ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრეგოროვა: საჭიროა [საქართველოში] განხორციელდეს რეალური და საგულდაგულო მართლმსაჯულების რეფორმა


ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ (მწვანეების ჯგუფი/European Free Alliance​) ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების განხილვაზე საქართველოს მთავრობას მიმართა.

„უპირველესად, საჭიროა დასრულდეს ქვეყნის საარჩევნო რეფორმა და არსებული საარჩევნო კამპანიის პრობლემების მოგვარება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად. საჭიროა განხორციელდეს რეალური და საგულდაგულო მართლმსაჯულების რეფორმა და სავალდებულოდ უნდა მოგვარდეს მოსამართლეების ნომინაციისა და დანიშვნის ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები. აგრეთვე - დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურების შექმნა შემთხვევების ეფექტიანად გამოსაძიებლად; საჯარო სამსახურებში წესიერებასა და ინტერესთა კონფლიქტზე საკანონმდებლო ნორმებისა და პრინციპების განხორციელება არის კორუფციასთან, დეოლიგარქიზაციასა და სახელმწიფოს მიტაცებასთან ბრძოლის არსებითი შემადგენელი ნაწილი.

მთლიანობაში, წლებია აღვნიშნავთ, რომ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა საქართველოში უკან მიდის. ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთი ევროპული მისწრაფების სურვილს. ეს გულისხმობს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვას, კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა და დაამატა: ამიტომაც, ჩემი გამოსვლის ბოლო ნაწილს გამოვიყენებ საქართველოს მთავრობის ან ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მისამართავად, რომლებიც ალბათ გვისმენენ: გთხოვთ, მიუდექით ამ დავალებას სერიოზულად და განახორციელეთ კომისიის თვალსაზრისში დასახელებული რეფორმები! იმუშვეთ ყველასთან პარლამენტში, ოპოზიციის ჩათვლით. საქმე არ ეხება პარტიებსა და ინდივიდებს. ეს არის ნამდვილად ისტორიული მომენტი თქვენი ქვეყნისთვის. მოცემულ მომენტში თქვენს გარდა არავინ გიშლით ხელს მიიღოთ კანდიდატის სტატუსი!“

ევროპარლამენტარის განცხადებით, პროდემოკრატიული რეფორმები არ იქნება სასარგებლო მხოლოდ ამ სწრაფვისთვის, არამედ ევროპარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიას, როგორც მედეგობის ფაქტორს იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებთ, რომელთა წინაშეც ეს ქვეყანა დგას.

XS
SM
MD
LG