ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს ბრიტანეთის მტკიცების მიმართ, რომელიც ამბობს, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ ნერვული აგენტით თავდასხმის უკან, „სავარაუდოდ“ რუსეთი დგას. ამის წინ სკეპტიკოსებმა აღნიშნეს, რომ შესაძლებლობა არსებობდა, ევროპა ასე ერთიანი არ ყოფილიყო. მაგრამ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიანიშნა, რომ მოსკოვის სავარაუდო მცდელობებმა, განხეთქილება დაეთესა, შედეგი ვერ გამოიღო.
„აქ, ბრიუსელში, მრგვალ მაგიდასთან, ცოტას თუ ნახავთ ისეთ ქვეყანას, რომელსაც ბოლო წლებში რაიმე სახის რუსული მავნე ან ძირგამომთხრელი საქციელი არ განეცადოს. ვფიქრობ , დღეს ჩვენი ევროპელი მეგობრების სიმტკიცე და ძლიერება ამიტომაც არის ასე თვალშისაცემი.“ თქვა ჯონსონმა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ევროპული სანქციების შესახებ მოლაპარაკებები ამჟამად არ მიმდინარეობს, შესაძლოა ამაზე მსჯელობა კვირის ბოლოს, ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრის დროს მოხდეს.
ორშაბათის განსახილველ საკითხებს შორის ირანიც იყო. ევროკავშირი ცდილობს ირანის ბირთვული შეთანხმება გადაარჩინოს, რომლიდან გამოსვლითაც ტრამპის ადმინისტრაცია იმუქრება. საფრანგეთს სურს, რომ 28 წევრიანმა ბლოკმა ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე იფიქროს, რომელმაც შესაძლოა ხელშეკრულებაში ვაშინგტონის დარჩენას ხელი შეუწყოს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრაიანმა თქვა, რომ ევროკავშირს მტკიცედ სურს ირანის ხელშეკრულებას პატივი ეცეს, მაგრამ ბლოკს ასევე, ირანის ბალისტიკური რაკეტების გავრცელებაზე და შუა და ახლო აღმოსავლეთში, სირიის ჩათვლით, მის საკამათო როლზე ერთობლივი პასუხის მოძებნა სჭირდება.
ბრიუსელში ევროპელი მინისტრების სამხრეთ კორეელ კოლეგასთან შეხვედრისას, ლე დრაიანმა ასევე თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეაზე წნეხის გაზრდა შედეგებს იძლევა. ჩრდილოეთ კორეის და შეერთებული შტატების ლიდერების დაგეგმილი შეხვედრის წინ, ევროკავშირი ფხენიანზე ახლანდელი ეკონომიკური შეზღუდვების შენარჩუნებას გეგმავს
Facebook Forum