თურქეთის ევროკავშირში შესვლის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირმა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ანკარასთან რამდენიმე თვით გადადო. ამ გადაწყვეტილებას ხელი გერმანიის აქტიურობამ შეუწყო, რომელიც აცხადებდა, რომ ეს უნდა იყოს ევროკავშირის სიგნალი თურქეთისთვის, სადაც ბოლო დროს განვითარებული საპროტესტო აქციების დროს თურქეთის ხელისუფლებამ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები დაშალა.
მოლაპარაკებების დაწყება ოთხშაბათისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების დაშლამ ევროკავშირის ბევრი ქვეყნის შეშფოთება გამოიწვია.
გერმანიის თაოსნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თურქეთთან მოლაპარაკებების გადადებას უყარეს კენჭი. ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა ოქტომბრისთვის გადაიდო.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ ამ საკითხზე განცხადება გააკეთა.
გიდო ვესტერველე: ერთი მხრივ ევროკავშირი თურქეთში განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებზე თვალს ვერ დახუჭავს. ხოლო მეორეს მხრივ, ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს რომ თურქეთთან დაკავშირებით მათი გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები დაცულია.
ლონდონში არსებული პოლიტიკის ჯგუფის „ღია ევროპის“ მკვლევარი პაველ სვიდლიცკი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გადადების თაობაზე პრაგმატული ნაბიჯი იყო.
პაველ სვიდლიცკი: ეს ყველა მონაწილისთვის საკუთარი თავის გადარჩენის ერთგვარი გზა არის. არავის არ სურს იმის თქმა, რომ ეს პროცესი არსაით არ მიდის, ამდენად ყველა შეთანხმდა გერმანიის შემდეგ არჩევნებამდე პროცესი შეაჩერონ, ვინაიდან ეს შეიძლება სადავო საკითხი იყოს არჩევნებზე.
არჩევნები გერმანიაში სექტემბერში ტარდება. თავის წინასარჩევნო მანიფესტში კონსერვატორი კანცლერი ანგელა მერკელი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
გერმანია-თურქეთის სავაჭრო პალატაში გამოსვლის დროს, მერკელმა საპროტესტო აქციებთან მიმართებაში კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.
ანგელა მერკელი: არ მსურს იმ ფაქტის დამალვა, რომ თურქეთში განვითარებული მოვლენებმა შოკში ჩამაგდო. იმედი მაქვს, რომ დიალოგის გზით შეთანხმება შესაძლებელი იქნება.
სტამბოლში და თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში სამკვირიანი შეტაკებების დროს ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და 7500 დაშავდა.
ბევრი ევროპელი ლიდერი აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას.
თუმცა თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი უკანდახევას არ აპირებს - პოლიციის ქმედებას მან გმირობა უწოდა. საპროტესტო აქციებამდე დიდი ხნით ადრე ერდოღანმა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი დაკარგა, აცხადებს ლოდონის „ჩეთემ ჰაუსის“ პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი ფადი ჰაკურა.
ფადი ჰაკურა: ნაწილობრივ ეს გრძელვადიანი პროცესით და იმითაც აიხსნება რომ ევროკავშირის ქვეყნებს, გერმანიას და საფრანგეთს არ სურთ რომ თურქეთი მალე შეუერთდეს ევროგაერთიანებას.
თუმცა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად დიდ ბრიტანეთიც მიესალმება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. ამის შესახებ ისევ პაველ სვიდლიცკი საუბრობს.
პაველ სვიდლიცკი: ევროპაში არსებული სერიოზული პრობლემების ფონზე, როდესაც პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოგრაფიული სტაგნაციაა, თურქეთს უზარმაზარი ეკონომიკური შესაძლებლობა გააჩნია. თურქეთის დინამიკასთან შედარებით ეს პრობლემები ძალიან აშკარაა.
ქალაქ სტამბოლის მერის ინფორმაციით ამ საპროტესტო აქციებს შეიძლება 2020 წელს სტამბოლში ზაფხულის ოლიმპიადის გამართვის იდეა შეეწიროს. ორგანიზატორები მასპინძელ ქალაქს სექტემბერში დაასახელებენ, და ქალაქის ხელმძღვანელი პირები შიშობენ, რომ სტამბოლში განვითარებული მოვლენების ფონზე ორგანიზატორები უპირატესობას ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით მადრიდს ან ტოკიოს მიანიჭებენ.