რომელიც დაბინძურების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს ვიდრე სასურსათო პროდუქტი მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება.
სურსათის უსაფრთხოებას მზარდი ადგილობრივი სურსათის მწარმოებელთა მოძრაობა ართულებს. ამ მოძრაობაში მონაწილე ფერმერები მასობრივ სამრეწველო სასურსათო ინდუსტრიას ეწინააღმდეგებიან. ბოლო ათწლეულის მანძილზე ამერიკაში ადგილობრივი სასურსათო საქონლის ბაზრების რიცხვი გაორმაგდა და ამჟამად 6,000-ს აჭარბებს. ასეთ ბაზრებზე ამერიკელი მომხმარებლები სოფლის ნობათს უშუალოდ ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობენ. მონიკა ბლოუმიოლერი ვაშინგტონში ერთ-ერთი ასეთი ბაზრის მახლობლად ცხოვრობს.
„სურსათის ხარისხში დარწმუნებული ვარ. ვიცი, რომ მათ პროდუქტები მცირე რაოდენობით მოაქვთ. ეს კი ყველაფერს უფრო უსაფრთხოს ხდის,“ აღნიშნავს მონიკა.
ექსპერტები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი სურსათი იგივე რისკის ფაქტორებს უკავშირდება. თუმცა დაბინძურებული ადგილობრივი სურსათის რეალიზაციის შემთხვევაში დაავადებულთა რიცხვი უფრო მცირე იქნება ვიდრე თუ ამგვარი ინციდენტი სასურსათო ქარხანაში მოხდა.
სურსათის უსაფრთხოების ექსპერტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ახალი კანონმდებლობა ამერიკელებს შორის საკვებთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელებას მნიშნველოვნად შეამცირებს.