სირიას შიმშილობა ემუქრება, რადგან ქვეყანაში ძირითადი საკვები პროდუქტის ცუდი მოსავალია, რაც საკვების უკმარისობას იწვევს. ეს მდგომარეობა სამოქალაქო ომით არის გამოწვეული- ამის შესახებ მსოფლიოს დახმარების სააგენტოები საუბრობენ. ჰენრი რიჯველი ლონდონიდან მოგვითხრობს იმის თაობაზე თუ, სატელიტით მიღებული გამოსახულებით როგორ ჩანს რეაქტიული რაკეტებით და ნაღმტყორცნებით ცეცხლის ალში გავხეული ქვეყნის ინფრასტრუქტურა.
ზაფხულის შუა პერიოდში, ალეპოს მიწაზე ხორბალი მოსავლის აღებისთვის მზად იყო. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში წელს ყველაზე ცუდი მოსავალი იქნება. ტყვიებისგან გადამწვარია მდელოები, რომელსაც სარაკეტო დარტყმების ნაკვალევი ეტყობა.
იმის შიშით რომ მოწეული მოსავალი შესაძლოა ნებისმიერ დროს ისევ განადგურდეს, ფერმერები ნაადრევად იღებენ მოსავალს.
არაბი ფერმერი ამბობს, რომ ამ წელს ხორბლის მოსავალს ნაადრევად იღებენ. სარაკეტო დარტყმები მუშაობაში ხელს უშლით. მომავალი წლისთვის მოსავლისთვის მიწას ვერ ამზადებენ, ვინაიდან ჩამოყრილი ნაღმების გამო მდელოზე ხანძარი ჩნდება.
მეცხვარეები ამბობენ, რომ მათი პირუტყვი შიმშილისგან იხოცება. განადგურების მასშტაბები სირიის ხელისუფლებას აიძულებს საზღვარგარეთის ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართოს, ამბობს „მაპლეკროფტის“ რისკების ანალიტიკოსი ენტონი სკინერი, რომელიც „ამერიკის ხმას“ სკაიპით გაესაუბრა.
ენტონი სკინერი: სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ -ასადის ამბიციას მხოლოდ საკუთარი ინტერესები წარმოადგენდა, რომ გაეძლიერებინა ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილ შეიარაღებულ ოპოზიციურ ძალებთან. ამან ფერმერების და მოსახლეობის საკუთარი სახლების იძულებითი მიტოვება გამოიწვია, მათ ვერ შეძლეს საკუთარი კულტურების დათესვა და მოყვანა, არ ჰქონდათ იმის პირობები, რომ მოსავალი მიეღოთ.
სკინერი ამბობს , რომ დასავლეთის სანქციები ბიზნესმენებისთვის დამასკოსთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაში ხელის შემშლელი ფაქტორია. გამორიცხული არ არის, ხელისუფლებამ ევროპაში არსებული გაყინული ანგარიშების გამოხსნა იმ მიზნით დააპიროს, რომ იმპორტიორებს საკვები პროდუქტების თანხა გადაუხადოს.
ევროკავშირი აცხადებს, რომ სირიის ანგარიშები, რომელთაც ყადაღა სანქციების თანახმად დაადეს, შესაძლოა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ისევ გათავისუფლდეს, ოღონდ იმ პირობით, თუკი დამტკიცდება, რომ ხელისუფლებას ფულის გამოყენება ჰუმანიტარული მიზნებისთვის სჭირდება.
ალეპოში, ბუსტან ალ-ქასრთან ვაჭრებმა საკონტროლო-გამშვები პუნქტი შექმნეს, რომელიც ამბოხებულების და ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ორად ყოფს. იმპროვიზებული თავდაცვა ხშირად საჭიროა, თუმცა არაადეკვატურია, აცხადებს ხილით მოვაჭრე.
მისი თქმით, სნაიპერის მიერ გახსნილი ცეცხლის მიუხედავად, ისინი მაინც ნორმალურ მუშაობას ახერხებენ. მათ ალაჰი იცავთ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც რაღაცას ცდილობენ.
“საერთაშორისო ამნისტიამ“ სატელიტური საშუალებით 2012 წლის ალეპოს მოსახლეობით დასახლებული პუნქტების გამოსახულებები მოიპოვა.
ორი თვის შემდეგ ეს ადგილები სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა. ორგანიზაციის ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ ომი მოსახლეობას ყოველდღიური, ძირითადი საკვების მოპოვებაში სირთულეებს უქმნის.
„საერთაშორისო ამნისტიის“ კრიტიკულ სიტუაციათა მრჩეველი, დონატელა როვერა ალეპოდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
დონატელა როვერა: ქალაქის ბევრი რაიონი ნანგრევებად იქცა. მოსახლეობის დიდი ნაწილი- ქალები, ბავშვები, მამაკაცები ამ ომს შეეწირა და დასახიჩრდა. ის ვინც ქალაქში დარჩა, შიმშილობის ზღვარზეა, მათთვის ყოველდღიურად საკვები პროდუქტის, თუნდაც პურის შოვნა დიდ სირთულეს წარმოადგენს.
გაეროს მსოფლიოს კვების ორგანიზაციის განცხადებით, ინტენსიური ბრძოლების გამო, ივლისში სირიაში საკვებით 3 მილიონიდან მხოლოდ 2,4 მილიონი ადამიანის დახმარება შეძლეს.