აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, მიჩიგანის დემოკრატი გუბერნატორის, გრეტჩენ უიტმერის გატაცების შესახებ შეთქმულების გამოაშკარავებისა და ჩაშლის თაობაზე, ხუთშაბათს განაცხადეს. სამართალდამცავებმა, გატაცების შეთქმულებაში ბრალდებული ექვსი ანტისამთავრობო ექსტრემისტი დააკავეს.
გუბერნატორის გატაცებაში ბრალდებულების მოტივაცია, შესაძლოა, უიტმერის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო, მკაცრი საკარანტინო ზომების ამოქმედება გამხდარიყო. თუმცა, სახელმწიფო ბრალდება ამ მიზეზის შესახებ დადასტურებით არ საუბრობს.
ფედერალური სასამართლოს ბრალდების მიხედვით, ექვსი დაკავებული, გუბერნატორის გატაცებას, სააგარაკე სახლიდან გეგმავდნენ, რის შემდეგაც ის უისკონსინში, გეგმის მიხედვით, წინასწარ შერჩეულ ადგილზე უნდა წაეყვანათ. ბრალდებულთაგან ხუთი მიჩიგანელია, ერთი კი დელავერიდანაა. ისინი, გუბერნატორს საზაფხულო რეზიდენციაში უთვალთვალებდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
„შესაძლოა, ჩვენ ვერ ვთანხმდებით პოლიტიკურ საკითხებზე, მაგრამ, ეს ძალადობაში არ უნდა გადაიზარდოს. წაყენებული ბრალდებები ღღმად შემაშფოთოებელია“ - აცხადებს მეთიუ შნეიდერი, აღმოსავლეთ მიჩიგანის პროკურორი.
მომხდარში, გუბერნატორი უიტმერი ნაწილობრივ პრეზიდენტ ტრამპსაც ადანაშაულებს, რადგან, გუბერნატორის განცხადებით, პრეზიდენტმა არ დაგმო თეთრი რასის უპირატესობის მომხრეთა ქმედებები. მათ შორის, არც პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან დებატების დროს.
„სიძულვილით მოტივირებულმა ჯგუფებმა მოისმინეს პრეზიდენტის სიტყვები და ის მოქმედებისკენ მოწოდებად აღიქვეს“ - აცხადებს გუბერნატორი.
სისხლის სამართლის საქმეში, არ არსებობს რაიმე მითითება, რომ დაკავებულები პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებით იყვნენ შთაგონებულნი. პრეზიდენტმა ტრამპმა, სულ ცოტა ხნის წინ, თეთრი რასის უპირატესობის მომხრეები და მათი მოქმედებები, ტელეკომპანია „ფოქსნიუსთან“ საუბრისას დაგმო, თეთრი სახლი კი გუბერნატორ უიტმერის განცხადებას „უცნაურს“ უწოდებს.
გარდა გუბერნატორის გატაცების შეთქმულთა, სამართალდამცავებმა სახელმწიფო ტერორის ბრალდებით, კიდევ 7 ადამიანი დააკავეს.
Facebook Forum