ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპელები ეგვიპტელ დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ


ევროპელები ეგვიპტელ დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ
ევროპელები ეგვიპტელ დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ

ევროპელები არაბულ სამყაროში მიმდინარე ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებს დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალ-ყურს. ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენები ევროპაში მწვავე დებატებს იწვევს, იუწყება პარიზიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლიზა ბრაიანტი.

რამდენიმე თვის წინ ევროპაში სახალხო დემონსტრაციების ტალღა აგორდა. დემონსტრანტები ფასების მომატებას, უმუშევრობასა და საგანგებო ეკონომიკურ ზომებს არპოტესტებდნენ. ხალხმრავალი დემონსტრაციები საბერძნეთში, ირლანდიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში გაიმართა. ახლა ევროპა ხმელთაშუა ზღვის გაღმა მდებარე არაბულ სახელმწიფოებში, ტუნისში, ალჟირსა და ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.

ნიუ იორკში მდებარე ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ჯერალდ სელენტე აღნიშნავს, რომ არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ევროპაზე პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს. სელენტეს მიაჩნია, რომ არაბებსა და ევროპელებს ერთი რამ ადარდებთ და ეს ეკონომიკა გახლავთ.

„როგორ გგონიათ რამდენად შეაწუხებდა ხალხს ავტორიტარული მთავრობა მათ რომ ფულის შოვნის საშუალება ჰქონდეთ? ავტოკრატი, დიქტატორი, დემოკრატია - ხალხი ამ ცნებებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, თუ ისინი კარგად ცხოვრობენ,“ აღნიშნავს სელენტე.

მკვლევარის აზრით 2010 წელს ევროპაში მომხდარი სახალხო დემონსტრაციები შემდგომი დესტაბილიზაციის მხოლოდ დასაწყისს წარმოადგენდა. სელენტეს სჯერა, რომ ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დემონსტრაციები მალე ევროპაში გადაინაცვლებს.

დღეს-დღეობით არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე ევროპაში ხშირად საუბრობენ. გასულ შაბათს ბელგრადის ქუჩებში ათი ათასობით სერბი გამოვიდა. ისინი მაღალ ფასებსა და უმუშევრობას აპროტესტებდნენ და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ. სერბული ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ტუნისსა და ეგვიპტეში მომხდარი ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები მთავრობებს ერთ გზავნილს აწვდის - რომ მათ ხალხს უნდა მოუსმინონ.

ამასობაში იტალიელ კომპიუტერულ ჰაკერთა ჯგუფმა სახელწოდებით „ანონიმი“ კვირას ბერლუსკონის მთავრობის პოლიტიკის პროტესტის ნიშნად იტალიის მთავრობის ვებ გვერდზე კიბერ თავდასხმა მოაწყო. აღსანიშნავია, რომ იტალიელმა ჰაკერებმა მსგავსი თავდასხმები ეგვიპტისა და ტუნისის მთავრობის ვებ გვერდებზე განახორციელეს.

მაგრამ ბრიუსელში საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლობის დირექტორს ოლივიე ჯეჰინს ეეჭვება, რომ ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები ევროპას მოედება.

„საგანგებო ეკონომიკური ზომების უმრავლესობა გასულ წელს მიიღეს. ალბათ რამდენიმე ქვეყანაში ახალი დემონსტრაციები გაიმართება, მაგრამ ამგვარი გამოსვლების მნიშვნელობა ჩრდილოეთ აფრიკაში მომხდარ მოვლენებს ვერ შეედრება. სახალხო გამოსვლები ალბათ ცალკეულ ქვეყნებსა და ბალკანეთის რეგიონში დაფიქსირდება,“ აღნიშნა ჯეჰინმა.

ლონდონში მდებარე კვლევითი ორგანიზაცია „ჩეთემ ჰაუსის“ მკვლევარი რიმე ალაფი ევროპულ და არაბულ საპროტესტო მოძრაობებს ერთმანეთს არ ადარებს.

„რასაკვირველია ევროპაში უკმაყოფილების ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ არაბულ სამყაროში სახალხო გამოსვლების მთავარი მიზეზი არა მხოლოდ ეკონომიკურ არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთხოვნებს უკავშირდება,“ დასძენს ალაფი.

ალაფი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპული დემორკატიები სრულყოფილი როდია, მთელი რიგი ავტოკრატული არაბული სახელმწიფოებისგან განსხვავებით ევროპაში აზრის გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება. ზოგიერთი ანალიტიკოსისგან განსხვავებით მკვლევარს არ სჯერა, რომ არაბული სამყარო აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის დაცემის მაგვარ ფაზას განიცდის.

XS
SM
MD
LG